საავტორო სტუდია

XX საუკუნის მუსიკის შეთხზვის მეთოდების ზოგადი მიმოხილვა

CrumbSpiralსაუკუნის მუსიკის შეთხზვის მეთოდების ზოგადი მიმოხილვა

მუსიკოსები ყოველთვის ეძებდნენ თვითგამოხატვის ახალახალ ფორმებს. ამ ძიებების საფუძველზე XX საუკუნეში შეიქმნა საკომპოზიტორო გამოხატვის ახალი ხერხები.  საკომპოზიტორი ტექნიკა ეს არის მეთოდების ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება მუსიკის შეთხზვის პროცესში. ეს ეხება მუსიკალური მასალის დამუშავებასა და ორგანიზაციას, მის ჩაწერას, კონვერტაციასა და საბოლოო ბგერით რეალიზაციას.

დოდეკაფონია

ეს საკომპოზიტორო მეთოდი ეფუძნება თორმეტტონიან სერიას, სადაც მუსიკალური ნაწარმოების მთელი ქსოვილი გამოდის ერთადერთი პირველწყაროდან, არჩეული თორმეტი ნოტიდან, რომელიც განუმეორებელი ბგერების თანმიმდევრობას წარმოადგენენ.  სერიის თითოეულ ბგერას დაკარგული აქვს კილოსთან თუ ტონალობასთან კავშირი და წარმოადგენს აბსოლუტურად დამოუკიდებელ ელემენტს.

სერიული ტექნიკა (სერიალიზმი)

ეს არის საკომპოზიტორი მეთოდი, სადაც სერიულად ორგანიზდება არა მხოლოდ ბგერის სიმაღლე არამედ რიტმი, ფაქტურა, დინამიკა, ტემბრი და არტიკულაცია. ტექნიკის მთავარი პრინციპია არჩეული სერიის უწყვეტი გამეორება. მუსიკალურ ქსოვილში არაფერია სხვა ელემენტი გარდა არსებული სერიისა და მისი სხვადასხვაგვარად განმეორებისა.

სონორიკა, სონორისტიკა

ეს გახლავთ საკომპოზიტორო ტექნიკა, რომელიც ოპერირებს ტემბრებითა და ფონური თანხმოვანებებით. ეს მეთოდი გულისხმობს უცნაურ ტემბრულ-კოლორისტიკულ ჟღერადობას – ხმაურს, მოცემულ საკრავებზე არატრადიციულ დაკვრის ხერხებს, ბგერითი ლაქების, კლასტერების გამოყენებას.

ალეატორიკა

ალეატორიკა გულისხმობს შემთხვევითობას. ეს საკომპოზიტორო ტექნიკა წარმოადგენს სანოტო ტექსტის არასრული ფიქსაციას. შემსრულებელს ეძლევა შესაძლებლობა შედარებით თავისუფლად მოეკიდოს სანოტო ტექსტს, თითქოსდა ხდება მისი თანაშემქმნელიც კი. ასეთი სახით მუსიკალური ნაწარმოების შესრულების პროცესში იდება შემთხვევითობის და შესრულების განუმეორებლობის ელემენტი. ამ ტექნიკის საფუძველზე მოცემული თხზულებები ყოველთვის სხვადასხვანაირად სრულდება.

პუანტილიზმი

ამ ტექნიკის წყალობით მთელი ნაწარმოების ბგერითი სურათი შედგება დამოუკიდებელი ნოტებისაგან, წერტილი-ნოტებისაგან, რომლებიც არ ქმნიან ერთიან ფრაზებს ან მელოდიებს. ეს წერტილბი-ბგერები ერთმანეთისაგან პაუზებით იმიჯნებიან.

კონკრეტული მუსიკა

ეს მუსიკა, რომელიც იქმნება ჩაწერის ტექნიკით, გულისხმობს მსოფლიო ჟღერადობაში არსებული ნებისმიერი კონკრეტული ხმის გამოყენებას მუსიკალურ ნაწარმოებში. ეს არის ძირითადად ხმაური და ბუნების ხმები.

 ნ. ჯანჯღავა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”