საავტორო სტუდია

ქართული სიმახინჯის კონკრეტულ ასპექტზე

edzgveradzeგია ეძგვერაძე

წყარო: “ლიბერალი”

ის, რაც მოხდა, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და არ ეწერება!

და… იმდენად ს ი მ ბ ო ლ უ რ ი ა, რომ უკლებლივ ყველა ნიჭიერი ადამიანისთვის, ვისაც აბსტრაქტული აზროვნების უნარი გააჩნია, სულიერი ორიენტაციისთვის გადამწყვეტ ბიძგად შეიძლება იქცეს

* * *

ახალგაზრდების ინციატივით შექმნილი სახელოვნებო ინსტიტუცია “კამპუსი” ერთ ძირეულ მიზანს ისახავდა – საქართველოში შემოეტანა, პოპულარიზაცია გაეწია და დისკურსულად დაემუშავებინა დასავლური კულტურული ვიზუალური აღმნიშვნელები და ასევე რადიკალური და აქტუალური თეორიული ტექსტები, რომლებიც ქართულ საზოგადოებას რეალურად აზიარებდა (აქ კულტურული ზიარება იგულისხმება – და არა ჩვენი ამჟამინდელი ეკონომიურ-პოლიტიკურ-სოციალური ალიაქოთი) დასავლეთის ახალი დროის მოწინავე და ასევე აქტუალურ აზროვნებასთან და ამით ჩვენში “გახსნილი საზოგადოების” ფუნდამენტის შექმნას დაეხმარებოდა (რომელიც უკვე მერე ქმნის რეალურ შესაძლებლობას საზოგადოებამ ალიაქოთის გარეშე აითვისოს პოლიტ-სოც-ეკონომიკური პროგრესული სიახლეები).

ახალგაზრდებმა ადგილიც იშოვეს – ლამაზი ძველი ბინა ვერაზე (ფულს თავისი ჯიბიდან იხდიდნენ) და ოთხი თვეა უაქტიურესად ჩაებნენ საქმიანობაში. კურსები ხელოვნებათმცოდნეობაში, ფერწერაში, ფოტოგრაფიაში, არქიტექტურაში (ჟანრის დასავლელი და ადგილობრივი წამყვანი სპეციალისტების მიერ წარმართული –  გოგი ხოშტარია, ანგუს ლიდლი ბრაუნი, მაია ნავერიანი და ა.შ.) ფილმის ჩვენება/გარჩევა, ევროპელი და ჩვენი მხატვრების პერფორმანსები, დისკუსიები და, რაც მთავარია, ლექციები. სამლექციიანი კურსი რადიკალურ, მარგინალურ ფილოსოფიაზე წაიკითხა კოკა ბრეგაძემ; ვიწრო წრეში კოლოკვიუმი ჩავატარე მეც (იყო ასევე სამომავლოდ დაგეგმილი ლექციები ძალიან საინტერესო პიროვნებებთან). ლექციები ისეთ თემებზე, რომელიც ჩვენს საზოგადოებრივ ცნობიერებაში სრულიად არ არის ათვისებული. და აი, აქ დაიწყო პრობლემები – ფილოსოფიის ლექციები ძალიან პოლარული იყო და ზოგჯერ 100-150 კაციც კი ესწრებოდა. ამიტომ “კამპუსი” ხმის გამაძლიერებლებს ხმარობდა. ასე რომ, ლექციები ქუჩაშიც და ეზოშიც ესმოდა დამსწრეებს, გამვლელებს. თანაც “კამპუსმა”, დასავლეთში ამ ტიპის ინსტიტუციების მსგავსად, თავისი კარი ადგილობრივ მოსახლეობას – ბავშვებს და მოზრდილებს ფართოდ გაუღო, სწორედ იმ მისიით რასაც საზოგადოებაში კულტურის შეტანა ჰქვია! და სწორედ ეს იყო ის, რასაც“ადგილობრივი ფონის გაუთვალისწინებლობა” ჰქვია! და დრამა სწორედ აქ დაიწყო და ძალიან სწრაფად უსაზიზღრეს მოვლენაში გადაიზარდა, ისეთში, როგორმაც მთელი ჩვენი საზოგადოების ჩაშავებულ/ჩანეშომპალებული სულის მდგომარეობა გამოაჩინა. არავინ მითხრას რაც მოხდა კლინიკური შემთხვევააო – სწორედაც რომ პირიქით – უსიმპტომატურესია!

ლექციაზე გაჟღერებული ნიცშეს, ფუკოს და სხვა დასავლელი ფილოსოფოსების ცნობილი ციტატები,“ღმერთი მოკვდა”, “ადამიანი ჩამთავრდა”-ის მსგავსი, რომელიც ქუჩაში გაიგონეს ხალხმა და მეზობლებმა, ჯერ ქართულ ჩამეზობლებულ/ჩანათესავებულ/ჩაძველბიჭებული ჩოჩქოლის მიზეზი გახადა; მერე კი დაწიკულმა და რელიგიური იდეოლოგიისგან გაბრუებულმა მოსახლეობის ნაწილმა ეს ლექცია/”თავშეყრები” “სატანიზმად” მონათლა და თავისი ბავშვებიც აზიარა ასეთ სიბრძნეს!!! “კამპუსის” ტერიტორიაზე კეთილად დაშვებულმა ბავშვებმა და მოზარდებმა მოწვეული ლექტორების ლექციებზე “არევა” დაიწყეს და გამოსვლები ჩაშლის ზღვარზე მივიდა. ბოლო ლექციაზე ასეთი უსიამოვნო ინცინდენტების დროს წყობიდან გამოსულმა ცენტრის დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა მიშა ხუნდაძემ (უკეთილესმა და უწესიერესმა ადამიანმა!) მკაცრად მოსთხოვა მოზარდებს სალექციო სივრცის დატოვება. “ბავშვები” (ქართულ რეალობაში ხომ ბავშვად მანამდე რჩები, სანამ დედა ცოცხალი გყავს) გაიქცნენ და თავის დამცველ ვაჟკაც-ბედოვლათებს შესჩივლეს – “კამპუსში” გვაგინეს და გამოგვყარეს სატანისტებმაო! ჰოდა, ერთ-ერთი ყველაზე გულგამოდებული “ქრისტიანი” მებრძოლი დანით მოვარდა “კამპუსში” – “მიშა ვინ არიო?” კიოდა და მიშას დანახვისთანავე გულის არეში დანა ჩასცხო, მიუხედავად იმისა რომ, მიშას, ცოლი გადაეფარა! ამ “ქრისტეს ერთგულს” მეორე ხელში კრიალოსანი ეჭირა! ჩვენი ქალაქის ცხოვრებისთვის ეს ზუსტად ის პროგრესიაა, რაც მოსალოდნელი იყო. ანუ – მამაოს ტაბურეტკით ნამოძღვრალი მორწმუნე დანაზე გადავიდა (ზოგადად ყველა რჯულის იდეოლოგისტის სიტყვიდან დანაზე გადასვლა ერთმნიშვნელოვანი და უცილობელი პროგრესიაა – მართლა სატანისტი იქნება ეს, კომუნისტი, ფემინისტი თუ მართლმადიდებელი!).

მიშა სისხლისგან იცლებოდა ეზოში და, რომ არა პირველი დახმარების მცოდნე ინგლისელი ფოტოგრაფი ანგას ბრაუნი, სიკვდილს ვერ გადურჩებოდა! მიშა ფილტვში დაიჭრა და რთული ოპერაციის შემდეგ ოთხი დღე რეანიმაციაში გაატარა!

სიკვდილს გადარჩენილი ახალგაზრდა კაცი, დაშოკილი და ტრავმირებული მშობლები და ნათესავები, გაოგნებული მეგობრები და სამშობლოზე კიდევ ერთხელ გულაცრუებული მრავალი ახალგაზრდა – ესაა ამ სავალალო კერპთაყვანისმცემლობის შედეგი, რომელსაც ჩვენში რწმენას და მართლმადიდებლობას ეძახიან!  – ჩვენი საზოგადოების სერიოზული ავადმყოფობის აშკარა სიმპტომი!

“კამპუსი” (დროებით) მაგრამ მაინც დაიკეტა – ასეთი ბოროტების, სიბნელისა და სიგოიმის ატმოსფეროში წარმომიდგენია, რომ გონებანათელ ახალგაზრდებს არ შეეძლოთ და არც უნდოდეთ მუშაობა და საზოგადოების სიკეთეზე ფიქრი. ასე აცლის ინციატივას ყოველგვარ ქანცს ჩვენში გონების სიბეცე და დავრდომილობა! ასეთი სავალალო სიტუაციაში აღმოჩნდა ყველაზე კეთილგანწყობილად მოქოქილ ახალგაზრდათა წინსვლის სურვილი! ასეთი გაჭუჭყიანებულია ქართული არაცნობიერი, ასე მიგდებული და ინტელექტუალურად ჩაშვებულია უბრალო ადამიანი ჩვენთან – ეკლესიის აგიტ-პროპაგანდის ამარა დარჩენილი და მართლმადიდებლობის დასაცავად ცალ ხელში კრიალოსნითა და მეორეში ტაბურეტკით, ან სულაც უკვე დანით მომარჯვებული. ასეთია ერის ბედი/კარმა – რომლის ნება არ ისწრაფვის შუასაუკუნოვანი ძილისა და სიზმრებიდან გამოსვლას, ცრურწმენების გამოქვაბულიდან გამოძრომას.

სად იყურება ტელევიზია? სად არიან “ბასრი კალმის” მქონე ჟურნალისტები? – იმსახურებს დღეს რომელიმე მასალა უფრო დიდ და სერიოზულ გაანალიზებას? თუ, ისევე როგორც მთავრობას, ჩვენს მედიასაც ეკლესიის შიშ/რიდი აქვს შეჩენილი ან სულაც ფარისევლურად ეკურკუმულავება მას? მთავრობა ხომ სულ ამ  ყბადაღებული 90%-ის წარმომადგენლის მოსყიდვის მცდელობებშია!

ეს რა ჭირი დაგჩემდა “მძინარა” და “ბედკრულო” “წილხვედრო”?… … …

რა გეშველება?

P.S. ყველა ჩვენგანის ვალია, დღეს“კამპუსს” დავეხმაროთ.

შევუქმნათ საშუალება კვლავ ფეხზე დადგეს და გააგრძელოს ჩვენი შვილებისთვის, უფრო კი შვილიშვილებისთვის უსაჭიროესი საქმე – ჩვენი ქართული დაჭყლეტილ/დაცომებული ცნობიერებისთვის ფორმის მიცემა და მისთვის სინათლის გამტარობის აღდგენა. თუ ვინმეს გაქვთ საინტერესო იდეა “კამპუსის” ახალი ადგილმდებარეობისთვის, იცოდეთ – კამპუსის კოორდინატებია: Info@campus.org.ge

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”