საავტორო სტუდია

კლასიკური გიტარის ჩაწერის მეთოდიკა

კლასიკური გიტარის ჩაწერისას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ინსტრუმენტი მკვეთრად განსხვავდება სხვა ტიპის გიტარებისგან.  საუბარია არა მხოლოდ  ინსტრუმენტის სტანდარტულ ფორმაზე, არამედ მუსიკალურ სტილზე და საშემსრულებლო მანერაზე. ამაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ საკმაოდ ხშირად კლასიკური გიტარა გამოიყენება როგორც საესტრადო სიმღერების, ასევე ფოლკის, ლათინოამერიკული მუსიკის ან ფლამენკოს შესასრულებლად. ეს კი, მოგეხსენებათ, მკვეთრად განსხვავდება კლასიკური მუსიკისგან.

სანამ კონკრეტულად ჩაწერის მეთოდებზე გადავიდოდეთ, მოდით ორიოდე სიტყვით განვიხილოთ ამ ინსტრუმენტის არქიტექტურა და სპეციფიური მახასიათებლები. ინსტრუმენტის აგებულებაზე ბევრს არ ვისაუბრებ, არამედ ყურადღებას მხოლოდ აუცილებელ დეტალებზე გავამახვილებ.

კლასიკური გიტარის დეკა “მულტირეზონანსულია”, რომლის ზედა და ქვედა დეკის ვიბრაციის ფაზები დაბალ სიხშირეში თითქმის ერთმანეთის თანხვედრაშია, ხოლო ხმის გავცელება “Figure 8” ტიპის. საშუალო სიხშირეების პირდაპირი მიმართულებით გავცელება დაბალი სიხშირის ფაზების კორექციას ახდენს და ერთგვარად ავსებს მას, ხოლო მაღალი სიხშირის რეზონანსი უმეტესწილად გრიფიდან მოდის. ამ დაკვირვებიდან გამომდინარე, შეიძლება მივხვდეთ, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მიკროფონის სწორ პოზიციონირებას, თუკი გვსურს ჩაწერისას თანაბარი სიხშირული ბალანსი მივიღოთ. მიკროფონის სწორი პოზიციის შერჩევა ინსტრუმენტის კორპუსთან მიმართებაში პირდაპირ დაკავშირებულია შესასრულებელი ნაწარმოების ხასიათზე, მუსიკოსის დაკვრის მანერასა და ფიზიკურ შესაძლებლობებზე, ხმის რეჟისორის გემოვნებაზე, ჩასაწერი ფართის აკუსტიკის, აპარატურისა და მიკროფონების მახასიათებლებზე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რამდენგვარი მეთოდი შეიძლება არსებობდეს კლასიკური გიტარის ჩასაწერად.

აღსანიშნავია აგრეთვე ნეილონის სიმები, რომლებსაც თავისი სპეციფიური ჟღერადობა გააჩნიათ. სიმების დაჭიმულობას შესაძლოა საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს როგორც შემსრულებლისთვის, ასევე ჟღერადობისათვის. სიმის დაჭიმულობის სამი ვერსიაა გავრცელებული: რბილი (soft tention), საშუალო ან ნორმალური (normal, regular tention) და ძლიერი (hard tention). როგორც გამოცდილება გვაჩვენებს რაც უფრო რბილია სიმი, მით უფრო იოლია მასზე დაკვრა, თუმცა ჟღერადობის სიმკვეთდრე ვარდება და სიძლიერეც იკლებს. განსხვავებით ძლიერი დაჭიმულობისგან, რომელსაც ყველაზე ხშირ შემთხვევაში კონცერტებზე იყენებენ, რადგან მისი ჟღერადობა მკვეთრია და უფრო ხმამაღლაც ისმის. თუმცა, ასეთი ტიპის სიმებზე შესრულება საკმაო ძალისხმევასაც მოითხოვს. სიმების არჩევანი დამოკიდებულია როგორც მუსიკოსის გემოვნებასა და ტექნიკურ შესაძლებობებზე, ასევე შესასრულებელი ნაწარმოების ხასიათზე, აკუსტიკურ გარემოზე და ჩასაწერი აღჭურვილობისა და მიკროფონების მახასიათებლებზე.

კლასიკური გიტარის სავსე, დაბალანსებული ჟღერადობის მისაღებად გამართლებული იქნებოდა მიკროფონების ინსტრუმენტისგან დაცილება, ცხადია, ჩასაწერი ფართის აკუსტიკის გათვალისწინებით. ასეთ დროს რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი:

  1. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იქნება მიკროფონი, რომელიც ნატურალურ ბგერას მინიმალურ შეფერილობას ამატებს. რათა არ მოხდეს კედლიდან ასხლეტილი, დაბრუნებული ხმის ფიქსირება. ასეთ დროს ყველაზე ხელსაყრელი მცირე დიაფრაგმიანი ტიპის მიკროფონია მისაღები.
  2. კლასიკური გიტარა შედარებით ჩუმი ინსტრუმენტია. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ  შესაძლოა მიკროფონების დაყენება შორს იყოს საჭირო, აუცილებელი იქნება ისეთი მიკროფონებისა და წინაგამაძლიერებლის გამოყენება, რომელსაც საკუთარი ხმაურის დონე დაბალი აქვს, მაღალი “გეინის” დროსაც კი.
  3. ჩასაწერი გარემო უნდა იყოს განსაკუთრებულად ჩუმი. უნდა გააჩნდეს კარგი აკუსტიკური მახასიათებლები და არ უნდა იყოს პატარა ზომის.

ყოველივე ზემოდჩამოთვლილის გარდა, კარგი ხარისხის ჩანაწერს მიკროფონების პოზიციონირების სწორად შერჩეული სტერეო მეთოდი განაპირობებს. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

  1. მეთოდი AB ყველგანმიმართული (Omni) მიკროფონების გამოყენებით. ასეთი მეთოდით ჩაწერისას აკუსტიკურ გარემოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ყველგან მიმართული მიკროფონები ძალიან მგრძნობიარენი არიან კედლებიდან ასხლეტილი და დაბრუნებული ტალღების მიმართ. ვინაიდან მხოლოდ ერთი სოლო ინსტრუმენტის ჩაწერაზეა საუბარი, (პარალელურ) მიკროფონებს შორის დაცილება არ უნდა იყოს დიდი (მაქსიმუმ 45-50 სმ). ხოლო მიკროფონების დაშორება ინსტრუმენტისგან დამოკიდებულია ინსტრუმენტის ხარისხზე, აკუსტიკურ გარემოზე, ნაწარმოების ხასიათზე და ა.შ.  თავდაპირველად შეიძლება 90 სმ-ზეც კი დავაცილოთ ხმის წყაროს, შემდეგ კი თანდათან დავაახლოვოთ ოპტიმალურ დისტანციამდე. ატარეთ ექსპერიმენტი, სანამ იდეალურ ჟღერადობას არ მიიღებთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროფეისონალ გიტარისტებს არ უყვართ როდესაც ჩანაწერში ბევრია სიმისა და ფრჩხილის ხმა. ანუ, ზედმეტად ახლოს მისვლაც არ არის სასურველი. ასეთი მეთოდით ჩაწერისას საკმაოდ ხშირია იატაკიდან ასხლეტილი და დაბრუნებული ხმის პრობლემა. გამოსავალი შემდეგშია: იატაკზე, მუსიკოსსა და სტერეო მიკროფონებს შორის ემატება კიდევ ერთი წყვილი მიკროფონი. იმისთვის რომ იატაკიდან წამოსულმა ფიზიკურმა ხმაურმა არ გააფუჭოს ჩანაწერი, მიკროფონებს რბილ მასალაზე ათავსებენ. არსებობს მიკროფონების სპეციალური ტიპიც, რომელიც ზუსტად ასეთი საქმისთვის გამოიყენება (Boundary Mic). ასეთი ტიპის მიკროფონების გამოყენება ასევე გამართლებულია ცოცხალი კონცერტების ჩაწერის დროსაც, როდესაც სადგამზე დამაგრებული მიკროფონების გამოჩენა არ არის სასურველი. საბოლოო ჯამში, AB მეთოდით გაკეთებული ჩანაწერი საკმაოდ ღრმა და ფართო სიხშირული დიაპაზონით გამოირჩევა, თუმცა არსებობს უარყოფით მხარეც – ჩანაწერი შესაძლოა არ იყოს თავსებადი მონო მიქსირების შემთხვევაში და საკმაოდ არასასიამოვნო ჟღერადობაც გააჩნდეს.
  2. ბლუმლეინ” მეთოდი (Blumlein Pair) – შექმნილია გამოჩენილი ხმის რეჟისორის ალან ბლუმლეინის მიერ 1930 იან წლებში. ამ ხერხით ჩაწერისთვის იდეალური აკუსტიკური პირობებია საჭირო. სასურველი აკუსტიკური დარბაზის ან სტუდიის შემთხვევაში, ჩანაწერი შესაძლოა სხვა დანარჩენ მეთოდებზე უკეთესი გამოვიდეს. ბლუმლეინით ჩაწერისას ორი ცალი რვიანი დიაგრამის მიკროფონია საჭირო (Figure 8). იგივე ხერხი სხვა ტიპის მიკროფონების საშუალებითაც მიიღება, თუმცა რვიანით გაცილებით იოლი მისაღწევია. მთავარი პრინციპი გადაჯვარედინებული მიროფონებია (90 გრადუსიანი კუთხით), სადაც მიკროფონის წინა მხარე იღებს ინსტრუმენტის ხმას, უკანა კი – ოთახის აკუსტიკას. ასეთი ტიპის მიკროფონებისთვის იატაკიდან ასხლეტილი ხმა პრობლემას არ წარმოადგენს. უკანა მხრიდან აღებული აკუსტიკის ხმა მეტად ნატურალურია და, სხვა მიმართული ტიპის მიკროფონებისგან განსხვავებით, ღერძის მიღმა არსებული ხმა უფრო თანაბარი. მაგრამ თუკი ჩასაწერი სივრცე არ არის იდეალური, ასეთი მეთოდი კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს აკუსტიკის პრობლემებს. ცოცხალი კონცერტის ჩაწერისას კი საკმაოდ ბევრი ხმაური შემოვა დარბაზიდან.
  3. XY სტერეო. ასეთი მეთოდით ჩაწერისას კარდიოიდული მიკროფონების წყვილი გამოიყენება, რომელთა თავები ერთმანეთის თავზეა განლაგებული და უკანა მხარე ასევე 90 გრადუსიან კუთხეს ქმნის. შესაძლოა კუთხე უფრო მეტადაც იყოს გაშლილი, მეტი სტერეო ეფექტის სურვილის შემთხვევაში. ასეთი ხერხით ჩაწერისას ოთახის ხმა ნაკლებად შემოდის ჩანაწერში. რის გამოც, მისი მცირე ზომის ოთახებში გამოყენებაა გამართლებული. ცხადია, კარგი იქნება ცოცხალი კონცერტების ჩაწერისასაც. XY კარგად ჟღერს მონო ფორმატშიც. სამაგიეროდ, სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, მისი სტერეო ჟღერადობა შედარებით ვიწროა, განსაკუთრებით ყურსასმენებით მოსმენისას. ნაკლებად ფიქსირდება აკუსტიკური გარემოც. მიკროფონის ღერძის მიღმა არსებული ჟღერადობა შედარებით უხეში აქვს, ვიდრე “რვიანი” ან “ომნი” მიკროფონების შემთხვევაშია. ეს განსაკუთრებით ფართედიაფრაგმიანი კარდიოიდული მიკროფონებით ჩაწერისას არის შესამჩნევი. ვიწროდიაფრაგმიან კარდიოიდულ მიკროფონების გამოყენებისას კი ჩანაწერის ჟღერადობა შედარებით მარტივად პროგნოზირებადია – გამორჩეული თანასწორი პოლარული დაფარვითა და ჟღერადობით.
  4. ORTF მეთოდი საკმაოდ ახლოს დგას XY თან. აქაც კარდიოიდული მიკროფონების წყვილი გამოიყენება, თუმცა XY სგან განსხვავებით მიკროფონების დაშორება 17,8 სანტიმეტრია. გადაკვეთის კუთხე კი – 110 გრადუსი. მიკროფონებს შორის დაშორება პრაქტიკულად იდენტურია ადამიანის ყურებს შორის არსებული მანძილისა, ამიტომ მისი ჟღერადობა როგორც ყურსასმენებში ასევე მონიტორებში საკმაოდ ნატურალურია. მსგავსად XY ის მეთოდისა, ORTF ნაკლებად იღებს დარბაზისა თუ ოთახის აკუსტიკას, მაგრამ სტერეო გაშლა შედარებით მეტი აქვს.
  5. M/S (mid/side) სტერეო ჩაწერა ორი განსხვავებული ტიპის მიკროფონით ხორციელდება – 1 კარდიოიდული და 1 რვიანით, სადაც კარდიოიდა პირდაპირ ხმის წყაროსკენ არის მიმართული, რვიანი კი მის პერპენდიკულარულად. პირველი მიკროფონი მონო სიგნალზეა პასუხისმგებელი, მეორე კი, აკუსტიკისთვის. რვიანი მიკროფონის მონო სიგნალი სპეციალური მეთოდით იყოფა ორ მონო არხად, რომლის დროსაც ერთ-ერთი არხის ფაზა იცვლება. M/S ჩაწერის უპირატესობა ის არის, რომ მიკროფონების პოზიციის შეცვლის გარეშე შესაძლებელია დაამატოთ ან დააკლოთ ოთახის აკუსტიკა, ჩაწერის პროცესშიც კი, რომლის შეცვლაც მოგვიანებითაც იქნება შესაძლებელი. რა თქმა უნდა, მონო მიქსიც იდეალურად გაიჟღერებს. ამის გამო, ეს მეთოდი საკმაოდ პოპულარული გახდა რადიოსა და ტელევიზიებში. მიკროფონის ღერძის მიღმიერი ჟღერადობა ნაკლებად მნიშვნელოვანია, რადგან მიმართული მიკროფონი ისედაც მკაფიოდ იღებს ინსტრუმენტიდან წამოსულ სიგნალს, გარე რეზონანსებზე კი რვიანი მიკროფონია პასუხისმგებელი, რომლის ღერძის მიღმიერი ხმა გაცილებით სუფთა და რბილია, ვიდრე XY ის ან ORTF ის შემთხვევაში.

კლასიკური გიტარის ჩაწერა სხვა ინსტრუმენტებთან თანხლებით

ასეთი ჩაწერის დროს მთავარია გავაცნობიეროთ ამოცანა, თუ როგორ გვესახება კლასიკური გიტარის ჟღერადობა სხვა ინსტრუმენტებთან მიმართებაში. უპირველეს ყოვლისა, გასარკვევია, გიტარა სოლირებს, აკომპონირებს თუ უბრალოდ ანსამბლის რიგითი წევრია. დავუშვათ საუბარი ანსამბლზეა, მაშინ ცხადია, რომ ყველა ინსტრუმენტი თანაბრად უნდა ჟღერდეს და თუკი ჩასაწერი სივრცე იძლევა სათანადო საშუალებას, განვალაგოთ მუსიკოსები მიკროფონების სტერეო-წყვილთან  იმგვარად, რომ მათ შორის იდეალური ბალანსი იყოს. ანუ, აქცენტი ამ დროს უნდა გაკეთდეს არა “სპოტ” მიკროფონებზე (ინდივიდუალურ მიკროფონებზე ანსამბლის ყოველი წევრისთვის), არამედ სტერეო წყვილზე. იმ შემთხვევაში, თუკი ოთახი პატარაა და ანსამბლის წევრების გადაადგილება შეუძლებელია, მოგვიწევს “სპოტ” მიკროფონებით მუშაობა. ასეთ შემთხვევაში, გიტარის ჩაწერისას, მაქსიმალურად უნდა შეეცადოთ არ დააყენოთ მიკროფონები ზედმეტად ახლოს, განსაკუთრებით კი მიმართული მიკროფონების შემთხვევაში. ხარისხიან კარდიოიდულ მიკროფონს საკმაოდ კარგი დაბალი სიხშირეები აქვს და თუკი ის ზედმეტად ახლოს აღმოჩნდება ინსტრუმენტთან, შესაძლოა საკმაოდ “გუგუნა” ჟღერადობა მიიიღოთ. იყავით მზად იმისთვის, რომ ეკვალაზერის და რევერბერაციის გამოყენება დაგჭირდებათ.

სხვაგვარადაა საქმე კლასიკური გიტარის ორკესტრთან ერთად ჩაწერის შემთხვევაში. ცხადია, რომ აკუსტიკურად ორკესტრი გაცილებით ხმამაღლა გაიჟღერებს. რათა სასურველი ჰარმონიული ბალანსი მივიღოთ, აუცილებელი იქნება “სპოტ” მიკროფონის დაყენება. აქ გირჩევთ გამოიყენოთ პატარა დიაფრაგმიანი მიკროფონი, რბილი მაღალი სიხშირეების მაჩვენებლით. მიკროფონის განთავსება სასურველია 45-60 სმ დისტანციაზე. მთავარი ამოცანაა ამ დროს გიტარა ორკესტრზე ოდნავ ხმამაღლა ჟღერდეს და თუკი მოგეჩვენებათ, რომ გიტარის ხმა ზედმეტად მონოფონურია, დაამატეთ მეორე მიკროფონიც ზუსტად იგივე დაშორებით (დისტანცია მიკროფონებს შორის – 15-17 სმ). მიკროფონების 100% იანი პანორამირება კარგად “ჩასვამს” გიტარას ორკესტრის საერთო სურათში. გამონაკლისი შეიძლება იყოს DPA 4099. ამ მიკროფონს იმდენად კარგი სიხშირული მონაცემები აქვს, რომ თამამად შეიძლება გიტარაზე დამაგრება.

კლასიკური გიტარა და გამაძლიერებელი

ყველასათვის კარგად ცნობილი “ფიდბეკის” გამო, ზოგადად ყველა აკუსტიკური ინსტრუმენტი ახლო (“სპოტ”) მიკროფონით ხმოვანდება. განსაკუთრებით ისეთი ჩუმი ინსტრუმენტები, როგორიც კლასიკური გიტარაა.  საუკეთესო მიკროფონისა და ძვირფასი აკუსტიკური სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი გახმოვანებული კლასიკური გიტარა არ იქნება ისეთივე კარგი ჟღერადობის, როგორც ნატურალური აკუსტიკური ჟღერადობის დროს გააჩნია. ამიტომ, ეს ყოველთვის კომპრომისია. ასეთ დროს ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალი დამატებითი ჩამწერი მიკროფონის დაყენება იქნება. მიკროფონის შერჩევა უნდა მოხდეს საგულდაგულოდ, რადგან აკუსტიკური სისტემიდან წამოსული გაძლიერებული სიგნალი აუცილებლად დაბრუნდება ჩასაწერ მიკროფონში.

დასკვნა

კლასიკური გიტარის ჩაწერისას მთავარი რამ, რაც უნდა გახსოვდეთ არის მისი რეალისტური, ნატურალური ბგერის შენარჩუნება. სანამ დააპირებთ ამ ინსტრუმენტის ჩაწერას, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ჩასაწერი ფართის აკუსტიკა ოპტიმალურია ამ ინსტრუმენტის ხარისხიანად გასაჟღერებლად. ჩაწერის დაწყებამდე უნდა დააკვირდეთ არეკლილ და დაბრუნებულ ბგერებს, ინსტრუმენტის მდგომარეობას, შემსრულებლის ოსტატობას, ჩასაწერი ნაწარმოების ხასიათს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოთ რომელი სტერეო ჩაწერის მეთოდს გამოიყენებთ. ჩანაწერის დამუშავებისას სასურველია რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოთ ხელოვნური რევერბირაცია, კომპრესორი ან ეკვალაიზერი და თუკი მაინც დაგჭირდათ, ჩანაწერში ის არ უნდა იგრძნობოდეს.

გისურვებთ წარმატებულ ჩაწერებს

მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა

24.11.18

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”