საავტორო სტუდია

ორკესტრის გახმოვანება და ჩაწერა კვლავ პრობლემად რჩება

imageკლასიკური მუსიკის კონცერტების გახმოვანება იოლი არასოდეს ყოფილა. მსგავსი კონცერტის ბუნებრივი ჟღერადობის მიღება მხოლოდ აკუსტიკურად, გაუხმოვანებელი გზით არის შესაძლებელი, მაგრამ დიდი დარბაზების ან ღია ცის ქვეშ კონცერტის ჩატარების შეთხვევაში გახმოვანება აუცილებელია. სასურველი ხარისხის მიღება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. სამწუხაროდ, ეს ხშირად ასე არ ხდება რიგი მიზეზების გამო.

ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი თავის ფეისბუკ გვერდზე ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილების შესახებ წერს:

“დიდი მადლობა დათო ევგენიძეს, ლიზას, დავით მალაზონიას და ანსამბლ ირიაოს, მირიან ხუხუნაიშვილს და სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრს!კიდევ ერთხელ ვისიამოვნე თქვენთან ერთად მუზიცირებით…თუმცა დღეს კონცერტზე არც ერთმანეთის გვესმოდა,არც საკუთარი ხმა გვესმოდა, უმეტესი ადგილები არც ტელევიზიით ისმოდა…რატომ??? რაში ხარჯავთ ასე უაზროთ სახელმწიფო ფულს? რატომ უნდა ჩავარდეს წყალში ამდენი ნაშრომი? ნუთუ პასუხისმგებელი არავინაა.?! დილეტანტიზმი და უხარისხო გახმოვანება როდემდე უნდა იყოს??? 
21 საუკუნეა!!!”

შოთა გოგოძე, კლარნეტისტი (ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიული ორკესტრის სოლისტი): 

“ესეიგი…როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს აღარ ვიცი რა…
ეხლა მოვისმინე კონცერტის ჩანაწერი
ჯერ რა ჟღერადობაააა??!!
ვაიმეეეე კატასტროფა. სცენაზე სულ სხვა ჟღერადობა იყო მიუხედავად იმისა რო აკუსტიკა არ იყო საერთოდ…
(ანდა რა აკუსტიკა უნდა ყოფილიყო გამართულ სცენაზე)
მაგრამ მაინც ჟღერდა ორკესტრი…
მერე მიკროფონების ჩართვა გამორთვა წამდაუწუმ…
ესე ძნელია?? არ ვიცი რა…. სიტყვები არ მყოფნის ეს რა არის..??? სირცხვილია რა…აღარ შეუძლება..ამის ატანა…
ან იქირაოს ვინმე პროფესიონალი ან რაღაც მოიფიქროინ კომპეტენტურმა პირებმა ვისაც ეხება გახმ
ვანების ხარისხის
კონტროლი თუ არსევობს ეგეთი ინსტანცია …”

* * *

ორიოდე ათეული წლის წინ, როდესაც არც ნორმალური საკონცერტო აპარატურა არსებობდა და არც კვალიფიური ხმის რეჟისორები, ჩვენ (მუსიკოსები თუ მსმენელები) ხშირად გამოვთქვამდით უკმაყოფილებას და ვცდილობდით რამენაირად მოვრგებოდით არსებულ რეალობას. ხმის რეჟისორებიც ჩვენს მხარდამხარ იზრდებოდნენ და იხვეწებოდნენ. ბევრმა მათგანმა ასობით ჩატარებულ კონცერტზე მიიღო გამოცდილება, ზოგიერთმა კვალიფიკაცია საზღვარგარეთ აიმაღლა. გვყავდა უცხოელი სპეციალისტებიც, რომელთა საშუალებითაც დავინახეთ, რომ ჩვენს ხელთ არსებული აპარატურით შესაძლებელია ხარისხიანი კონცერტის ჩატარება…

გავიდა წლები, ქვეყანა გაივსო სხვადასხვა კომპანიების მიერ ჩამოტანილი ხარისხიანი საკონცერტო აპარატურითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით. აიწია ხმის რეჟისურის დონემაც. გაიზარდა ხარისხზე მოთხოვნაც.

მიუხედავად ამისა, ჩვენ დღემდე გვაქვს არაერთი პრობლემა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს.

ერთია გაახმოვანო თანამედროვე ინსტრუმენტალური მუსიკა, ჯაზი, პოპი, როკი და ა.შ. და სხვაა გაახმოვანო და მითუმეტეს პირდაპირი ვიდეო ტრანსლაცია განახორციელო აკადემიური ორკესტრის კონცერტისა. კლასიკურ მუსიკას, სიმფონიურ ან კამერულ ორკესტრს თავისი სპეციფიკა გააჩნია. მის გახმოვანებას ან ჩაწერას საგანგებო ცოდნა ესაჭიროება და რაც არ უნდა გაწაფულ ხმის რეჟისორს დავაკისროთ მისი გახმოვანება, თუკი მას ამგვარი ცოდნა არ გააჩნია, ხარისხის მიღება პრაქტიკულად წარმოუდგენელია.

პრობლემა ორმხრივია: 1. აკადემიური ორკესტრის სპეციფიკის, ჟღერადობის, სექციების განლაგების, ინსტრუმენტების დიაპაზონის და სხვა საჭირო ინფორმაციის ქონა (აკადემიური მუსიკალური განათლება) 2. ტექნიკური ბაზა, რითაც განხორციელდება გახმოვანება ან ჩაწერა.

ამას ემატება ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ორკესტრის გახმოვანება და ჩაწერა (ან ვიდეო ტრანსლაცია) ორი სრულიად განსხვავებული ამოცანაა, რომელთა შერწყმა, ხშირ შემთხვევაში, ხარისხის დაკლებას და კომპრომისებს ნიშნავს.

გამოსავალი, ცხადია, არსებობს და ეს სულაც არ წააგავს ახალი ველოსიპედის გამოგონებას. მსგავსი კონცერტების გახმოვანების, ჩაწერის და ტრანსლაციის ხერხები დიდი ხანია ცნობილია და ეს ჩვენს ქვეყანაშიც არაერთხელ განხორციელებულა. მაგალითისათვის მინდა მოვიყვანო რადიო “მუზას” მიერ არაერთგზის განხორციელებული ჩაწერა ან პირდაპირი ტრანსლაცია გახმოვანებული კონცერტებისა, როდესაც გასახმოვანებელი მიკროფონების პარალელურად ხდებოდა ჩამწერი მიკროფონების დამატება. სამწუხაროდ რადიო “მუზამ” (დროებით) შეწყვიტა თავისი არსებობა და ამ საქმეს დღეისათვის “საავტორო სტუდია” განაგრძობს.

მსგავსი კონცერტის გახმოვანება-ჩაწერის დროს ერთდროულად და შეთანხმებულად ორი დამოუკიდებელი გუნდი უნდა მუშაობდეს: 1. გამხმოვანებელი და 2. ჩამწერი. არ არსებობს სამყაროში ხმის რეჟისორი, რომელიც ორივე დავალებას ერთნაირად კარგად შეასრულებს. გახმოვანების დროს მიკროფონების მგრძნობიარობის გამო ხმის რეჟისორი იძულებული ხდება საგანგებო ფილტრებით (ეკვალაიზერით) ჩაჭრას გარკვეული სიხშირეები, მაშინ როცა ჩამწერი ხმის რეჟისორი ფილტრების გვერდის ავლით იღებს სასურველ სიგნალს. არის სხვა მრავალი ნიუანსი, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია როგორც ერთი, ასევე მეორე ხმის რეჟისორის მიერ.

მსგავსი კონცერტების დროს საჭიროა ტექნიკური ამოცანის ზუსტად განსაზღვრა და რესურსის სწორად გადანაწილება. შეუძლებელია ადამიანმა ერთდროულად გაახმოვანოს და ჩაწეროს კონცერტი. აღარაფერს ვამბობ ტელე ან რადიო ტრანსლაციაზე, რომელსაც, როგორც წესი, კიდევ ერთი დამოუკიდებელი გუნდი ემსახურება. თუკი მომავალში მსგავსი კონცერტების ორგანიზატორები გაითვალისწინებენ ყველაფერ ამას, ხარისხი აუცილებლად მოიმატებს და უკმაყოფილებაც ნაკლები იქნება როგორც შემსრულებლების, ასევე მსმენელის მხრიდან.

დავით ხოსიტაშვილი

“საავტორო სტუდიის” ხმის რეჟისორი, რადიო “მუზას” ტექნიკური მენეჯერი, სამების საკათედრო ტაძრის ხმის რეჟისორი, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის ხმის რეჟისორი

2015 წელი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”