საავტორო სტუდია

რამდენად საჭიროა სუბ-ბას მონიტორი (Subwoofer) სტუდიაში?

Gemini-SRამ საკითხის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს და დღემდე დავის საგანს წარმოადგენს სპეციალისტებს შორის. მოდით, გავარკვიოთ ნამდვილად საჭიროა თუ არა სუბ-ბას მონიტორი.

ცოტა რამ აკუსტიკის შესახებ: 

მრავალ სტუდიაში, რომელიც აკუსტიკოსთა ჩარევის გარეშე აშენდა და გარემონტდა, დაბალი სიხშირის ბგერების გადამეტება ან სულაც დაკარგვა ჩვეულებრივი ამბავია. ისიც შესაძლებელია, რომ ზოგიერთი სიხშირე, მაგალითად 90Hz საერთოდაც  გამქრალი იყოს, ხოლო 80 ან 100 Hz. უსაშველოდ გუგუნებდეს. ასეთ დროს, როგორც წესი, შეიძლება ვერც ვხვდებოდეთ ბასის პრობლემას, სანამ ჩვენს ჩანაწერს მაღალი ხარისხის საყოფაცხოვრებო HiFi აპარატურაში ან ავტომობილის აუდიო სისტემაში არ მოვისმენთ.

ეს პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც დაბალი სიხშირის ტალღა ეჯახება სტუდიის კედელს, შემდეგ უკან ბრუნდება და იზილება მონიტორებიდან გამოსულ სხვა ტალღებში. თუკი ჩვენ მოვახერხებთ “დავიჭიროთ” ეს ტალღა და არ მივცეთ  უკან გამობრუნების საშუალება, ჩვენ გვექნება გაცილებით უფრო დაბალანსებული დაბალი სიხშირეები სტუდიაში. დაბალი სიხშირის ტალღების ჩახშობა არ წარმოადგენს არც სიახლეს და არც სირთულეს, ერთადერთი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ შესაძლოა მრავალი ასეთი “დამჭერის”  დამონტაჟება დაგვჭირდეს სტუდიაში. განსაკუთრებით კი კუთხეებში, სადაც თავს იყრიან დაბალი სიხშირის ტალღები.

სუბ-ბას მონიტორი

დაბალი სიხშირის მონიტორის მოყვარულნი არ წარმოადგენენ აფსოლუტურ უმრავლესობას. არიან ისეთებიც ვისაც არ სჭირდება მისი დამონტაჟება საკუთარ სტუდიაში. სუბ-ბასის ყველაზე დიდი პრობლემა კროსოვერია. უფრო სწორედ, მისი არარსებობა სტუდიაში. ნამდვილად გაჭირდება კარგი ბალანსის მიღება ისეთ სტუდიაში, სადაც სუბ-ბასი კროსოვერის გარეშეა ჩართული. ამას ემატება ფაზის პრობლემები და, საბოლოო ჯამში, საკმაოდ სავალალო სურათი შეიძლება მივიღოთ. წარმოიდგინეთ, თუკი ძირითად მონიტორებში არ არის მოჭრილი დაბალი სიხშირე და ის სუბ-ბასიდან წამოსულ სიხშირესთან ერთად ისმის. თან,  თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სხვადასხვა მონიტორებიდან წამოსული და დაბრუნებული ერთი და იგივე სიხშირის ტალღები დროის სხვადასხვა გრძლიობისაა, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რამდენად აზელილი ჟღერადობა შეიძლება მივიღოთ.

კროსოვერს გააჩნია დახრის კუთხე. როგოც წესი, ეს  12 DB/ოქტავაა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ჩვენ Low Cut ის მეშვეობით 100 ჰერცზე მოვჭრით დაბალ სიხშირეს ჩვენს ძირითად მონიტორებზე, 50 ჰერცის სიხშირე კვლავაც დარჩება, ოღონდ 12 დეციბელით ნაკლები სიმძლავრით.  ფაზის დამთხვევის საშიშროება კვლავაც დარჩება, ოღონდ 12 დეციბელით ნაკლებად. სწორედ ასე მოქმედებს კროსოვერი სუბ-ბასისა და ძირითადი მონიტორების ერთობლივი მუშაობისას. ძირითად მონიტორებზე დაბალი სიხშირე კვლავაც რჩება, ოღონდ უფრო რბილად, ისე, რომ არ გადაფაროს სუბ-ბასიდან წამოსული დაბალი სიხშირეები.

ვინ იყენებს სუბ-ბას მონიტორს?

მეტალ ჯგეფის ჩაწერისას შესაძლოა ასეთ დიალოგს წავაწყდეთ: “არა, ძმაო, სუბი ჰიპ-ჰიპისთვისაა, ჩვენ ეს არ გვჭირდება”. რთულია ასეთ მოსაზრებას დავეთანხმოთ. ის, ვისაც ძალულს 35 ჰერცის მოსმენა, შეიძლება ნებისმიერი ჟანრის მუსიკის მოყვარული იყოს. სუბ-ბასი ისეთივე სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს კლასიკური ან ჯაზური მუსიკის ჩაწერისას, როგორც ჰიპ-ჰოპის, ან ელექტრო მუსიკის ჩაწერისას.

საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ დაბალი სიხშირის ბგერები ისეთივე სასურველი და საჭირო შეიძლება აღმოჩდეს ჩაწერისას, როგორც ნებისმიერი სხვა საჭირო სიხშირე. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რამდენად სუფთად და დაბალანსებულად გესმით თქვენ ეს სიხშირეეები, რამდენად კარგად არის აკუსტიკურად გამართული თქვენი სტუდია და რამდენად უხდება ეს ამა თუ იმ მუსიკალურ ნაწარმოებს.

ცოტა მეტი კონკრეტიკა: 

FrequencyResponseMeasurements

შევხედოთ დიაგრამას: 20 ჰერციდან 3 კილოჰერცამდე მოცემულ დიაგრამაში გარგად ჩანს სუბ-ბასის მოქმედების არეალი. დააკვირდით 40 ჰერცის არეს. მწვანე ზოლით მონიშნულ დიაგრამაზე სიხშირე მთლიანად მოჭრილია, მაშინ როცა სუბის შემთხვევაში ის 95 დეციბელს აღწევს. 40 ჰერცის ასეთი ზომა შესაძლებელია სრულიად მისაღებიც იყოს და უხდებოდეს კიდეც მუსიკას, მაგრამ სტუდიაში მინიტორინგის დროს შესაძლოა ზედმეტი გვეჩვენოს. ასეთ დროს “კურნება” ბასის ჩამხშობი – დიფუზორით არის შესაძლებელი. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა ინდივიდუალურად უნდა წყვეტდეს რამდენად ბევრია ესა თუ ის სიხშირე მისთვის და შესაბამისადაც იმოქმედოს.

მოცემულ ვიდეოში ნაჩვენებია დაბალი სიხშირის ჩამხშობი დიფუზორის აწყობის ხერხი:

ზოგიერთი თვლის, რომ ე.წ. Flat ჟღერადობა მისაღებია სტუდიაში. Flat ჟღერადობა ნიშნავს სიხშირეთა დინამიკის მაქსიმალურ თანაბრობას. ცხადია, ეს  დაუშვებელია. არავის ვურჩევ ისმინოს 60 ჰერცი და 1 კილოჰერცი სიხშირე ერთი და იგივე სიმაღლეზე.

და ბოლოს, ყველა ადამიანს ინდივიდუალური გემოვნება გააჩნია. ზოგისთვის ბასის ნაკლებობა პრობლემაა, ზოგისთვის კი მისი გადამეტება მიუღებელი.

მაინც, რამდენად საჭიროა სუბ-ბას მონიტორი სტუდიაში? 

ამის გარკვევა არ არის რთული:  უბრალოდ, იპოვეთ ისეთი შედარებით ხარისხიანი HiFi აკუსტიკური სისტემა, სადაც თქვენს სტუდიაში ჩაწერილ მუსიკას გააჟღერებთ. დააკვირდით რამდენად ამოვარდნილია ბასის სიხშირეები, გუგუნებს თუ არა, ან იქნებ ნაკლებიც კი არის. ასეთი დაკვირვებით თქვენ მიხვდებით რამდენად მეტია ან ნაკლებია ბასი თქვენს სტუდიაში, რამდენად “ამოვარდნილია” ზოგიერთი სიხშირე საერთო სურათიდან. საჭიროა თუ არა დიფუზორევბის დამატება და ა.შ. ზოგადად კი, თუკი თქვენი სტუდიური აკუსტიკური სისტემა კარგად არის გამართული, ხოლო კედლები და კუთხეები სათანადოდ დამუშავებული აკუსტიკური მასალით, სუბ-ბასი ნამდვილად სასარგებლო იქნება თქვენთვის. ან პირიქით, აკუსტუკურად შესაძლოა ისე იყოს მოწყობილი სტუდია, რომ სუბ-ბასმა შესაძლოა გააუარესოს ჟღერადობა. საბოლოო ჯამში კი მაინც სხვა, ხარისხიან სისტემაში მოსმენითა და შედარებით მიხვდებით რამდენად მეტია ან ნაკლები დაბალი სიხშირე თქვენს სისტემაში. შესაძლოა სტუდიაში საკმაოდ რბილად და დაბალანსებულად ჟღერდეს, მაგრამ ავტომობილში ან მუსიკალურ ცენტრში მოსმენისას ზედმეტად ბევრი იყოს რომელიმე სიხშირე.

მიუხედავად ყველაფრისა, ბრმად ნუ მიენდობით საზოგადოდ გავრცელებულ აუდიო სტანდარტებს. ნუ შეგეშინდებათ ჩარჩოების გარღვევისა. თუ თქვენს სტუდიაში გაქვთ ხმის პრობლემა, იბრძოლეთ მის გადასაჭრელად და წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ.

დავით ხოსიტაშვილი

სტატია შედგენილია ინტერნეტ მასალებზე დაყრდნობით

2013 წელი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”