საავტორო სტუდია

ნუღარ იდარდებთ სტუდიის აკუსტიკისათვის

Studio-upალბათ მრავალი თქვენთაგანი განიცდის იმას, რომ საშინაო პირობებში მოწყობილი სტუდიის აკუსტიკა არადამაკმაყოფილებელია ხმის ჩაწერისათვის. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ თუკი კარგად შეისწავლით თქვენი საშინაო სტუდიის აკუსტიკას, კედლებზე აკუსტიკურ პანელებს გააკრავთ, დააყენებთ საგანგებო დაბალი სიხშირის ჩამხშობებს და ა.შ. თქვენს სახლში პროფესიონალური სტუდიის აკუსტიკას მიიღებთ. სამწუხაროდ, მომიწევს შეხსენება, რომ თქვენ იმყოფებით არა პროფესონალურ სტუდიაში, არამედ საკუთარ სახლში.

სახლში ვერასოდეს გაიჟღერებს ხმა ისე, როგორც პროფესიონალურ სტუდიაში.

ეს სამწუხარო რეალობაა, თქვენი სახლი ვერასოდეს  გახდება პროფესიონალური ხმის ჩამწერი სტუდია, რადგან მას არ გააჩინია მოძრავი კედლები, იატაკი ან ჭერი, არ გააჩნია სასურველი ფორმები და ის არ აგებულა სპეციალურად ხმის ჩაწერისათვის.  თქვენი სახლი აშენდა როგორც საცხოვრებელი ფართი, საძინებელი,  ოფისი ან სარდაფი და არა როგორც ხმის ჩამწერი სტუდია. თქვენ მოგიწევთ ამ რეალობასთან შეგუება.

ცხადია, თქვენ შეგიძლიათ თქვენი საშინაო სტუდიის მოწყობა ისე, რომ მისი აკუსტიკა გაცილებით უკეთესი გახდეს, ვიდრე აქამდე იყო. მე ერთ-ერთ წინა პუბლიკაციაში მოგეცით შესაბამისი რჩევები. ვისაუბრე ასევე სტუდიური მონიტორების განთავსების შესახებაც. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს იმოქმედებს თქვენს მიქსზე. არსებობს საკმაოდ მარტივი გზები, რითაც თქვენ გაცილებით უკეთესს შედეგს მიიღებთ თქვენს სტუდიაში, მაგრამ თქვენ ვერასოდეს მიიღებთ პროფესიონაალური სტუდიის აკუსტიკის სტანდარტს.

სულაც არ არის ტრაგედია, თუკი თქვენს სტუდიას არ ექნება პროფესიონალური აკუსტიკური ჟღერადობა.

კარგი ამბავი ის არის, რომ მიუხედავად იმისა, თუკი საშინაო სტუდიაში ვერასოდეს მიიღებთ კარგ აკუსტიკას, თქვენ მაინც შეგიძლიათ შექმნათ პროფესიონალური ხარისხის ჩანაწერი. თქვენი მთავარი ამოცანა უნდა გახდეს არა ის, თუ როგორ გაიჟღერებს ხმა თქვენს ოთახში, არამედ ზოგადად როგორ გაიჟღერებს თქვენს მიერ ჩაწერილი მუსიკა. ამ ორ მიზანს შორის სხვაობა ძალიან დიდია.

რა თქმა უნდა, თუკი სტუდიაში კარგი აკუსტიკაა, ეს აიოლებს საქმეს, მაგრამ თქვენ მის გარეშეც შეგიძლიათ სასურველი შედეგის მიღება. და თუკი თქვენს ენერგიას მიმართავთ არა სტუდიის აკუსტიკის გაუმჯობესებისკენ, არამედ მიკროფონების სწორი პოზიციის შერჩევისკენ ან აუდიო ჩანაწერის სწორად “დამიქსვის” ხერხებისკენ, თქვენ მალევე მიიღებთ კარგ შედეგებს.

დამერწმუნეთ, მე ბევრ პროფესიონალურ სტუდიაში მიმუშავია და, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთ სტუდიებში ჩაწერა, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის. კვირა არ გავა, რომ მცირე ზომის საშინაო სტუდიაში არ ჩავწერო რამე კარგი ჩანაწერი. ეს თქვენც შეგიძლიათ და არაფერი რთული ამაში არ არის. 

აი, ორიოდე რჩევა რომელიც მოგცემთ საშუალებას მაქსმუმი ამოიღოთ თქვენი საშინაო სტუდიიდან:

  • გამოიყენეთ მიკროფონის ახლო პოზიციის შერჩევის ტექნიკა.  რაც უფრო ახლოს იქმნება მიკროფონი ხმის წყაროსგან, მით ნაკლები შევა მასში ოთახის ხმა.
  • ნუ მოასმენინებთ მიკროფონს იმას, რაც არ გსურთ რომ თავად გესმოდეთ. გამოიყენეთ მიკროფონის “ზურგი” რათა არ შევიდეს მასში არასასურველი ხმები. მრავალი კარდიოიდული მიკროფონი არ იღებს ხმას უკნიდან. ამიტომ გამოიყენეთ ეს უპირატესობა და დააყენეთ მიკროფონი ზურგით იმისკენ, საიდანაც შესაძლოა არასასურველი ხმა მოდიოდეს.
  • მოისმინეთ თქვენს მონიტორებში პროფესიონალური ჩანაწერები, რათა იპოვოთ ოპტიმალური ადგილი მათ განსათავსებლად. ეძებეთ ადგილი მონიტორებისათვის მანამდე, სანამ საუკეთესო შედეგს არ მიიღებთ.   

გახსოვდეთ, რომ თქვენ უკვე გაქვთ შეზღუდვა არასასურველი აკუსტიკის სახით. ეს უბრალოდ რეალობაა და ამას ვერსად გაექცევით. ნუ შეებრძოლებით  შეზღუდვებს, არამედ მიიღეთ ისინი და გააგძელეთ მოძრაობა უკეთესი შედეგისაკენ.

სტატიის ავტორი:  Graham

თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”