საავტორო სტუდია

როგორ არ უნდა ვიწერდეთ ხმას

vocal-microphoneამას წინათ, აუდიო ინტერფეისის და წინაგამაძლიერებლის სადემონსტრაციო, სარეკლამო ვიდეოს ვუყურებდი “youtube”-ზე. თავად აპარატურას არ გამოუწვევია დიდი ინტერესი, მაგრამ ჩემი ყურადღება ჩაწერის მეთოდმა მიიქცია – რამდენად არასწორად შეიძლება ჩაწერის გაკეთება.

ვიდეოს წარმომდგენი აპირებდა აკუსტიკური გიტარისტის ჩაწერას, რომელსაც მოგვიანებით უნდა ემღერა კიდეც. აკუსტიკური გიტარის ჩაწერისას, უპირველესი რაც უნდა გაკეთდეს, გიტარის კარგად აწყობაა და შემსრულებლისთვის ისეთი ადგილის მოძებნა, სადაც ინსტრუმენტი ბუნებრივად კარგად ჟღერს. ვიდეოში ეს არ ჩანს.

შემდეგი ნაბიჯი სასურველი მიკროფონის შერჩევაა. ეს შესაძლოა წინარე გამოცდილებაზე დაყრდნობით მოხდეს, შეარჩიოთ მიკროფონი, რომელიც ადრე წარმატებით გამოგიყენებიათ აკუსტიკური გიტარის ჩაწერისას. შეაძლოა იმის დაშვებაც, რომ თავად მუსიკოსმა შეარჩიოს ის მიკროფონი, რომელსაც თვლის, რომ ყველაზე უკეთ მოერგება. მაგრამ…

ამგვარი ჩაწერის დროს, ყველაზე დიდი მნიშვნელობა მიკროფონის პოზიციის შერჩევას ენიჭება. შესაძლოა აქაც გამოცდილებას მიენდოთ ან უბრალოდ “მე 12 ლადის” წესს მიჰყვეთ და სწორედ იქ მოათავსოთ მიკროფონი. პრინციპში, ეს შეიძლება წესადაც არც მიიჩნიოთ და რამე სხვა მოიფიქროთ.  მაგრამ, თუკი თქვენ რამე განსაკუთრებულ ექსტრასენსულ ნიჭს არ ფლობთ, მოგიწევთ მიკროფონისთვის სხვადასხვა პოზიციის მოსინჯვა. ყველაზე მოსახერხებელი და ნაცადი ხერხია, სთხოვოთ თქვენს ასისტენტს ამოძრაოს მიკროფონი სხვადასხვა დისტანციაზე, თქვენ კი საკონტროლო ოთახში ისმინოთ ხმა, მანამდე, სანამ იდეალურ დისტანციას არ შეარჩევთ. თუკი თქვენ მუსიკოსთან დამოუკიდებლად გიწევთ მუშაობა, ყველაზე მოსახერხებელი ალბათ ხმის დახურულ ყურსაცვამებში მოსმენაა. აღნიშნულ ვიდეოში, მსგავსი არაფერი გაკეთებულა.

ყველაზე შოკისმომგვრელი კი მაინც ის იყო, რომ ჯერ ერთი ნოტიც კი არ ჰქონდა აღებული შემსრულებელს, რომ ხმის რეჟისორმა უკვე კომპრესორი ჩართო. სრულებით წარმოუდგენელია მიხვდეთ სჭირდება თუ არა გიტარის ხმას კომპრესირება, მანამდე სანამ არ გაიგებთ მის ჟღერადობას.

წარმომდგენი კომპრესორის ჟღერადობას “საოცარს” უწოდებს. შესაძლოა ეს ასეცაა, მაგრამ მთავარი მოქმედი პირი აქ შემსრულებელი უნდა იყოს. ჩაწერის დროს მუსიკოსი ყოველთვის პირველ ადგილზეა, შემდეგ ჩაწერის ტექნიკა და ბოლოს აღჭურვილობა და ეფექტები. როგოროც ჩანს, ამ ვიდეოში მოქმედი ხმის რეჟისორი ჩვენს მოტყუებას ცდილობს. ის აყენებს “პრესეტს”, ნაცვლად იმისა, რომ თავად დააყენოს კომპრესორის პარამეტრები, თან იმის გათვალისწინებით, რომ შემსრულებელს ჯერ ერთი ნოტიც კი არ აუღია.

ამ კონკრეტული სადემონსტრაციო ვიდეოში, ხმის რეჟისორი ნაცვლად სუფთა ხმისა,   ეფექტით  გამდიდრებული ხმის ჩაწერას ცდილობს და ამას აკეთებს ისე, რომ ჯერ გიტარის ერთი ნოტიც კი არ მოუსმენია. საბოლოო ჯამში, ხმა რომელიც ისმის ჩანაწერში, ცუდი არ არის, მაგრამ, ვინ იცის რამდენად უკეთესი შედეგის მიღება იქნებოდა შესაძლებელი სწორად განხორციელებული ჩაწერის შემთხვევაში?

ახლა ვოკალის ჯერი დადგა ჩვენ ვერ ვხედავთ ცდილობს თუ არა ხმის რეჟისორი სხვადასხვა მიკროფონის მოსინჯვას, რაც საკმაოდ უჩვეულოა პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდიებისთვის. თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მას მხოლოდ ერთი ტიპის ვოკალური მიკროფონი აქვს. ვერც აქ ვხედავთ მიკროფონისთვის დისტანციის შერჩევას, მეტიც, “პოპ ფილტრიც” კი არ არის გამოყენებული. არ ვიცი, შესაძლოა ხმის რეჟისორმა ზუსტად იცის რასაც აკეთებს და, იქნებ, უმუშავია კიდეც არაერთხელ ამ მუსიკოსთან.   ვოკალის შემთხვევაში ის ეკვალაიზერის ეფექტს რთავს. შესაძლოა ბევრმა თქვას, რომ უმჯობესია სუფთა ხმის ჩაწერა, ხოლო ეკვალაიზერის და კომპრესორის მორგება კი მოგვიანებით მოხდეს, მაგრამ, მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, ამიტომ ამაზე დიდ ყურადღებას არ გავამახვილებ, მაგრამ ის რაც მოხდა შემდეგ, ნამდვილად იწვევს გაკვირვებას…

ხმის რეჟისორი რთავს რევერბირაციის ეფექტს, თან  იმგვარად, რომ ეფექტი იწერება ხმასთან ერთად. სრულიად გაურკვეველი გადაწყვეტილებაა, რადგან ხმის რეჟისორი უკან დასახევ გზას არ იტოვებს. რევერბირაცია ყოველთვის შეიძლება დაედოს მოგვიანებით, მაგრამ მისი მოხსნა ჩაწერილი სიგნალიდან წარმოუდგენელია. გამონაკლისი შესაძლოა იყოს ბუნებრივი აკუსტიკური რევერბირაციით ჩაწერილი ხმა, მაგრამ ხელოვნურ რევერბირაციით ამის გაკეთება არ შეიძლება.

მიკროფონების დაყენებისა და ეფექტების შერჩევის მომენტში, ხმის რეჟისორი მცირეოდენ კონტაქტს ამყარებს შემსრულებელთან. ის შემოიფარგლება სიტყვებით “მადლობა” და “გეთაყვა”. ასეთ დროს შემსრულებელი მაქსიმალურ ყურადღებას საჭიროებს. თუკი ის არ მღერის ან არ უკრავს, სმის რეჟისორს მასთან მუდმივი კონტაქტში უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს უარყოფითად იმოქმედებს შემსრულებლის განწყობაზე.

ჩაწერა გრძელდება, ხმის რეჟისორი სთხოვს შემსრულებელს კიდევ ერთი დუბლი უნდა ჩაწეროს, რაც უფრო ბრძანებას წააგავს, ვიდრე თხოვნას. ასეთ დროს, ყველაზე უპრიანი იქნებოდა, ხმის რეჟისორს აეხსნა რა მიზეზით უწევს შემსრულებელს ხელმეორედ ყველაფრის დაკვრა. იქნებ “დაბლ ტრეკია” საჭირო ან იქნებ შეცდომა დაუშვა?

ცხადია, ეს ვიდეო გადაღებულია კონკრეტული აპარატურის დემონსტაციის მიზნით და ზოგიერთი პოცედურა, რაც დამახასიათებელია ხმის ჩაწერისთვის, გამოტოვებულია. თუმცა, აქ კარგად ჩანს, როგორ არ უნდა იწრებოდეს ხმა სტუდიაში. ვინც მსგავსი მეთოდით ჩაწერს ხმას, ვერ მიიღებს ისეთ შედეგს, როგორიც შესაძლოა მიეღო სწორი მეთოდის გამოყენებით. ყველაფერ ამის მორალი კი ის არის, რომ პირველ ადგილზე უნდა იყოს შემსრულებლის მაქსიმალური კომფორტი და განწყობა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს ხმის რეჟისორის ტექნიკის, ცოდნისა და გამოცდილების დემონსტრირება მიკროფონიდან უკეთესი ხმის მისაღებად. ჩაწერის დროს მთელი კონცენტრაცია უნდა მოხდეს იმაზე, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ შესრულებიდან. ხოლო აპარატურას ან ეფქტებს არ უნდა მისცეთ უფლება ჩადგეს თქვენსა და შემსრულებელს შორის და როდესაც მუსიკოსს დაემშვიდობებით და გააცილებთ, თამამად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ეფექტებით და ექსპერიმენტებით.

დევიდ მელორი

18 თებერვალი 2014 წელი

თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”