საავტორო სტუდია

სმენითი გარემოს პრობლემატიკა

nomusic 2ავტორი  – ნინო ჯანჯღავა (ექსკლუზიურად საიტისთვის)

საავადმყოფოში ისე მოვხვდი, რომ არ ვიცოდი სად მიმიყვანეს და სად ვიწექი. ორი კვირის შემდეგ, როდესაც გამომაჯანმრთელეს და გამომიშვეს იქვე ეზოში ვაფიქსირებდი სად ვიყავი, რომელ ქუჩაზე და სახლში რომელი გზით უნდა დავბრუნებულიყავი. დაახლოებით ასეთი რამ დამემართა კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში, როდესაც დაძაბული სასწავლო გრაფიკის შემდეგ საშა კორსანტიას სოლო კონცერტზე აღმოვჩნდი. კონსერვატორიის მცირე დარბაზში ტევა აღარ იყო. დარბაზის ორივე შესასვლელი კარი ღია იყო და იქიდან კონსერვატორიის ყველა სართულზე იღვრებოდა საშას შოპენი. სუნთქვაც არ ისმოდა, არც არავის გახსენებია რომ ჩაესუნთქა ან ამოესუნთქა, ასე, გაჩერებულ დროში, სინათლით მოცულ სივრცეში მივყვებოდით ბგერებს, რომელსაც არც კი ვიცოდით საით მივყავდით, რატომ და რისთვის. ასეთი კონცერტის დასრულების დროს იმხელა სიხარულს განიცდის მსმენელი და შემსრულებელი, რომ თუკი ვინმე როდესმე ამას შესწრებია დამეთანხმება, ყველაფერში დამეთანხმება… ასეთი შესრულება არაა მხოლოდ ბევრი და სწორი მეცადინეობის შედეგი. როდესაც ხელოვნებაში ასეთი სასწაულები ხდება, სწორი და ბევრი მეცადინეობა ყოველთვის პიროვნების სუბიექტურ, ინდივიდუალურ ნიჭსა და ბუნებაზეა დაყრდნობილი ამ საყრდენის გარეშე ყველაფერი ფუჭია.

საკმაოდ ბევრი რამაა ერთად გაერთიანებული იმისათვის, რომ მუსიკალურმა ხელოვნებამ თავისი დანიშნულება შესარულოს.

რა არის ყველაფერი იმის მიზეზი, რომ ჩვენი ყოფა არ არის გაჯერებული კარგი მუსიკით, ეს ფაქტია! თან ვწერ და თან ყველა ჩემი სავარაუდო ოპონენტის გულისცემა მესმის, ჯერ მეთანხმებიან, ისე, მოემზადეთ, ბევრი საკამათო საკითხი უნდა წამოვჭრა, მაგრამ შემოპასუხების დროს არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენი ყველას მთავარი მიზანი ქვეყანაში ჯანმრთელი მუსიკალური გარემოს შექმნა უნდა იყოს. პრაქტიკუკად არ მეგულება პროფესიონალი მუსიკოსი, რომელიც ამის წინააღმდეგი იყოს თუ მას არ აქვს ისეთი ხელისშემშლელი პირობები, როგორიცაა შიში იმისა, რომ ნეტავ ეს ხელფასიც არ დავკარგო რაც მაქვს და სხვა არაფერი არ მაინტერესებს, ტაშსაც დავუკრავ და ყვირილსაც მოვრთავ კონცერტის ბოლოს. ან ჩემი შვილი აბარებს მომავალ წელს და რატომ გავაფუჭო ურთიერთობა იმ ადამიანთან ვისაც ჩემი შვილის მომავალი აბარია და ამისნაირი მოვლენა ულევია, სუბიექტურ-ინდივიდუალურ-დაქცეულ-საყოფაცხოვერებო. და აქვე გვავიწყდება, რომ სრული პროფესიონალიზმი იმ თავდადებასაც გულისხმობს, რომელიც ადამინების კეთილსინდიდიერი მომსახურებისაკენ უნდა იყოს მიმართული.

ყველა ჩემს თანაკურსელს ახსოვს ის ფიცი, რაც ბატონმა სულხან ცინცაძემ დაგვადებინა კონსერვატორიის პირველკურსელებს, მცირე დარბაზში 1 სექტემბერს. იქ გარკვევით ეწერა, რომ კონსერვატორიაში მიღებული ცოდნა უნდა გამოვიყენო ჩემი ერის კეთილდღეობისათვის. ფიცის წაკითხვის შემდეგ ბატონმა სულხანმა მისთვის ჩვეული იუმორესკით, ზუსტად ისეთი როგორიც მისი მინიატურებია სიმებიანი კვარტეტისათვის, გვითხრა, რომ ახლა მორჩა, ფიცი უკვე დადებული გაქვთ და ეხლა როგორც გინდათ ისე მოიქეცითო.

მხოლოდ იმიტომ არ ვმუშაობ ახლა ამ წერილზე, რომ მხოლოდ ფიცი შევასრულო, ეს ჩემი სათქმელია, ეს ჩემი დამოკიდებულებაა და ჩემი დიდი სურვილია შევცვალო რაღაც მაინც უკეთესობისაკენ, თუმცა ფიცსაც ვასრულებ ☺

დავიწყოთ ტელევიზიებიდან. მათი რაოდენობა საკმარისზე ბევრია. და არცერთი მათგანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციით არ არის დაკავებული. არცერთ ქართულ ტელევიზიაში არ არსებობს არცერთი გადაცემა, რომელიც კლასიკურ მუსიკას ეძღვნებოდეს. მუსიკალური შოუების პროგრამა კი მხოლოდ საესტრადო, პოპულარული რეპერტუარით შემოიფარგლება, რომელიც ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერანაირი გემოვნების ჩამოყალიბებას ვერ შეძლებს საზოგადოებაში, თუ ამ შოუებს საერთოდ აფიქრებს საზოგადოების მუსიკალური გემოვნების საკითხი. აღარაფერს ვიტყვი ჟურნალისტებისა და წამყვანების უცოდინრობაზე, რომელსაც ეგრევე ამჟღავნებენ თუ საქმე კლასიკური მუსიკის ჟანრების, კვარტეტის, სიმფონიის, რომელიმე ოპერის დასახელების ან ცნობილ კომპოზიტორთა გვარების გამოცხადებას ეხება. კონსერავოტორიას ყოველ წელს ამთავრებენ მუსაკთმცოდნეები და მათ შორის ძალიან ნიჭიერებიც არიან, თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ კონსერვატორიაში უნიჭო აბიტურიენტები არ აბარებენ, არიან მხოლოდ ნიჭიერები და ძალიან ნიჭიერები. და განა რა უდგას წინ ტელევიზიაში პროფესიონალი კადრის მიღებას?! წამყვანის ტექსტის რედაქტირებაში მაინც ხომ დაეხმარებათ. შოუები ვახსენე და არ მინდა არ ავღნიშნო მართლაც ნიჭიერი გამომსვლელები, რომელთაც აქვთ ძლიერი ხმები, საკმაოდ კარგი მუსიკალური მონაცემები, მაგრამ რეპერტუარი და შესრულების მანერა, რომელიც მიმართულია ინდივიდუალურობის დაჩრდილვისაკენ საკმაოდ ამკაცრებს ჩემი მათდამი დამოკიდებულებას. მათი შესრულება მიმართულია უცხოური სიმღერის სტილისაკენ. მიმბაძველობა კი ღუპავს ყოველივე ფასეულს და ამის მტკიცებისათვის აქ მე ადგილს ვერ დავაკავებ. ვერ გეტყვით, რომ ხშირად ვუყურებ და ვუსმენ ამ შოუებს, მაგრამ რამოდენიმე წლის წინ მგონი – კეკუა, იყო ასეთი გვარი ამ გოგონას ხმამ და დამოკიდებულებამ მიიპყრო ჩემი ყურედღება, მერე მგონი ისიც გავიგე მის შესახებ, რომ ევროპაში სწავლობს, რაღაც სერიოზულ სპეციალობას ეუფლება. აი, ასეთი ინდივიდების ეკრანიდან გაქრობა არაა სასურველი.

ვფიქრობ, ტელეკომპანია “რუსთავი 2” შეძლებს გააკეთოს კარგი გადაცემა, რომელიც მიეძღვნება კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას და დარწმუნებული ამას ძალიან კარგად გაართმევენ თავს. მთავარია მიიღონ გადაწყვეტილება და დაგეგმონ. ეს მოვლენა ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელი მუსიკალური აურის შესაქმნელად.

მაგრამ მხოლოდ ტელევიზია რას გახდება, თუ ამისათვის არ იქნებიან ის კარგად მომზადებული ადამიანი, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას თუნდაც ამ გადაცემაში ან სხვადასხვა ღონისძიებებში, რომელიც კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციით იქნება დაკავებული.

ახლა შევიხედოთ მუსიკალური განათლების კერებში. ჩემს “საავტორო სტუდიასთან” ერთად 2009, 2010 და 2011 წლებში გავაკეთე რადიოფესტივალი, “ბგერებთან ერთად”, რომელიც მიზნად ისახავდა ნიჭიერი მოსწავლეების ხელშეწყობას და პოპულარიზაციას. ამ სამი წლის განმავლობაში ასამდე მოსწავლესა და მასწავლებელს გავესაუბრე ინტერვიუს ფორმატში. ამ ურთიერთობამ მომცა სერიოზული ინფორმაცია თუ რითი ცხოვრობენ და რა ინტერესები აქვთ მათ. ნიჭიერთა შორის უნიჭიერესებს ვხვდებოდით, ნამდვილი ზეიმი იყო. იყვნენ საოცრად მიზანსწრაფულები და ენერგიულები. რადიოფესტივალის მონაწილეთა უმეტესი ნაწილი დღეს უკვე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია, ბევრი მათგანი უკვე ევროპასა და ამერიკაშია წასული. არ შეიძლება არ დავწერო იმ თავდადებულ ადამიანებზე, რომლებიც ასწავლიან დღეს ნიჭიერთა ათწლედში და ამდენ პროფესიონალ მუსიკოსს ზრდიან და ასე ზედმიწევნით მართავენ მოზარდების ცხოვრებას.

სკოლას კი მოსდევს კონსერვატორია, ინტერესის გაფართოების მიზნით ბოლო ფესტივალებზე კონსერვატორიის რამოდენიმე საანგარიშო კონცერტიც ჩავწერეთ და რამოდენიმე გასაუბრებაც მქონდა.  ცხადია კითხვებიც სხვა მქონდა უკვე სტუდენტებთან. ყველა ეტაპზე მაინტერესებდა მხატვრული ამოცანის დამუშავებას როგორ გადიოდნენ შემსრულებლებთან და საერთოდ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე. პასუხი კი არადა იქით მეკითხებოდნენ – ეგ რა არისო… რემონტი – არის, ნამდვილად არის და სისუფთავეც არის. ესეც არ არის ცოტა.

კონსერვატორიაში სტუდენტთა ინტერესი მომავალი სამსახურისაკენ არის უკვე მიმართული, ის ენერგიულობა და მიზანსწრაფულობა რითიც ათწლედში გამოირჩეოდნენ აშკარად იკლებს და ცოტა დაბნეულებიც ჩანან.

ის მოტივაცია რაც კონსერვატორიაში ჩაბარება იყო უკვე უკან ჰქონდათ და რა არის წინ, გაურკვეველი სივრცე. ბარში დაკვრა ან სამუსიკო, ხელოვნების სკოლაში მასწავლებლობა. ან, გაქცევა ამერიკაში და ევროპაში, თუნდაც იაპონიაში, ეგვიპტეში. ასე ვკარგავთ ადამინებს, რომელთაც არ აქვთ იმისი უნარი, რომ თავიანთ თავს თვითონ გაუწიონ პროდიუსირება. ამისათვის ერთი ელემენტარული საფილარმონიო სივრცის შექმნაა საჭირო, რომელიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში ომამდე, ჩვენთვის პირველ ომამდე. მე ზუსტად არ მახსოვს ამ სისტემის მუშაობა, მაგრამ რა უნდა ყოფილიყო თუ არა ის, რომ მუსიკოსებისათვის გაეწიათ პროდიუსირება ქვეყანაში ან ქვეყნის გარეთ. წარმომიდგენია, როგორი საინტერესო სამუშაო იქნება ამის ყველაფრის დაგეგმვა, შემსრულებელთა ინდივიდუალური შესრულების მანერის გათვალისწინებით პროგრამის არჩევა, მსმენელის მოწვევა და კონცერტის დაგეგმვა-ჩატარება. რა უნდა იყოს ამაზე საინტერესო და სასიამოვნო.

კონსერვატორიის სტუდენტებს მეცადინეობის მოტივაციას ვერც ჩვენს ქვეყანაში არსებული ორკესტრები ვერ უქმნიან. ვინაიდან ორკესტრები თავიანთ საჯარო კონცერტებსა თუ ჩაწერებზე შესრულების საკმაოდ დაბალ დონეს აჩვენებენ, ეხება ეს საკრავების ინტონაციურ სისუფთავეს, დაკვრის ტექნიკას თუ საორკესტრო ბალანსს. აქედან გამომდინარე მოდუნებულია მომავალი საორკესტრო მუსიკოსების პროფესიული დაოსტატებისაკენ სწრაფვა.

ეს ბოლო აბზაცი ოდნავ წნევასა და ცრესცენდო–ს იწვევს, რომელიც ისევ საქმისკენაა მისამართი.

ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთმა ორკესტრებმა ნორმად დაამკვიდრეს არადამაკმაყოფილებელი საშემსრულებლო გარემო. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქართველ მსმენელს არასოდეს არ მოუსმენია ბერლინის ფილარმონიული ორკესტრი, ვენის და ლონდონის ფილარმონიული ორკესტრები, კონცერტღებაუს და ნიუიორკის ფილარმონიული ორკესტრები. თუ ჩვენს ნიჭიერთა ათწლედში აღზრდილი მუსიკოსები მთელს მსოფლიოში სახელს ითქვამენ რა ხდება აქ, ჩვენთან!?

რა ხდება და არაპროფესიონალიზმი, სიზარმაცე, უპასუხისმგებლობა, უპატივცემულობა კოლეგების და საკუთარი თავის. აი, ეს ხდება!…

ასევე, სრული მუსიკალური დილეტანტიზმით არის გარემოცული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. თავს ვალდებულად ვთვლი შევეხო ქართულ საეკლესიო გალობას, ვინაიდან ის ქართული პროფესიული მუსიკის საწყისს წარმოადგენს.

სკოლის მოსწავლე ვიყავი, თამარ დედოფლის სადიდებელად შექმნილი ტექსტი მომეწონა და მას მუსიკა მივუსადაგე. სიონის საკათედრო ტაძარში შესრულდა და სწორედ იმ დღის წირვას (თამარობა იყო, 14 მაისი) ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ესწრებოდნენ. მათთან ახლოს მომიწია მეც დგომა და ყური მოვკარი ბატონ ზვიადი გამსახურდიას ხმას, ქართული გალობის შესახებ იძახდა, რომ ეს ის გალობა არ არის, რაც ქართულ ტაძარში უნდა ჟღერდესო. ეს სიტყვები მე ჩემთვის დაგდებულ ჟანა დარკის ხმლად მივიჩნიე და ის დღე იყო და ის დღე დავიწყე უკან ყურება და ძებნა. ძალიან დიდი და ბევრი მოვლითი თუ სწორი გზა აღმოჩნდა გასავლელი, ბევრი ფიქრი, ბევრი ეჭვი, უიმედობა, ბედნიერი შემთხვევები და ისევ გზა. ჩემი კომპოზიციის პედაგოგთან პირველი რაც საგალობელთან დაკავშირებით კითხვა დავსვი პასუხად მივიღე, რომ ეს ჩემი მხრიდან არის მკრეხელობა, რომ საერთოდ შევეხო იმას, რაც არ ვიცი არ შეიძლება. მოკლედაც ვერ ვწერ იმიტომ რომ ეს იყო ის ადგილი, სადაც ყველაზე ძალიან მინდოდა რაღაც მაინც გამეკეთებინა და უფლებას ვერ ვიღებდი უცოდინარობისა და გამოუცდელობის გამო. პერიოდულად პრობლემა მავიწყდებოდა, პერიოდულად არ ვიმჩნევდი.

კონსერვატორიაში სწავლის პერიოდში ბატონი არჩილ ჩიმაკაძე გვასწავლიდა პოლიფონიას და თან ძალიან მაღალ დონეზე. მონოდიიდან პოლიფონიამდე, ხმათა მოძრაობა და მათი ურთიერთდამოკიდებულება. იგი თავისი პირველი პრიფესიით მატემატიკოსი იყო და ამიტომ ეს საგანი მისთვის განსაკუთრებულად კონფორტული იყო.  ჩვენს გვერდით ფოლკლორის კათედრაზე კი მალხაზ ერქვანიძე და “ანჩისხატის” გუნდის ბიჭები საოცარ აღმოჩენებს აკეთებდნენ. ხელნაწერთა ინსტირუტიდან მოჰქონდათ და მოჰქონდათ ქართული საგალობლები, რომლებსაც სწავლობდნენ და “ანჩისხატის” ტაძარში წირვა-ლოცვაზე ასრულებდნენ.

ამის შემდეგ კიდევ ბევრი ხანი გავიდა, როდესაც უკვე შევძელი ქართული საგალობის ხმათამოძრაობისა და ევროპელი პოლიფონისტების საკომპოზიტორო ტექნიკის (რასაც პოლიფონიის ლექციებზე ვსწავლობდით) დაპარალელება და ეს იყო სწორედ ის წერტილი, როდესაც ნათელი მოეფინა ძალიან ბევრ საკითხს და პირველ რიგში იმას, რომ ქართული საგალობლები აუცილებლად ნასწავლი ავტორების მიერ შექმნილი მუსიკაა და არა რაღაც განყენებული მოვლენა, რაც შეიძლება მხოლოდ დაუწვრთნელმა გონებამ წარმოიდგინოს.

ცხადია, აქ არ არის იმის დრო და ადგილი, რომ უფრო ღრმად განვიხილოთ არსებული საკითხი, მაგრა ერთი რამ მინდა, რომ ეს ყველაფერი სათქმელის სახით ჩამოვაყალიბო. არ არის გაკეთებული არც ერთი ფუნდამენტალური ნაშრომი (სახელმძღვანელოს ტიპის) ქართული გალობის შესახებ. არ არის სახელმძღვანელოს სახით ჩამოყალიბებული ქართული გალობის პოლიფონიის ტიპები, არ არის გაკეთებული ფუნდამენტალური ფორმის ანალიზი, მეცნიერულად არ არის გამოკვლეული მელოდიის ფორმები და არ არის ჩამოყალიბებული ქართული გალობის დრამატურგიის განვითარების სახეები. (ტექსტი აღებულია ინტერნეტ საიტისთვის გაკეთებული სტატიიდან  “ქართული კანონიკური გალობის განვითარების პრობლემები” – ავტორი ნინო ჯანჯღავა)

მიუხედავად იმისა, რაც გააკეთა “ანჩისხატის” გუნდმა ქართულ ეკლესიებში მაინც აქვს ადგილი არასრულფასოვან გალობას. აღარაფერს ვიტყვი სამების საკათედრო ტაძარზე, სადაც საზეიმო წირვა-ლოცვის დროს საესტრადო სიმღერებიც კი ისმის საესტრადო მომღერლების შესრულბით. აბსოლუტურად გაუმართავია “სიონის” შერეულ მგალობელთა გუნდი რეპერტუარისა და სამგალობლო შესრულების თვალსაზრისით. მათი გალობა ხშირად წირვა-ლოცვის დროს ტელევიზიითაც კი გადაიცემა, რაც ელემენტარულად ზიანის მომტანია მსმენელისათვის, ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ.

სამგალობლო რეპერტუარის გარდა მინდა შევეხო თვითონ მგალობელთა მომზადების დონეს. ამაზე ბევრი დაწერილა და მეც დავამატებ, რომ ტაძრებში არ არსებობს ხელფასი პროფესიონალი მგალობლებისათვის. ხოლო ვინც დადის და გალობს დადიან და გალობენ მხოლოდ პირადი სურვილით. ეს ცხადია, ცოტა არაა. მეც სწორეს ასე დავიწყე სიარული ერთ-ერთ ტაძარში, სადაც ჩემმა ნაცნობმა მიმიწვია. ჩემს წამოწყებას ძალიან იმედიანად ვუყურებდი და მჯეროდა, რომ გუნდი ნელ-ნელა გაიმართებოდა და კარგ სამგალობლო ხარისხს მიაღწევდა. მაგრამ ვერაფრის მიღწევა ვერ მოხერხდა, ვინაიდან გუნდთან ერთად გალობდა იქაური ყოფილი მღვდლის ჩაფრატუნა (მეუღლე, იგივე ფოფოდია), რომელსაც ვერავინ სიტყვა ვერ შეუბრუნა და ვერ უთხრა, რომ ასე არ შეიძლებოდა, თუმცა გამართული პირველი ხმა უპრობლემოდ დათმეს.

ამას გარდა კიდევ რამოდენიმე პრობლემას მე ჯერ ვერ ვეხები, ვინდაიდან ამისათვის აუდიტორია ჯერ მზად არაა, ანუ აქ რაც განვიხილეთ, მხოლოდ ნაწილია და ის ნაწილი რაც თვალში საცემია და აუცილებლად დროულად გამოსასწორებელი.

ის გაუმართაობა, რაც ქართულ გალობასთან დაკავშირებით ნაწილობრივ მიმოვიხილე არის კიდე მეორე პრობლემის საწყისი რასაც ჰქვია ქართული პროფესიული მუსიკის ტრადიცია და განვითარების გზები.

ქართული გალობა უტყუარი დოკუმენტია ქართული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლის არსებობისა. მაგრამ დიდი ისტორიული ქრონოლოგიური წყვეტების გამო ძალიან ძნელი დასადგენია როგორ მოხვდა ის, ქართული პროფესიული საკომპოზიტორო სკოლა ისეთი მოვლენების გვერდით, როგორიცაა თუნდაც დიმიტრი არაყიშვილის ან ზაქარია ფალიაშვილის შემოქმედება და კომპოზიტორთა მთელი კასკადი მეორეხარისხოვანი ასლებისა. მათ შემოქმედებაში აბსოლუტურად გამქრალია ბგერათა ის სემანტიკური თვისებები, რაც ასე მკაფიოდ და ნათლად ჩანს მე-10 საუკუნის ქართველ კომპოზიტორთა სამგალობლო ქმნილებებში. იგივე მოვლენა ევროპაში პარალელურად არსებობდა XII-XIII საუკუნეებში ნოტრ-დამის სკოლის სტილი ლეონინისა და პეროტინის შემოქმედების საფუძველზე განვითარდა და მათ შემოქმედებამ განვითარება ჰპოვა ისეთი ავტორების შემოქმედებაში, როგორებიც იყვნენ მათ შემდეგ ფილიპ დე ვიტრი, გილიომ დე მაშო და დღემდე ევროპაში ეს ხაზი უწყვეტად მიედინება და გადაედინება ერთი პერიოდიდან მეორეში, რაღაც იცვლება თუ არ იცვლება ჩვენთვის ერთიანი ხაზის აგება და მათ შორის კავშირების გაბმა საკმაოდ იოლია.

რა ხდებოდა საქართველოში იმ დროს, როდესაც ევროპა ასე თანმიმდევრულად ვითარდებოდა. თან ისიც ხომ ფაქტია, რომ ის ქართული საგალობლები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს სხვადასხვა დროს მიწაში იმალებოდა, რომ არ გაენადგურებინათ რუს ეგზარქოსებს. რა ხდებოდა მანამდე სანამ რუსები შემოგვესეოდნენ? ამ წუთას საერთოდ არ აქვს ამას მნიშვნელობა რა ხდებოდა, ისე ფაქტია, რომ მუსიკასთან დაკავშირებით არც არაფერი ხდებოდა და ასე ვართ ახლა აქ, ბევრი გაურკვევლობით ხელში.

ეს ყველაფერი გასაკეთებლი გვაქვს. ეს ყველაფერი მოსაწესრიგებელი გვაქვს. რადიკალური ზომები მისაღები გვაქვს, თუ გვაქვს იმისი სურვილი, რომ მოვწესრიგდეთ და გავხდეთ თანმიმდევრულები, წესრიგი და თანმიმდევრულობა სიმშვიდეს და თავისუფლებას მოგვიტანს. სიმშვიდე და თავისუფლება ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულს მოგვანიჭებს, ეს კი ჭეშმარიტებისაკენ სავალი გზაა.

წარმატებას გისურვებთ

ნინო ჯანჯღავა ©stumari.ge

2014 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”