საავტორო სტუდია

გიტარისა და ხმის ჩაწერა (ერთდროულად) ერთი მიკროფონით

მსგავსად სხვა მრავალი ქვეყნისა, საქართველო მუსიკის მოყვარული ქვეყანაა. ჩვენ ბევრი ნიჭიერი შემსრულებელი თუ მუსიკის ავტორი გვყავს. თუმცა, მათ შორის არც თუ ისე ბევრია, ვინც საკუთარი მუსიკის ჩაწერას და საზოგადოებისთვის გაცნობას ახერხებს ან სურვილი აქვს. ამის მიზეზი სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, მაგალითად საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, საშემსრულებლო ტექნიკის ნაკლებობა, დროის სიმწირე, ფინანსური საკითხი და ა.შ. მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ჩაწერაა. ცხადია, თანამედროვე სმარტფონების ეპოქაში, ამის გაკეთება ტელეფონითაც შესაძლებელია, მაგრამ უკეთესი ხარისხის სურვილის შემთხვევაში ეს ამბავი საკმაოდ მარტივად კომპიუტერისა და ერთი მიკროფონის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

რამდენიმე ხნის წინ გავეცანი ცნობილი ხმის რეჟისორის და პროდიუსერის Graham Cochrane – ის ერთ-ერთ სასწავლო ვიდეოს. მინდა შემოგთავაზოთ იგი. შესაძლოა ვინმესთვის სასარგებლო აღმოჩდეს და სტიმულიც მისცეს, რომ საკუთარი სიმღერები მარტივად და ხარისხიანად ჩაიწეროს საკუთარი სახლის პირობებში.   

* * *

ოდესმე თუ გიცდიათ ჩაგეწერათ გიტარა და სიმღერა ერთდროულად მხოლოდ ერთი მიკროფონის საშუალებით?

როდესაც იწერება ცალკე გიტარა და ცალკე ვოკალი, ალბათ დამეთანხმებით, ასეთ დროს რაღაც იკარგება. შესრულება აღარ გამოდის ავთენტური და ზედმეტად ხელოვნურად ჟღერს.

ერთი მიკროფონით გიტარის და ვოკალის ერთდროული ჩაწერა კი ნამდვილად შესაძლებელია!

ამგვარი ჩაწერის დროს ორი რამ არის გასათვალისწინებელი – რომელი მიკროფონი გამოვიყენოთ და სად მოვათავსოთ იგი, რომ თანაბარი ხარისხით “ავიღოთ” როგორც ხმა, ასევე ინსტრუმენტი.

გიტარის თანხლებით ნამღერი სიმღერის ერთი მიკროფონით ჩაწერის პროცესის მთელი “საიდუმლოება” იმაში მდგომარეობს, რომ მიკროფონი საჭირო სიმაღლესა და დისტანციაზე მოვათავსოთ. მე შევეცდები გაჩვენოთ როგორ გავაკეთოთ ეს, რათა ოპრიმალური რეზულტატი მივიღოთ.

თქვენ შესაძლოა გსმენიათ ჩაწერის იმგვარი მეთოდის შესახებ, რასაც “ოვერდაბს” უწოდებენ. როდესაც ცალკე არხზე იწერება გიტარა, სავარაუდოდ მეტრონომის თანხლებით, შემდგომ კი უკვე ჩაწერილ გიტარაზე აწერთ ვოკალს. რა თქმა უნდა, დამუშავების პროცესისას თქვენ დამატებითი კონტროლის საშუალება გეძლევათ, როდესაც შესაძლებელია ცალკეულ ინსტრუმენტზე ან ვოკალის არხზე კონცენტრირება. მაგრამ ასეთი მეთოდით ჩაწერისას თქვენ კარგავთ ემოციას და ერთდროულად შესრულების ეფექტს. თქვენ ალბათ არაერთხელ მოგისმენიათ ან დაგიკრავთ გიტარის თანხლებით ნამღერი სიმღერები ბარებში, კაფეებსა თუ ცოცხალ კონცერტებზე. ან თუნდაც საკუთარ საძინებელში. შესაძლოა სხვა ცნობილი მუსიკოსების ჩაწერაზეც გიფიქრიათ, რომლებისთვისაც ასევე გაცილებით კომფორტულია იმღერონ გიტარის თანხლებით, ვიდრე ჯერ დაუკრან და შემდეგ საკუთარ დაკრულზე ააყოლონ ხმა. ასეთ შესრულებას გაცილებით მეტი სიცოცხლე და ენერგია აქვს და ნამდვილად ღირს სწორედ ისეთი ფორმით ჩაწეროთ, როგორც მას ასრულებენ ერთდროული დაკვრისა და სიმღერის დროს. მაგრამ აუცილებელია, რომ ეს შესრულება ასევე კარგად ჟღერდეს ჩანაწერშიც. მე გაჩვენებთ როგორ გააკეთოთ ეს, მაგრამ, პირველ რიგში, გეტყვით რა სახის აპარატურას ვიყენებ ამისთვის და თქვენ რა დაგჭირდებათ.

დავიწყოთ მიკროფონით. მე ვიყენებ RODE NT1A – ს. ეს არის კლასიკური, ფართედიაფრაგმიანი, კონდენსატორული მიკროფონი, რომლის შეძენაც დაახლოებით 200 დოლარად არის შესაძლებელი. მე სამი-ოთხი ცალი მაქვს ასეთი და ისინი საკმაოდ კარგებია, თუმცა, ნებისმიერი ფართედიაფრაგმიანი მიკროფონი გააკეთებს ამ საქმეს. მე მაქვს ასევე SAMSON C01, რომელიც სადღაც 80 დოლარი ღირს, 100 დოლარიანი BEHRINGER B1 და.ა.შ. ასევე გამოვიყენებ FOCUSRITE SCARLETT SOLO აუდიო ინტერფეისს. მისი ფასია 99 დოლარი. ის იძლევა საშუალებას პირდაპირ კომპიუტერზე (Mac ან PC) ჩაწეროთ როგორც ინსტრუმენტული ჩანაწერი, ასევე ვოკალი. და გამოვიყენებ უფასო აუდიო პროგრამას Protools First. თქვენ არც კი დაგჭირდებათ ფასიანი აუდიო პროგრამა, რათა ასეთი სახის ჩანაწერი გააკეთოთ.

იმისთვის, რომ ეს ყველაფერთი ჩააერთოთ დაგჭირდებათ სტანდარტული XLR მიკროფონის კაბელი. რადანაც ასეთი სახის მიკროფონები არის კონდენსატურული, არ უნდა დაგავიწყდეთ ფანტომური კვების (48 ვოლტის) ჩართვა. ამის შემდეგ შეეცადეთ გაასწოროთ შემავალი სიგნალის დონე. პატარა რჩევა: მე ყოველთვის ვცდილობ სიგნალის დონე ვაკონტროლო აუდიო პროგრამის მაჩვენებელ შკალაზე, სადაც სასურველია სიგნალის დონე არ იყოს 50% ზე ნაკლები და არ აღემატებოდეს 75%-ს.

მოდით ახლა გადავიდეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე – მიკროფონის პოზიციაზე. სად უნდა დადგათ მიკროფონი. თუკი თქვენ დადგამთ მიკროფონს თქვენი პირის გასწვრივ, გაიგონებთ, რომ ის თქვენს ხმას უფრო მეტად აიღებს, ვიდრე ინსტრუმენტს.

ამ წუთას მიკროფონი სახით ჩემსკენაა მომართული. მას კარდიოიდული თვისება აქვს. თუკი თქვენი მიკროფონი მულტიფუნქციურია და მას გააჩნია Omni, Figure 8 ან სხვა, უნდა გადართოთ კარდიოიდაზე, რადგან ხმა ფრონტალურად უნდა შედიოდეს მიკროფონში. მე არ მინდა, რომ  რაიმე ხმა მოდიოდეს მიკროფონის უკანა ან სხვა მხრიდან. მაშ ასე, მიკროფონი ზუსტად ჩემი პირის სიმაღლეზეა მოთავსებული და დაშორებული დაახლოებით 15 სანტიმეტრით. მოვისმინოთ როგორ ჟღერს.

მოდით ახლა შევცვალოთ მიკროფონის პოზიცია, ჩამოვწიოთ ქვევით. ის კვლავ 15 სანტიმეტრითაა დაცილებული, მაგრამ ამჯერად ჩემი გიტარის გასწვრივ. სავარაუდოდ აქ უფრო ხმამაღლა იქნება გიტარა, ვიდრე ხმა.

მთელი საიდმულო კი იმაში მდგომარეობს, რომ შევაჯეროთ ერთმანეთთან მიკროფონის დაცილება და სიმაღლე (ანუ რამდენად მაღლა დგას მიკროფონი ფიზიკურად). პირველ ჯერზე ჩვენი პრობლემა იყო მაღალი ხმა და ნაკლები გიტარა, მეორე შემთხვევაში – გიტარა ფარავდა ვოკალს. მიკროფონი შუქს წააგავს, საითაც მიანათებ იქ აისახება. ასევეა აქაც…

თუკი ჩვენ მოვათავსებთ მიკროფონს სადღაც შუა ადგილას გიტარასა და პირს შორის, მივიღებთ სასიამოვნო ხმოვან წრეს. ოღონდ განსხვავებით წინა ცდებისა, მიკროფონი დაცილებულია არა 15 საინტიმეტრზე, არამედ დაახლოებით 30 სმ-ით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიმღერა, რომელსაც მე ვმღერი საკმაოდ ხმამაღალია. მიკროფონის დაშორებაც სწორედ სიმღერის ხასიათიდან გამომდინარე უნდა მოხდეს. თუკი თქვენ არპეჯიოს დაკვრა გიწევთ, შესაძლებელია მიკროფონი ოდნავ ქვევით დაეშვას, ხოლო თუკი თქვენ მშვიდ, ჩუმ სიმღერას იწერთ, სასურველია მიკროფონი წამოწიოთ ოდნავ მაღლა. მოდით მოვისმინოთ როგორ გაიჟღერებს ამგვარი ბალანსი.

როგორც ხედავთ, სახეზეა გიტარისა და ხმის დაბალანსებული ჟღერადობა, ჩაწერილი ოთახში ერთი მიკროფონით. და, ცხადია, ეს არ არის იდეალური ვერსია. შესაძლებელია ორიოდე დეტალის დამატება, რათა ხმოვანება უკეთესი იყოს. ეს კი უკვე ჩანაწერის დამიქსვისას შეიძლება გაკეთდეს.

* * *

როგორც გრემი ამბობს თავის ვიდეოში, ის მომავალში აპირებს გადაიღოს სასწავლო ვიდეო, სადაც ის ისაუბრებს ამგვარი მუსიკის დამიქსვის შესახებ, ასევე აპირებს ისაუბროს ორი მიკროფონით გიტარისა და ხმის ჩაწერის შესახებაც. თუკი ჩვენი საიტის მკითხველი სათანადო ინტერესს გამოიჩენს, მე თვალს გავადევნებ გრემის ვიდეოებს მომავალში და დაპირებულ ვიდეოებსაც მოვამზადებ.

წარმატებულ ჩაწერებს გისურვებთ!

მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა       

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”