საავტორო სტუდია

ანგელოზის ხმის ჩაწერა პრობლემას აღარ წარმოადგენს

DPA 4017 Shotgun Mic Provides Ingenious Solution for Miking Opera 2აკადემიური მუსიკის ჩაწერას თავისი სპეციფიკა გააჩნია. ის რადიკალურად განსხვავდება ჯაზის, პოპისა თუ სხვა ჟანრის მუსიკის ჩაწერისგან. თუმცა, აკადემიურ მუსიკის ჩაწერის დროსაც ყველაფერი ერთნაირი სირთულის არ არის. კვარტეტი სხვაგვარ მიდგომას საჭიროებს, სიმფონიური მუსიკა სხვაგვარს, ჩასაბერების ჩაწერის სპეციფიკაც განსხვავდება სიმებიანი საკრავებისგან და ა.შ. მაგრამ ყველაზე რთული მაინც ოპერის ჩაწერაა.

შედარებით იოლია, როდესაც ხმის რეჟისორს მიკროფონის დაყენება შეუძლია იქ, სადაც ჩათვლის საჭიროდ, მაგრამ საოპერო წარმოდგენის დროს, როდესაც დეკორაციის ყოველ დეტალს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, მიკროფონმა არ უნდა მიიქციოს მაყურებლის ყურადღება, მითუმეტეს, თუკი წარმოდგენას ტელევიზიაც იღებს. სწორედ ამიტომ, ძალიან რთულია მიკროფონებს მოეძებნოს ისეთი ადგილი, სადაც არ გამოჩნდება და  ხარისხიც სასურველი იქნება.

შედარებით იოლია საორკესტრო ორმოს გახმოვანება. მიუხედავად იმისა, რომ კონდენსატორული მიკროფონების სიახლოვე ინსტრუმენტებთან არ არის სასურველი, ყოველთვის შეიძლება ოპტიმალური დისტანციის მოძებნა. შედარებით რთულია სოლისტების გახმოვანება. საკონცერტო შესრულებისას ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ხმის რეჟისორმა იცის რომელ ადგილას დადგება მომღერალი და სწორედ იქ დაუდგამს მიკროფონს, მაგრამ თეატრალური შესრულებისას მსახიობები მოძრაობენ მთელს სცენაზე და მათი ხარისხიანად ჩაწერა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ბევრი იფიქრებს ალბათ რომ შეიძლება სცენის თავზე ჩამოკიდებული მიკროფონები იყოს გამოსავალი, მაგრამ ეს ასე არ არის.  რაც არ უნდა ხარისხიანი იყოს მიკროფონი, მას თავისი “სამუშაო რადიუსი” გააჩნია და საკმარისია მომღერალი მიუახლოვდეს ან დაშორდეს მას, ეს საკმაოდ ცუდად აისახება ჩანაწერზე.

მეორე ვერსია მინიატურული დისტანციური მიკროფონია, რომელიც საკმაოდ ხშირად გამოიყენება საოპერო სპექტაკლების ჩაწერების დროს. ხარისხიანი მიკროფონი საკმაოდ კარგ შედეგსაც იძლევა. მაგალითისთვის ავიღოთ თუნდაც DPA 4060, რომლის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ სოლისტის ჩაწერა ძალზედ იოლდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მიკროფონის სიახლოვე ხშირ შემთხვევაში ზედმეტ კონკრეტულობას იძლევა.  DPA 4017 Shotgun Mic Provides Ingenious Solution for Miking Opera 1

არის შემთხვევები როდესაც ხმის სიშორე აუცილებელია ჩანაწერისთვის. სწორედ ასეთ ამოცანას წააწყდა ჰოლანდიელი ხმის რეჟისორი რობ ჰეერსხოპი მესიანის “St François d’Assise” (წმ. ფრანცისკ ასიზელი) ოპერის ჩაწერისას. ბატონი რობი კომპანია BFN (Broadcast Facilities Netherlands) მთავარი ხმის რეჟისორია. ამ ოპერაში არის ორი სცენა, სადაც ანგელოზის როლის შემსრულებელი მომღერალი სცენიდან დაახლოებით 10 მეტრის სიმაღლეზე იმყოფება. ასეთ დროს დისტანციური მიკროფონი ყველაზე იოლი გამოსავალი იქნებოდა, მაგრამ წარმოდგენის დრამატურგია ანგელოზის ხმის სიშორეს, მისტიურობას და დისტანციას მოითხოვდა. ის თითქოს ციდან უნდა ყოფილიყო წამოსული, ეს კი დისტანციური ახლო მიკროფონით ძალიან რთული გასაკეთებელია. ამიტომ ბატონმა რობმა ერთ საინტერესო ხერხს მიმართა. მან ჩაწერისთვის ე.წ. “Shotgun” (“პუშკა”) მიკროფონი აირჩია. არჩევანი DPA  4017 ზე შეჩერდა. მიკროფონი ორ სხვადასხვა მოქმედებაში უნდა ჩართულიყო. პირველ მოქმედებაში მიკროფონი დამაგდრა საორკესტრო ორმოში მაღალ სადგამზე. ისე, რომ ის არ ასცილებოდა ორმოს. “ანგელოზი” მისგან დაახლოებით 10 მ დისტანციით იყო დაცილებული. “მიუხედავად იმისა, რომ მიკროფონი ხის ჩასაბერების შუაში იდგა, ამას ჩანაწერისთვის ხელი არ შეუშლია. ხმამ გაიჟღერა სუფთად და გამჭვირვალედ” – განაცხადა ბატონმა რობმა. “კიდევ უფრო უკეთესი შედეგი მივიღეთ მესამე აქტის დროს, როდესაც მიკროფონს პოზიცია შევუნაცვლეთ და ამჯერად ის სცენის ჭერზე დავამაგრეთ. დისტანიცა უფრო მეტი იყო, მაგრამ გასაოცარი ხარისხი მივიღეთ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც “Shotgun” ჰიპერკარდიოიდული მიკროფონი ამგვარი სცენის ჩაწერისთვის გამოვიყენეთ” – განაცხადა ბატონმა რობმა.

4017

ოპერის ჩაწერისას რობ ჰეერსხოფი ასევე იყენებდა მიკროფონებს – 4003 წყვილს, 4015 განიერ კარდიოიდებს, 4041 T2 ფართე დიაფრაგმიან მიკროფონებს, 4060 მინიატურულ მიკროფონებს და სხვ.

“4060S მოდელები ჩამოკიდებული იყო სცენის თავსა და დარბაზში. რადგანაც ისინი ასეთი მცირე ზომისაა, მათი დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ამიტომ მათი ჩამოკიდება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება იყო”.

“ყველა სხვა DPA მიკროფონი გამოიყენებოდა ორკესტრის გასახმოვანებლად. ისინი დაცილებული იყვნენ ორკესტრიდან იმგვარად, რომ უხილავად დარჩენილიყვნენ აუდიენციისთვის”.

“ჩემი საყვარელი მიკროფონი 4041 T2 მოდელია. მას უმეტეს საორკესტრო ჩანაწერებისთვის ვიყენებ. მას საოცრად თბილი ჟღერადობა აქვს” – განაგრძობს ბატონი რობი. “მე მას AB სტერეო სისტემით ჩაწერისთვის ვიყენებ, თუმცა, ოპერის შემთხვევაში მიწევს იმპროვიზირება, რათა მიკროფონებმა არ მიიქციონ მაყურებელთა ყურადღება”.

და ბოლოს, ჩასაბერების – საყვირები, ხის სექციის, ტრომბონებისა  და ვალტორნების ჩასაწერად რობ ჰეერსხოფი  DPA 4015 და 4011 S იყენებს.

დავით ხოსიტაშვილი

2013 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”