საავტორო სტუდია

კომპიუტერის შერჩევა ხმის ჩასაწერად

studio 1რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება კომპიუტერული ტექნიკის შესაძლებლობები. ისინი ფართოდ გამოიყენება ყველა დარგში და არც პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდიები არის გამონაკლისი. რათა გამოვიყენოთ კომპიუტერი ხმის ჩასაწერად, ის განსაკუთრებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. გამოთქმა “მძლავრი კომპიუტერი” არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ასეთი კომპიუტერი წავიღოთ სტუდიაში და დავიწყოთ ხმის ჩაწერა. მაღაზიაში კონსულტანტი შეეცდება მოგყიდოთ ძვირადღირებული თანამედროვე, სწრაფი მანქანა, მაგრამ სავსებით შესაძლებელია ის არ გამოდგეს ხმის ჩასაწერად. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ზუსტად იცოდეთ სად უნდა დადგათ და რა უნდა ჩაწეროთ მასზე. მაგალითისათვის, ხმის ჩამწერ კომპიუტერს არ ესაჭიროება ძლიერი ვიდეო დაფა, ის ინტეგრირებული ვიდეო სისტემითაც მშვენივრად იმუშავებს და ზედმეტი თანხის გადახდა სრულებითაც არ არის საჭირო (არის ისეთი ვიდეო დაფები, რომლებზეც ერთდროულად ორი მონიტორის შეერთება არის შესაძლებელი. ასეთი ვიდეო დაფა ნამდვილად კარგი იქნებოდა, მაგრამ არა აუცილებელი)

თავდაპირველად საჭიროა არჩვევანი გავაკეთოთ ორ ვარიანტს შორის – ლეპტოპი თუ მძლავრი პერსონალური კომპიუტერი?
აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს ჩვენს არჩევანს – თუკი ჩვენი სტუდია იქნება ორ ოთახიანი, ანუ საოპერატორო და ჩასაწერი ოთახი, მაშინ უპრიანი იქნება თუკი ჩვენ ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერს ავარჩევთ, რადგან ფასითაც და სიმძლავრითაც ის უკეთესი იქნება ლეპტოპზე, მაგრამ თუკი ჩვენ იმ ოთახში ვაპირებთ ჩაწერის გაკეთებას, სადაც კომპიუტერი იდგება, მაშინ ლეპტოპი აუცილებელი იქნება, რადგან ჩვეულებრივი კომპიუტერის გამაგრილებელი მოწყობილობა იმდენად ხმაურიანია, ხარისხიანი ჩაწერა წარმოუდგენელი იქნება. არის სხვა გამოსავალიც, თუკი პერსონალური კომპიუტერის პროცესორი განთავსდება ცალკე სათავსოში. ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული ისიც რომ პროცესორს ესაჭიროება გაგრილება და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდეს დახშულ, მცირე ზომის სათავსოში. ჰაერის ცირკულაცია კი საჰაერო სისტემას ითვალისწინებს, რაც დამატებით ხმაურის წყაროდ შეიძლება იქცეს.
რა თქმა უნდა, თუკი გვაქვს ამის შესაძლებლობა, იდეალური ვარიანტი იქნებოდა მაკინტოშის კომპიუტერი (როგორც ლეპტოპი, ასევე დესკტოპ კომპიუტერი imac ან Mac Pro). ის ხარისხიანია და მისი ოპერაციული სისტემა MAC OS X საგრძნობლად სანდო და სტაბილურია და არც ინტერნეტიდან შემოღწეული ვირუსები ადარდებს. studio 2

სტანდარტული პერსონალური დესკტოპ კომპიუტერის დაკომპლექტებისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი პარამეტრები: 

სასურველია პროცესორის “ქეისი” იყოს დიდი ზომის, ბევრი სივრცით. აუდიოზე მუშაობისას, პროცესორი შესაძლებელია ისეთ დიდ დატვირთვას არ განიცდის, როგორც ვიდეო მონტაჟისას, მაგრამ კარგი გაგრილება მაინც ესაჭიროება. ასეთ დროს ხმაურიანი “ქულერი” დიდი პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს. გამოსავალი დიდი ზომის “ქულერშია”, რომლის ფრთებიც ნელა ტრიალებს და ისეთ ძლიერ ხმაურს არ გამოსცემს როგორც პატარა და სწრაფად მბრუნავი გამაგრილებლები.  ცხადია, ეს “ქულერიც” გამოსცემს ხმას და მისი განთავსება ჩასაწერ კაბინაში არ შეიძლება, თუმცა, არც ჩვენს სამუშაო ოთახში სისტემატიურად მომუშავე კომპიუტერის ხმაურია სასიამოვნო რამ. ამიტომ, უხმაურო კომპიუტერი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია კომპიუტერის აწყობის დროს.   ცხადია, თუ გვაქვს საშუალება, მძლავრი პროცესორის ყიდვა კარგი იქნებოდა, მაგრამ მცირე ბიუჯეტის შემთხვევაში შედარებით სუსტი პროცესორითად არის შესაძლებელი ხმის ჩაწერა, ოღონდ წინასწარ უნდა ვიცოდეთ რა სახის ჩანაწერების გაკეთებას ვაპირებთ. თუ მხოლოდ 2 არხის ერთდროული ჩაწერა არის ჩვენი მიზანი, მაშინ მძლავრი ძვირადღირებული პროცესორის შეძენა არ არის აუცილებელი. studio 3

ერთადერთი რაზეც ეკონომიის გაკეთებას არ გირჩევდით, ეს არის ოპერატიული მეხსიერება. სწორედ ოპერატირიული მეხსიერება განაპირობებს ხმის ბიბლიოთეკების, “ლუპებისა” და VST ინსტრუმენტების გამართულად მუშაობას. სასურველია გაგვაჩნდეს 4 გეგაბაიტი ან მეტი. თანამედროვე ოპერატიული მეხსიერების ბლოკები არ ღირს იმდენად ძვირი რომ მასზე დაზოგვამ ეკონომია მოგვცეს.

ხისტი დისკის არჩევისას, უნდა გვახსოვდეს, რომ, რაც არ უნდა სანდო იყოს ესა თუ ის მწარმოებელი, ისინი მაინც ფუჭდება. სწორედ ამისთვის აუცილებლად საჭიროა გაგვაჩნდეს გარე, “ექსტერნალ” დისკი, სადაც ავტომატურ რეჟიმში დაკოპირდება მთელი ინფორმაცია. როგორც წესი, კომპიუტერის შიდა ხისტი დისკი 7200 ბრუნიანია, თუმცა, არსებობს 5400 ბრუნიანი დისკებიც . შეძენისას უნდა დავაკვირდეთ, რომ ჩვენს დისკს სწორედ 7200 ბრუნი გააჩნდეს. ხოლო მოცულობა, რაც მეტი, მით უკეთესი. გარე დისკებიც იყიდება, როგორც 5400 ასევე 7200 ბრუნიანი. თუ ჩვენ მხოლოდ აუდიო მასალის შესანახად გამოვიყენებთ მას, მაშინ 5400 ბრუნიანი სრულიად საკმარისი იქნება, მაგრამ თუ ჩვენ მასზე ჩაწერასაც მოვისურვებთ, მაშინ სასურველია 7200 ბრუნიანი იყოს (USB 3 ის მხარდაჭერით, რაც ინფორმაციის გაცვლის სისწრაფეს განაპირობებს. ამ დროს უნდა ვიცოდეთ რომ ჩვენს  კომპიუტერსაც გააჩნდეს  USB3 ის მხადრაჭერა)

ყველა ხმის ჩამწერი კომპიუტერის გული ხმის დაფაა. მაღაზიაში ნაყიდ კომპიუტერს სტანდარტულად ინტეგრირებული ხმის დაფა მოჰყვება, რომელიც არ გამოდგება ხმის ჩასაწერად და აუცილებელია გარე ხმის დაფა გაგვაჩნდეს. ხმის დაფის შერჩევა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ამიტომ ამ სტატიაში მასზე აღარ შევჩერდებით.

კომპიუტერის შეძენა ნებისმიერ კომპიუტერულ მაღაზიაშია შესაძლებელი, მაგრამ სპეციალისტის კონსულტაცია ყოველთვის სასარგებლოა. სწორედ ამიტომ ჩვენი სტუდია გთავაზობთ პროფესიონალურ კონსულტაციას. შეგარჩევინებთ და დაგაკომპლექტებინებთ თქვენი სტუდიისთვის საჭირო სიმძლავრის კომპიუტერს. შესაძლებელია პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციაც .

რაც არ უნდა კარგი კომპიუტერი გაგაჩნდეთ და რაც არ უნდა თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფა გქონდეთ დაინსტალირებული თქვენს სტუდიურ კომპიუტერში, ყველა მანქანას ესაჭიროება საგანგებო ოპტიმიზაცია. ოპტიმიზაცია ნიშნავს კომპიუტერის რესურსის გადანაწილებას, ისე, რომ მისი შესაძლებლობების მაქსიმუმი სწორედ ჩაწერისთვის დაიხარჯოს და არა სხვა სახის ოპერაციებისთვის.

დავით ხოსიტაშვილი

2013 წელი.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”