საავტორო სტუდია

რა ღირს სტუდიაში ჩაწერა?

helping-musiciansალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ საკმაოდ აქტუალური კითხვაა, არა მარტო მათთვის, ვისაც სტუდიური მომსახურება ესაჭიროება, არამედ მათთვისაც, ვინც პროფესიონალურ თუ სამოყვარულო დონეზე ახორციელებს მუსიკის ჩაწერას. ცალსახა პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს. არსებობს რიგი გარემოებებისა, რაც განაპირობებს სტუდიური მომსახურების ტარიფს. სანამ გავაგრძელებდით მსჯელობას აღნიშნულ საკითხზე, მინდა შემოგთავაზოთ ინგლისელი ხმის რეჟისორისა და პედაგოგის დევიდ მელორის პასუხი, რომელიც თავის ერთ-ერთ სტუდენტს ეხმიანება:

* * *

სტუდენტი: მე დამწყები ხმის რეჟისორი ვარ. სტუდია სახლში მაქვს მოწყობილი. ვიწერ მეგობრებისა და სხვა სტუდენტების სადემონსტრაციო ჩანაწერებს, სხვადასხვა სახის სიმღერებსა თუ ტექსტურ მასალას. მიუხედავად იმისა, რომ არაპროფესიონალი ვარ ამ საქმეში, ბევრი მეუბნება, რომ ჩემი ნამუშევრები უკეთ ჟღერს, ვიდრე სხვადასხვა პროფესიონალურ სტუდიებში ჩაწერილი ჩანაწერები. მაინტერესებს, რა სახით შეიძლება მოვითხოვო ანაზღაურება – საათობრივად თუ სიმღერის მიხედვით და რა სახის გადასახადი შეიძლება იყოს სამართლიანი ჩემი საქმიანობისათვის. კანადაში ვცხოვრობ, თუკი ამას აქვს რაიმე მნიშვნელობა.

დევიდ მელორი: რთული კითხვაა… მოკლედ თუ ვიტყვით, გადასახადი უნდა იყოს საათობრივი ან დღიური. რამდენი უნდა იყოს ეს გადასახადი დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე:

  • უღირს თუ არა დამკვეთს ხმის ჩაწერა და რამდენს გადაიხდიდა კონკრეტულ საქმეში
  • რამდენად დიდია ჩაწერის სურვილი
  • რას აფასებთ თქვენს დროს
  • ხმის ჩაწერა თქვენი ძირითადი საქმიანობაა თუ მეორადი
  • გესაჭიროებათ თუ არა დამხმარე (ასისტენტი)
  • რა ღირს აპარატურა, რომლითაც აწარმოებთ ჩაწერას
  • კონკურენცია

მოდით ჩამოვწეროთ ეს პუნქტები და სათითაოდ განვიხილოთ. ჯერ არაფერს ვიტყვი თვენი აპარატურის ღირებულებაზე, ამას მოგვიანებით დავუბრუნდეთ.

უღირს თუ არა დამკვეთს ხმის ჩაწერა და რამდენს გადაიხდიდა კონკრეტულ საქმეში

იმისათვის რომ ვუპასუხოთ ამ კითხვას, ერთი შედარება გავაკეთოთ: რამდენს გადაუხდიდა კლიენტი სანტექნიკოსს სამზარეულოს ნიჟარის შეკეთებაში? მრავალი ადამიანი, რომელიც დიდი სიამოვნებით გადაიხდიდა სოლიდურ თანხას ნიჟარის შეკეთებაში, იგივე საფასური შესაძლოა საშინლად ძვირი ეჩვენოთ სტუდიური მომსახურებისათვის. მიუხედავად ამისა, საჭიროა ადეკვატური ტარიფის დაწესება, რომც არ მოელოდეთ რომ ამ საფასურს გადაიხდიან. თუკი თქვენი ტარიფი ზედმეტად დაბალი იქნება, არასოდეს დაგაფასებენ.  საზოგადოება აფასებს ყველაფერ ძვირფასს,  მიუხედავად მათი რეალური ღირებულებისა.  ამიტომ, ნუ დასწევთ ფასს ზედმეტად დაბლა…

რამდენად დიდია ჩაწერის სურვილი 

თუკი თქვენ დამწყები ხართ, ალბათ მზად იქნებით თითქმის უფასოდ გააკეთოთ საქმე, რომ მიიღოთ გამოცდილება.  თუკი ეს მართლაც ასეა, მაშინ მიიღეთ გამოცდილება. ეს მართლაც სასარგებლო იქნება თქვენი მომავალი კარიერისათვის. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველთვის ეცადეთ დაფაროთ თქვენს მიერ გაწეული ყველა ხარჯი. სტუდიამდე მისასვლელი ტრანსპორტის ღირებულების ჩათვლითაც კი.

რას აფასებთ თქვენს დროს

თუკი თქვენ ჯერ ისევ სტუდენტი ხართ, შესაძლოა სხვა საქმითაც იყოთ დაკავებული. თქვენ უნდა იცოდეთ რა არის თქვენი დროის მინიმალური საფასური. სავსებით შესაძლებელია, სხვა საქმეში, იგივე დროის პერიოდში, გაცილებით მეტი ანაზღაურება მიიღოთ.

ხმის ჩაწერა თქვენი ძირითადი საქმიანობაა თუ მეორადი 

თუკი თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ ხმის ჩაწერა ძირითად საქმიანობად აქციოთ, მაშინ შესაბამისი ანაზღაურებაც უნდა მოითხოვოთ. შესაძლოა თქვენ უშუალოდ მუსიკოსებთან გქონდეთ კავშირი, მაგრამ მომავალში მოგიწევთ კორპორატიულ დონეზე მუშაობა. ეს კი ტარიფებთან განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს. თუკი ხმის ჩაწერა თქვენს ძირითად საქმიანობად უნდა იქცეს, ყოველდღიური ანაზღაურების გამოთვლა წლიური შემოსავლიდან უნდა მოხდეს. წლის განმავლობაში თქვენს განკარგულებაში იქნება 1840 საათი. მაგრამ საკუთარ სტუდიაში თავისუფლად მომუშავე (freelancer) ხმის რეჟისორი ვერ იქნება დატვირთული 100% ით. უნდა ივარაუდოთ რომ თქვენი დატვირთვა იქნება მხოლოდ 50 % ით. მეეჭვება ამაზე მეტი დროით მოახერხოთ დასაქმება საწყის ეტაპზე. მოგვიანებით შესაძლოა დასაქმდების დრო 75% ზეც კი ასწიოთ. ხოლო, თუკი თქვენ 75% იან მაჩვენებელს ასცდებით, უნდა იფიქროთ თქვენი ტარიფების გაზრდაზე. აქედან გამომდინარე, თუკი თქვენ დაკავებული ხართ წელიწადში 920 საათით და თუკი გსურთ რომ თქვენი ანაზღაურება წელიწადში 60 000 $ შეადგენდეს, მაშინ თქვენი საათობრივი ტარიფი გამოვა 65$, პლუს ხარჯები.

გესაჭიროებათ თუ არა დამხმარე (ასისტენტი)

რა თქმა უნდა, ყოველთვის არის შესაძლებელი მონახოთ მოხალისე დამხმარე, ვინც ანაზღაურების გარეშე იმუშავებს თქვენთან. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ ასისტენტისთვის ხელფასის გადახდა. არა მგონია მიზანშეწონილი იყოს საათში 15-20$ ზე მეტის გადახდა. თუმცა, შედარებით გამოცდილმა და ნასწავლმა შესაძლოა მეტიც მოითხოვოს.

რა ღირს აპარატურა, რომლითაც აწარმოებთ ჩაწერას

თქვენი აპარატურა საკმაოდ ძვირი ღირს, ამიტომ კლიენტმა უნდა გადაიხადოს შესაბამისი საფასური მისი მომსახურებისათვის. თქვენ უნდა ამოიღოთ ის თანხა, რაც დახარჯეთ აპარატურაში. მოდით ვივარაუდოთ, რომ თქვენ გაქვთ 30 000$ ის ღირებულების აღჭურვილობა, რომელსაც მომდევნო 5 წლის განმავლობაში უნდა გაუწიოთ უქსპულატაცია. თუკი წელიწადში 920 საათს იმუშავებთ,  ყოველი საათის ღირებულება 6.5 $ ს გაუტოლდება. ეს თანხა უნდა შეიყვანოთ თქვენს საფასურში, ოღონდ არ არის აუცილებელი ინვოისში ის ცალკე გამოყოთ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ტრანსპორტირების ხარჯიც. ეს ჩვეული ამბავია, თუკი თქვენი გზის ხარჯი დამატებული იქნება ღირებულების საერთო საფასურს.

კონკურენცია

რაც ზემოთ ჩამოვეწერეთ სრულებით კარგავს აზრს, თუკი  თქვენ კონკურენციის პირობებში მოგიწევთ მუშაობა, რაც საფასურის დაწევას ითვალისწინებს. ასეთ დროს თქვენ შესაძლოა ომის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, სადაც ფასის მუდმივი დაღმა სვლა ხდება. აქ ორი გამოსავალი არსებოს – ერთი, შესთავაზოთ კლიენტს თქვენი ნიჭი, როგორც “პრემიუმ” მომსახურება ან მეორე – აირჩიოთ ვიწრო სპეციალიზაციის ნიშა.

დასკვნა

არასოდეს დაადოთ ფასი მომსახურებას უფრო ნაკლები, ვიდრე ღირხართ. ყოველთვის ეცადეთ გაამართლოთ თუკი გადაწყვეტთ მიიღოთ ანაზღაურება საათობრივად ან დღიურად. ეცადეთ თქვენი საფასური იყოს ადეკვატური გაწეული შრომისა და ხარისხისა.

* * *

დიდი მადლობა ბატონ დევიდ მელორს აღნიშნული პასუხისთვის. რა თქმა უნდა, ძნელია ზუსტი პარალელების გავლება ჩვენს რეალობასთან, მაგრამ ათვლის წერტილად ნამდვილად გამოდგება.

ოდესღაც სტუდიური მომსახურების დრო “სმენობით” ითვლებოდა, რომელიც 4 საათს უტოლდებოდა. ერთი სმენა უდრიდა 4 საათს. ამაში შედიოდა როგორც ხმის ჩაწერა, ასევე მისი შემდგომი დამუშავება. დღეს მრავალი სტუდია უკვე საათობრივ ანაზღაურებაზეა გადასული. თანამედროვე ტექნიკური პროგრესის წყალობით მრავალ მუსიკოსს საკუთარი საშინაო სტუდია გააჩნია, სადაც სადემონსტრაციო ჩანაწერებს თავად ახორციელებს. მაგრამ პროფესიონალური მომსახურებისა თუ უკეთესი ხარისხის სურვილის შემთხვევაში მაინც მოუწევთ ხმის ჩამწერ სტუდიებთან თანამშრომლობა. ხელმისაწვდომ ფასთან ერთად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რამდენად კომფორტულად იგრძნობს თავს კლიენტი სტუდიაში; რამდენად კომუნიკაბელურია ხმის რეჟისორი, რამდენად კარგი აკუსტიკური პირობებია, რამდენად ოპერატიულია მომსახურება და რამდენად იოლია სტუდიასთან ზოგადად კომუნიკაცია და ა.შ. ძალიან ხშირად მუსიკოსი მიდის ჩასაწერად სტუდიაში მხოლოდ იმიტომ, რომ იქ კარგი ხმის რეჟისორი ეგულება. ცხადია, მოქმედებს კონკურენციის კანონებიც. თუმცა, არის ზღვარი რის ქვევითაც პროფესიონალური სტუდია ვერ ჩამოვა. გამომდინარე იქიდან რომ პროფესიონალური სტუდიური აპარატურა ძალიან ძვირი ღირს. საუბარია არა ათობით ათას დოლარზე, არამედ ასობით ათასზე. ვფიქრობ სამართლიანია მაღალი ფასი, თუკი სტუდია გვთავაზობს კლიენტს Steinway ფირმის როიალს, რომელიც 100 ათას ლარი შეიძლება ღირდეს, SSL  ფირმის პულტს, რომლის ფასიც შესაძლოა 80 ათასი დოლარი იყოს,  AVID ის ფირმის HD სისტემას, რომელიც ათობით ათასი დოლარია,  Neumann U87 მოდელ მიკროფონს, რომლის ფასიც 3000 დოლარს აღემატება და ა.შ.

მათთვის, ვისაც ხმის ჩაწერა სურს, ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სარეკლამო ტექსტის ხარისხიანად ჩასაწერად სულაც არ არის საჭირო ყველაზე ძვირფასს სტუდიაში მისვლა. მცირებიუჯეტიან სტუდიასაც შეუძლია შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის აუდიო ჩანაწერი. ხოლო ვისაც კლასიკური მუსიკის ჩაწერა სურს, რაც არ უნდა ძვირად ღირებული აპარატურა გააჩნდეს სტუდიას, ვერ ჩაიწერს, თუკი შესაბამისი აკუსტიკური პირობები და კლასიკური მუსიკის ჩასაწერად საგანგებოდ განსწავლული ხმის რეჟისორი არ გააჩნია.  შესაბამისად, ამგვარი მუსიკის ჩაწერის ფასიც საკმაოდ მაღალი იქნება. მაგალითისათვის “ბრავო” სტუდიაში კამერული ორკესტრის ჩაწერა საათი 500 დოლარი ღირს.

არ მინდა შევაშინო დამწყები მუსიკოსები და სხვა მომხმარებლები, ვისაც უახლოეს გეგმად ხმის ჩამწერი სტუდიის სტუმრობა დაუსახავს. მრავალი სტუდია თავად ეძებს ნიჭიერ შემსრულებლებს. ეს მიღებული პრაქტიკაა მთელ მსოფლიოში. მუსიკოსსა და სტუდიას შორის გაფორმებულ კონტრაქტებს დიდი წარმატება მოუტანია ორივე მხარისთვის. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხმის ჩამწერი სტუდია არ გახლავთ რაღაც დაწესებულება, სადაც მხოლოდ ფულით იზომება ყველაფერი. ეს ის ადგილია, სადაც იციან შემოქმედების ფასი და ყოველთვის შესაძლებელია კომპრომისის პოვნა.

დასტურად ამისა, მინდა შემოგთავაზოთ ფრაგმენტი “საავტორო სტუდიის” მიერ სრულიად უსასყიდლოდ ჩაწერილი კონცერტიდან. შოპენი ბალადა No 1 სოლ მინორი. ასრულებს ანა გიგაური, ჩანაწერი შესრულებულია კონსერვატორიის მცირე დარბაზში 2014 წლის 4 მაისს.

მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა

2014 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”