საავტორო სტუდია

ალტი, როგორც ლოცვის საშუალება – ინტერვიუ გიორგი ცაგარელთან

 photo ts3_zpsxckg77o1.jpgნ.ჯ. – ისეთი დაკავებული გრაფიკით ცხოვრობთ, რომ ვფიქრობ არასდროს რჩებით თქვენს თავთან მარტო, არასოდეს უსმენთ მუსიკას დასვენების მიზნით, არ ხართ სპორტით დაკავებული. ვცდები?

გ.ც. – საბედნიეროდ მხოლოდ ცოტაოდენი ხნის წინ გავხდი დაკავებული, რადგან ძალიან კარგმა აგენტმა ამიყვანა და თან გია ყანჩელის საიუბილეო წელმაც განაპირობა ის, რომ საშუალოდ თვეში ორჯერ მიწევს მის საიუბილეო კონცერტებში მონაწილეობის მიღება სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ორკესტრებთან ერთად. რაც რა თქმა უნდა არ მიტოვებს დიდ დროს , მაგრამ დღე არ გადის მუსიკის მოსმენის გარეშე. დაკვრა უფრო მიყვარს თუ მოსმენა ჯერ ვერ გამიგია.
რაც შეეხება სპორტს, ბავშვიბიდან ფეხბურთს ვთამაშობდი (მეკარე ვიყავი) თუმცა ბოლო დროს აღარ გამოდის. იმ “ჰოხშულეებში”, სადაც ვსწავლობდი, გერმანიასა თუ შვეიცარიაში, ფეხბურთის ტურნირებს ხშირად ვატარებდით. თუმცა, წელს კონცერტი გვქონდა ლუცერნის “Zauberzee” ფესტივალზე სადაც სამების გუნდის ბიჭებთან ერთად, რეპეტიციების შემდეგ, რამდენიმე საათი ვთამაშობდით ფეხბურთს, რაც, ჩემი აზრით, ნებისმიერ კოლექტივს ბევრად უფრო ამეგობრებს. ბევრ მუსიკალურ ფესტივალს სპორტული პროგრამებიც სწორედ ამ მიზნით აქვს შეტანილი.

ნ.ჯ. – ის არტისტი ბრძანდებით, რომელმაც მოახერხა დარჩენილიყო ურთულეს ქვეყანაში, საქართველოში, და იყოს წარმატებული, კონცერტებით დატვირთული მუსიკოსი. რამ განაპირობა ეს?

გ.ც. – პირველ რიგში ეს განაპირობა ძალიან დიდმა სურვილმა, ყველანაირად გვერდში დავდგომოდი და დავხმარებოდი სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს და ნიკას (ნიკოლოზ რაჭველს (რედ)). ძალიან მიხარია, რომ ამ ორი წლის განმავლობაში საქართველოში შევქმენით  საუკეთესო ორკესტრი. ეს მრავალი უცხოელი და ქართველი მუსიკოსის აზრია, ვინც მოსწრებია ქართული ორკესტრების რამდენიმე თაობას, განსაკუთრებუთ გამოყოფენ ბრასის და ხის ჩასაბერთა ევროპულ და რბილ შესრულების მანერას, ძალიან სუფთა ინტონაციას, რომელსაც ჩვენი ბრწყინვალე მუსიკოსები კონცერტიდან კონცერტამდე უფრო და უფრო ხვეწენ. ასევე ორკესტრის სიმებიან ჯგუფს დაემატა რამდენიმე სოლისტი, რამაც ძალიან გააძლიერა სიმებიანთა ჯგუფი. თუმცა ჩასაბერებისგან განსხვავებით უხარისხო სიმებიანი ინსტრუმენტები კვლავ დიდ პრობლემად რჩება, რაც, რა თქმა უნდა, საერთო შესრულების ხარისხზე აისახება. ახალგაზრდა სოლისტებით (რამდენიმე მათგანი უცხოეთიდან დაბრუნდა, რაც უკვე მრავლისმთქმელია) დაკომპლექტებული შესანიშნავი და ძალიან პერსპექტიული ორკესტრი, რომელიც პირველი და სამწუხაროდ ერთადერთია ჯერჯერობით საქართველოში და პოსტ საბჭოთა სივრცეში, სადაც მსგავსად დასავლური ორკესტრებისა, სამხატვრო ხელმძღვანელს ორკესტრი თავად ირჩევს  და ორკესტრის საბჭო წყვეტს აბსოლუტურად ყველა საკითხს. ასევე ამ ორკესტრს ჰყავს საპატიო საბჭოს წევრები პაატა ბურჭულაძე, შალვა მოსიძე, ლექსო თორაძე, იოსებ ბარდანაშვილი და საბჭოს საპატიო თავჯდომარე გია ყანჩელი, რაც, რათქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია და უცხოეთშიც ბევრად უფრო მეტი შანსია კონცერტების დაგეგმვის, როდესაც ორკესტრს გვერდში მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები ჰყავს. მე გახლავართ ორკესტრის artiste in residence (ეს მიღებული პრაქტიკაა ყველა დასავლურ ორკესტრში), რაც იმას ნიშნავს, რომ გრძელვადიანი კონტრაქტი მაქვს კონკრეტულ ორკესტრთან და ვალდებული ვარ შემოთავაზებულ კონცერტებში დავუკრა. ამან მომცა საშუალება რამდენიმე ისეთი ნაწარმოების შესრულებისა, რასაც ამ ეტაპზე ევროპაში ვერ შევძლებდი. ჩვენი კონცერტებითა და ფესტივალების წყალობით გავიცანი და ვთანამშრომლობ ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან კიმ კაშკაშიანი, ანდრეს მუსტონენი, დავიდ გერინგასი, არიელ ცუკერმანი, ტიგრან მანსურიანი, სერგეი ნაკარიაკოვი და მრავალი სხვა. ძალიან დიდი გამოცდილრბა იყო აქ ყოფნა ჩემთვის და საერთოდ მიმაჩნია, რომ მთავარია ხშირი და ხარისხიანი კონცერტების ჩატარება. სამწუხაროდ ისე ხდება ხოლმე, რომ ძალიან ბევრი და არაჩვეულებრივი მუსიკოსი იკარგება სხვა და სხვა მიზეზების გამო უცხოეთში და ისე გადის თვეები და წლებიც კი, რომ ვერ ახერხებენ კონცერტების გამართვას. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ნიკოლოზ რაჭველს და სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს, ასეთი ნდობისა და თანამშრომლობისათვის. როგორც ზევით ვახსენე, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა შესანიშნავი აგენტი, რომლის მეშვეობითაც იგეგმება ჩემი კონცერტები და მომავალში შეიძლება კვლავ დავბრუნდე დასავლეთში, თუმცა მე მუდამ ვარ და ვიქნებიჩვენიორკესტრის გვერდში!

ნ.ჯ. – ვინ იყო ის მთავარი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში, რომელმაც თქვენი პროფესიის ყველაზე მნიშვნელოვანი გასაღები გადმოგცათ? თქვენ თვითონ თუ აპირებთ პედაგოგობას?10731204_717599868354912_5047647407915012532_n

გ.ც. – ესენი იყვნენ ბორის ჭიაურელი, ვინც შემომთავაზა მის ბავშვთა კვარტეტში ალტზე დაკვრა და მისივე თხოვნით აღმოვჩნდი ნონა გოლოვინასთან, რომელიც ვიოლინოს მასწავლებელი გახლდათ და ისევე როგორც მე, პირველად შეეხო იგიც ალტს. მისი დამსახურებაა ბევრი რამ ჩემს საშემსრულებლო ტექნიკაში. მან მასწავლა ბგერაზე მუშაობა, ბგერის იდეალურ მდგომარეობამდე მიყვანა და სხვადასხვა ფერის მიღება. აი ამ ორმა ადამიანმა განაპირობა ბევრი რამ. მიუხედავად იმისა, რომ მათ შემდეგ ბევრი ბრწყინვალე პედაგოგი მყავდა და ეხლაც ხშირად ვიღებ კონსულტაციებს (ხანდახან ტელეფონითაც კი) იური ბაშმეტისგან, მაინც ისინი რჩებიან ყველაზე ჩემთვის განსაკუთრებულებად. სამწუხაროდ ირივე გარდაცვლილია. თუ ოდესმე ვინმეს დასჭირდება ჩემი აზრის გაგება და ჩემი ცოდნა ვინმეს გამოადგება, რატომაც არა?!

ნ.ჯ. – რა გაკავშირებთ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიასთან? თუ იცნობთ დღევანდელ სტუდენტებს? თქვენი აზრით როგორ უკრავენ ალტზე კონსერვატორიის სტუდენტები?

გ.ც. – თბილისის კონსერვატორიაში ოთხი წელი ერთერთ ყველაზე ბედნიერ წლებად მახსენდება. რაც მთავარია მქონდა საშუალება მემუშავა საკუთარ თავზე, ყოველგვარი პედაგოგების მხრიდან ჩარჩოებისა და ჩარევების გარეშე. ყველაზე კარგი პედაგოგი ალბათ მაინც საკუთარი ყურია, უბრალოდ პედაგოგი გაჩვენებს სწორ და მარტივ გზებს. სამწუხაროდ არ ვიცნობ კონსერვატორიის ამჟამინდელ სტუდენტებს, მათი გამოკლებით ვინც სიმფონიური ორკესტრში უკრავენ. თუმცა სტუდენტ ალტისტს არავის ვიცნობ

ts2ნ.ჯ. – რას ნიშნავს თქვენთვის გამოთქმა – არ შემიძლია

გ.ც. – ადამიანი თუ მოინდომებს მჯერა ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს მიაღწევს. აი, მონდომება და საკუთარი თავის დაჯერებაა ხოლმე რთული. რაშიც ვყოფილვარ დარწმუნებული და სადაც მხოლოდ თვითშთაგონებით მისარგებლია, იქარ შემიძლია“ არ არსებობს. თუმცა არც უმაგისობაცაა ხოლმე. თუმცა, მაინც განწყობის თეორიაა ყველაფერი! )))

ნ.ჯ. – ხშირად საუბრობენ მუსიკოსები მსმენელზე და იძახიან, რომ დარბაზში სამხრეთელი მსმენელი უფრო მოუსვენარია ვიდრე ჩრდილოეთის. მაინტერესებს აუდიტორიის შესაბამისად თქვენ თუ ცვლით ნაწარმოების საშემსრულებლო ინტერპრეტაციას?

გ.ც. – იყო ასეთი შემთხვევა როდესაც გია ყანჩელის – ინსთედ ოფ ტანგოში – ფინალური, რამდენიმე „ფორტეიანი“ აკორდი ჩაგვიმატებია. სხვანაირად უბრალოდ დამთავრებას ვერც გაიგებდნენ)) თუმცა ეს დასაშვებია სატელევიზიო, ან გალა კონცერტებზე, სადაც შოუს ელემენტები და ეფექტური ნიუანსები ხანდახან ძალიან საჭიროა. როგორც აქ ასევე სხვა ქვეყნების აუდიტორიასთანაც. კომპრომისი ამ მხრივაც არ მიყვარს და განცდაც ერთი და იგივე მაქვს ამა თუ იმ ნაწარმოების შესრულებისას ეს იქნება ა... ეუროპის რომელიმე ქვეყანა, რუსეთი თუ საქართველო.

ნ.ჯ. – უნდა ერეოდეს თუ არა შემოქმედი ქვეყნის პოლიტუკურ ცხოვრებაში?

გ.ც. – რა თქმა უნდა! რაც უფრო წარმატებული და ცნობადი ხარ შენს საქმეში, მით უფრო მეტად უნდა იყო ჩართული შენი ქვეყნის შიდა თუ გარე მოვლენებში, რადგან საქართველოში ხომ ყველა ერთმანეთის რეაქციას ველოდებით მუდამ... ამიტომ ბიძგი და მაგალითი უნდა იყო ხოლმე სხვისთვის, რადგან შენს აზრს და ქმედებას შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანის გაერთიანება. შენს სიტყვას შეუძლია დააფიქროს ჩვენს მიერ დაქირავებული „ჩინოვნიკი“ და რაც უფრო წარმატებული ხარ, რაც უფრო დიდ სიყვარულს და პატივისცემას იღებ საზოგადოებისგან, მით უფრო მეტი სასიკეთო საქმეების მომტანი უნდა იყო ქვეყნისთვის. მე ვგულისხმობ უსამართლობაზე ხმის ამოღებას, ქალაქებში პარკების გაჩეხვასა და უკანონო მახინჯი შენობებით ჩანაცვლებაზე რეაქციას, თუნდაც მაგალითის მიცემას სხვებისთვის ბუნებისა და ქუჩების დანაგვიანებასთან დაკავშირებით და ა.. ანუ ელემენტარულ საკითხებს ვგულისხმობ და არა ისეთ პოლიტიკურ საკითხებში ჩარევას, სადაც შენი ცოდნა და კომპეტენცია სრულებით არ იქნება საკმარისი. როდესაც ჩვენს პარლამენტს გადახედავთ, მიხვდებით რომ იმ შემოქმედთა ნაწილი ვინც პოლიტიკაში წასვლა არჩია ბევრად უფრო რეზულტატიანი იყო თავის სფეროში, ვიდრე დღევანდელ მათ საქმიანობაში. უსამართლობაზე ყველაზე მეტად ვბრაზდები ვერასოდეს შევეგუები! ასევე კრიტიკული ვარ ისეთი საკითხების მიმართ, სადაც ელემენტარული კეთილი ნებაა ხოლმე საჭირო და უპრობლემოდ მოგვარდება ესა თუ ის საკითხი, მაგრამ გულგრილობა, უპასუხისმგებლობა!!! ან სიზარმაცეა ხოლმე ამა თუ იმ საკითხის მოგვარების წინაღობა. ჩემი აზრით თავის ტკივილის თავიდან მოშორებაა იმ შემოქმედთა ის პოზიცია: „მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, პოლიტიკა ჩემი საქმე არაა“ და ა.. რა თქმა უნდა, როდესაც შემოქმედი ხარ, შენ ყველას ეკუთვნი, ყველასთვის ქმნი, მაგრამ შენც ისეთივე ნაწილი ხარ საზოგადოების, როგორც სხვა პროფესიის მქონე ადამიანი. მათი პრობლემები შენი პრობლემებიცაა, და სანამ ყველანი თავს არ ვიგრძნობთ საზოგადოების ნაწილად, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის მამოძრავებელი ძალა დაქირავებული მინისტრებით, მანამდე მუდამ სხვისი შემყურე, ვიღაცის იმედათ მყოფი ბრბოსავით ვიქნებით.

ნ.ჯ. – დამეთანხმებით, რომ რაც არ უნდა პროფესიულად გამართული იყოს მუსიკოსი, ამის ყველაფერი უკან დგას პიროვნება სხვადასხვა ადამიანური თვისებებით. თქვენი აზრით, რა თვისებებით უნდა იყოს სავსე  ეს ადამიანი, რომ მან შეძლოს მიაყენოს მსმენელს ბედნიერების, აღფრთოვანების, სიამოვნების განცდა?

გ.ც. – ეს კითხვაც წინა თემის გაგრძელებაა. მე როდესაც მსმენელის რანგში ვარ ხოლმე და ვიცი, რომ აი, ამ ხელოვანს არასოდეს ხმა არ ამოუღია უსამართლობაზე, ან მხარს უჭერს იმათ ვინც შავზე თეთრს გვიმტკიცებს და საერთოდ არ აქვს არანაირი პროტესტის გრძნობა ამა თუ იმ სიმახინჯეებზე აღარ მჯერა მისი გულწრფელობის, მეც სუბიექტური ვხდები მის მიმართ და განწყობის თეორია იწყებს ჩემში მის მიმართ ანტიპათიის გაღვივებას. ვერც მოვუსმენ, ვერც წავიკითხავ, ვერც შევხედავ მის შემოქმედებას! პიროვნულ თვისებებს არანაირ ყურადღებას რა თქმა უნდა არ ვაქცევ, მაგრამ თუ საზოგადოთ მიკერძოებულია და არ შეუძლია იყოს თავისუფალი, კომფორმისტია ან მლიქვნელი, იქ მთავრდება ჩემთვის ყველაფერი!

ნ.ჯ. – როგორ იწყებთ მუშაობას სრულიად ახალ ნაწარმოებზე?

გ.ც. – ვცდილობ ჯერ ჩემით ვიგრძნო და შემდეგ მოვისმინო იმ ნაწარმოების ჩანაწერი. თუმცა, ხომ არის ისეთი ნაწარმოებები რომელიც მოსმენილი გაქვს, მაგრამ არ შეგისრულებია. ამ შემთხვევაში ვცდილობ სმენით ვისწავლო ის ადგილები, სადაც მელოდიური ხაზია და რთული სტრუქტურები არაა. რამდენიმეჯერ მომიწია პრემიერის შესრულება. არასოდეს დამავიწყდება სულხან ნასიძის 1987 წელს დაწერილი ალტის კონცერტის პირველი შესრულების პასუხისმგებლობა და საოცარი განცდაასევე, ძალიან გამორჩეული იყო ზვიად ბოლქვაძის „ინ მემორიამზე“ მუშაობა. ძალიან მოკლე დროში ურთულესი ნაწარმოების პრემიერა უნდა მოგვესწრო, ამიტომ იყო რთული. რაც დრო გავა მით უფრო სხვანაირად გავიაზრებ და შევასრულებ. იცი ეხლა როგორ ვემზადები 12 ახალი პრემიერისთვის. ეს ალტის რეპერტუარისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და უდიდესი პასუხისმგებლობაა. ძალიან მიხარია, რომ შენც დამიწერე და ვეცდები როგორც შენი, ასევე სხვა კომპოზიტორების ჩანაფიქრის მაქსიმალურად მიტანას მსმენელამდე. გამტარის, შემსრულებლის როლი პრემიერის დროს უმნიშვნელივანესია. შენც იმ მომენტში ამ ნაწარმოების შემქმნელი ხარ, როგორც მიაწოდებ მსმენელს, ისეთი რეაქცია ექნებათ მათაც. ნაწარმოების წარმატება მხოლოდ შენზეა დამოკიდებული და თანაც მომდევნო შემსრულებლებიც ხომ შენს მიხედვით აიღებენ ორიენტაციას, შენით იხელმძღვანელებენ.

ნ.ჯ. – ალტი ჩემთვის განსაკუთრებით სათუთი საკრავია. მას აგრესიაზე ვერ ალაპარაკებ, თუმცა გამოსდის. ბევრ საკრავს არეგულირებს ერთმანეთთან, თითქოს ტემბრების გამაწონასწორებელია. თქვენთვის როგორია ის?

გ.ც. – რადგან თითქმის არ დავდივარ ეკლესიაში და მოძღვარის აუცილებლობასაც არ განვიცდი, ამიტომ ალტი თითქოს მაკავშირებელია ამ სამყაროდან იმ სამყაროსთან. ეს ჩემთვის ლოცვის საშუალებაა. ალბათ ამიტომ იმ ბგერებს, რომლებიც მოქცეულია მეცო პიანოში და ქვევით, ვაქცევ ყველაზე დიდ მნიშვნელობას. ყველაზე გამორჩეული და იდუმალი, ხარიზმატული და უმშვენიერესი ინსტრუმენტია. ადამიანისტემბრთანყველაზემეტადმიახლოებული.ჩემთვის თანამედროვერეალობიდანგაქცევისყველაზესაუკეთესოსაშუალებაა

ts 5ნ.ჯ. – რა როლი აქვს აუდიტორიას რეპერტუარის შერჩევაში?

გ.ც. – იმ პუბლიკასთან, რომელიც თითქმის არასოდეს ყოფილა კლასიკურ მუსიკის კონცერტზე, ალბათ აზრი არ აქვს ისეთი ნაწარმოებების შესრულებას, რასაც ვერ გაიგებს. ეს ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს პუბლიკაზე. შემსრულებელმაც რაღაც მხრივ უნდა აღზრადოს პუბლიკა, ნელნელა შეაჩვიოს ამა თუ იმ მიმდინარეობას. იმ ქვეყნებშიც კი, სადაც სისხლში აქვს მოცარტი და ბახი, მაინც უამრავ საგანმანათლებლო კონცერტებს მართავენ ბავშებისა და თინეიჯერებისთვის, რადგან ახალგაზრდა თაობაში არც თუ ისე პოპულარულია კლასიკური მუსიკა. ამიტომ რაიმე ექსპერიმენტს თუ არ აქვს ადგილი, ყველგან ვერ შეასრულებ მაგალითად პენდერეცკის ან ქსენაკისს. არა?!

ნ.ჯ. – მე ჩავატარე ასეთი ექსპერიმენტი ჩემს მოსწავლეებთან. მეორე კლასის მოსწავლეებს მოვასმენინე სწორედ ქშიშტოფ პენდერეცკის “Threnody for the Victims of Hiroshima”. პრაქტიკაში გვქონდა მუსიკის მოსმენა და შემდეგ აზრის გამოთქმა. მათ ეს ნაწარმოები ძალიან იოლად აღიქვეს, უბრალოდ აღნიშნეს ის ემოციები რაც გაუჩნდათ. თუ ჰაიდნის სიმებიანი კვარტეტების მენუეტების მოსმენის დროს ცეკვავდნენ, ამ მუსიკაზე პირდაპირ თქვეს, რომ შავი ღრუბლების მუსიკააო. მე ვფიქრობ, რომ ყველანაირი მუსიკისთვის მზადაა მსმენელი, თუ ის უბრალოდ მზადაა მოსასმენად და და ამ მუსიკის გასაგებად.

ახლა ისევ კითხვა – ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ არსებობოს ისეთი ტელევიზია, სადაც იქნებოდა საუბარი პროფესიულ ხელოვნებაზე და მათ წარმომადგენლებზე. რას ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი? ჩემთვის ის მიზეზი გაუგებარია, როდესაც იძახიან, რომ ეს სფერო მაყურებელს არ აინტერესებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მე და ჩემნაირებს არ თვლიან მაყურებლად, მსმენელად.

გ.ც. – მიზეზი ფულია. რეიტინგი, რეკლამა. ტელევიზიამაც უნდა გაზარდოს მაყურებელი. თუმცა ეს ალბათ საზოგადოებრივი მაუწყებლის პრეროგატივაა. კერძო ტელევიზიებს ვერ დაავალდებულებ. თვითონ კი რეიტინგზე ფიქრობენ მხოლოდ. ამ თემას უფრო განათლებასთან მივყავართ. თუმცა ახალგაზრდა თაობა, რომლებმაც დიპლომების ყიდვის ნაცვლად, თავის ცოდნითა და სწავლით ჩააბარა უნივერსიტეტებში, სულ ცოტა ხანში კარდინალურად შეცვლიან საერთო მდგომარეობას და შემეცნებითი და ხარისხიანი მუსიკისა თუ კინოს მოთხოვნაც გაჩნდება სატელევიზიო სივრცეში.

ნ.ჯ. – „განშორება“ ლიზას ხმა და საკრავიერი კვინტეტი, ვფიქრობ ის ნომერია, რომელიც შესაძლოა ისეთ პროგრამად იქცეს, რომელიც რეგულარულად შესრულდება, რომელიმე საკონცერტო დარბაზში ან მყუდრო კლუბში, სადაც მსმენელი რეგულარულად შეძლებს მოვიდეს და მოგისმინოთ. ხომ არ გაქვთ ჩაფიქრებული ისეთი პოგრამის შექმნა ლიზასთან ერთად? არაკომფორტულია ის ფაქტი, რომ კონცერტები ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ფესტივალებად და ღონისძიებებადაა დაყოფილი, ამიტომ სულ რაღაცა ფორსმაჟორული მდგომარეობის შეგრძნებაა; არაა რეგულარულობა. ვფიქრობ კარგ ტონს იძლევა ის, რომ იცი, რომ ყოველი თვის ბოლო კვირას მიხვალ იქ და მოისმენ იმას რაც მოგწონს, რისი მოსმენაც გინდა…

გ.ც. – რამდენიმე ქვეყანაში გვაქვს მსგავსი პროექტები დაგეგმილი. ეხლა ბრიუსელში და ასტანაში მსგავს რეპერტუარასაც შევასრულებთ. თბილისშიც გვაქვს ჩაფიქრებული ჩვენს მეგობრებთან ერთად ახლო მომავალში მსგავსი კლუბის გაკეთება. ცოტა ხანში საჯაროდაც ვისაუბრებთ ამაზე. ბოლო დროს სადაც არ შევასრულეთ „განშორება“ თუ სხვა მსგავსი ნიკას არანჟირებით გაკეთებული ძველი უკვე კლასიკად ქცეული ქართული თუ უცხოური სიმღერები, დიდი მოწონება ჰპოვა. ამიტომაც სერიოზულად დავფიქრდით ამ ჟანრზეც.

ნ.ჯ. – კულტურული პოლიტიკის ნაწილია ეს ყველაფერი, პოლიტიკის რაც ჩვენთან არ არსებობს. არის ერთეული ადამიანების ფანტაზიასა და სურვილებზე აგებული რაღაც მოვლენები, რომელსაც მმართველი დონორები ან აფინანსებენ ან არა. როგორ ფიქრობთ რა განათლების მქონე ადამიანებმა უნდა მართონ, უფრო სწორედ ჯერ შექმნან კულტურის პოლიტიკა?

გ.ც. კულტურაში აუცილებლად უნდა ჩაიდოს დიდი თანხები. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი, რათა მსოფლიოში გავხდეთ წარმატებულები სწორედ რომ კულტურის სწორი პოლიტიკის გატარების შედეგად. თუმცა, პირველ რიგში სხვა რამდენიმე მესამე ქვეყნის მსგავსად ბავშვების განათლებაში, ბავშვთა სპორტში, ბავშვთა ორკესტრებსა და სხვა და სხვა ხელოვნების დარგებში უნდა ჩაიდოს ფინანსები და ენერგია. ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი. სხვანაირად ცოტა ხელოვნურს დაემსგავსება ყველანაირი კულტურის პოლიტიკა.

 photo ts 4_zps1gnt7odt.jpg

ნ.ჯ. – გიორგი, „საავტორო სტუდია“ გილოცათ წარმატებულ კონცერტს, რომელიც ჩატარდა ბერლინის კონცერტჰაუზში. კონცერტი ეძღვნებოდა გია ყანჩელის 80 წლის იუბილეს. რითი იყო ეს კონცერტი თქვენთვის გამორჩეული?

გ.ც. – ალბათ რაც აქამდე მქონია ყველაზე მნიშვნელივანი კონცერტი იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ევროპულ ძალიან მაღალი რანგის ორკესტრთან და პრესტიჟულ დარბაზებში დამიკრავს, ეს მაინც ყველაზე მნიშვნელივანი იყო, რადგან გია ყანჩელის 80 წლისადმი მიძდვნილი კონცერტი ეს ძალიან დიდი რამ არის. არა მხოლოდ ჩემთვის, ნიკასთვის, ან ეროვნული სიმფონიური ორკესტრისთვის. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიო მნიშვნელობის კონცერტი გაიმართა. რადგან გია ყანჩელი წელს განსაკუთრებით მსოფლიო კლასიკური მუსიკის მოყვარულთა ეპიცენტრშია, მითუმეტეს ეს საღამო მასთან ერთად ასევე ჩვენი დროის გენუალურ კომპიზიტორის არვო პიარტის 80 წლისთავსაც ეძღვნებოდა. თანაც ბერლინში, ქალაქში, სადაც ორივე კომპოზიტორმა საბჭოთა ქვეყნის შემდეგ განაგრძო მოღვაწეობა და სწორედ ეს ქალაქი გახდა მსოფლიოში მათი ასეთი აღიარების ადგილი. კონცერტჰაუსი კი ერთერთი საუკეთესო დარბაზია ჩვენს პლანეტაზე. თანაც ჩვენი ორკესტრი უკრავდა, რაც ორმაგად საამაყო და მნიშვნელივანი იყო. ჩვენი ქვეყნის კულტურულ განვითარებაში. ამ კონცერტმა უკვე გარკვეული როლი ითამაშა და ძალიან მადლიერი ვარ დუდანა მაზმანიშვილის, რომელიც ამ კონცერტში არაჩვეულებრივი პიანისტის რანგის გარდა, ამ ყველაფრის ორგანიზატორის რანგშიც წარსდგა. მოგეხსენებათ იგი საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშეა გერმანიაში. მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის კლასიკური მუსიკის განვითარებაში. ვფიქრობ, ისტორიული დღე იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება შემესრულებინა გია ყანჩელის „საილენთ პრეიერი“ ანდრეს მუსტონენთან ერთად და „სტიქსი“, რომლის გარეშეც ალბათ ვერც წარმოგვედგინა გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტი, სადაც გუნდის მოძიებასა და მათ მომზადებაში ძალიან დაგვეხმარა ნიუნბერგში მოღვაწე, არაჩვეულებრივი მუსიკოსი, დირიჟორი, ჩვენი თანამემამულე გოჩა მოსიაშვილი. ახლა ვემზადები ბრიუსელში, თბილისში, ქუთაისში, კიევში, ბაქოში, ტალინსა და სხვა ქალაქებში დაგეგმილ ყანჩელის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო კონცერტებისათვის, სადაც მის სულ სხვადასხვა ნაწარმოებებს ვასრულებ. და ეს ფაქტიც ძალიან მაბედნიერებს, რომ მას ამდენი ნაწარმოები აქვს დაწერილი ალტისათვის, პლიუს ემატება კინო და თეატრის მუსიკიდან 20 მინიატურა, რომელთა ვერსიაც ჩემთვის და ნიკასთვის გააკეთა.

ნ.ჯ. – ბოლო სიტყვა თქვენია, თქვით რისი თქმაც გსურთ თქვენი თაყვანისმცემლებისთვის?

გ.ც. – თქვენც ისეთივე შენადგენელი ნაწილი ხართ პერფორმანისა, როგორც შემსრულებელი. უთქვენოთ არანაირი აზრი არ აქვს პერფორმანსს. ძალიან დიდი მადლობა ამხელა სითბოს და სიყვარულს რომ ვიღებ სოციალურ ქსელში თუ კონცერტებისას. პირობას ვდებთ მეც, ნიკაც, არაჩვეულებრივი ანიტაც (რაჭველიშვილი (რედ.)), წარმატებული დავით ალადაშვილიც და მთელი ჩვენი შემოქმედებითი გუნდი, რომ მაქსიმალურად ბევრი კონცერტებს ჩავატარებთ და რაც მთავარია სხვადასხვა რეგიონებში. დიდი მადლობა ბათუმელებს, რომლებმაც მითი დაამსხვრიეს იმის შესახებ, რომ ამ ქალაქში კონცერტებზე არ დადიან… ოქტომბერში კი ქუთაისში გვაქვს გია ყანჩელის საიუბილეო კონცერტი დაგეგმილი.

ასე რომ მალე შევხვდებით!

ნინო ჯანჯღავა

2015 წელი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”