საავტორო სტუდია

მივცეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს აკადემიური განათლება, ეს ძლიერი ქვეყნის საწინდარია

ნიჭიერთა ათწლედიროდესაც ბაკურ სულაკაურმა მისი კერძო სკოლა გახსნა, მიმიწვია მუსიკის პედაგოგად და მითხრა რასაც საჭიროდ ჩავთვლიდი ყველაფერი გამეკეთებინა, იმისათვის, რომ ჩემი მოსწავლეებისთვის მუსიკის სწავლა აქტუალური და სასიამოვნო ყოფილიყო. მართლაც ამ პერიოდში შევქმენი მთელი რიგი საიტერესო სავარჯიშოები სმენის, რიტმის, მეტყველების გასავარჯიშებლად, ჩემს მოსწავლეებთან ერთად მუსიკის შინაარსში წვდომის მცდელობებიც კი გვქონდა, ასევე სხვადასხვა საბავშვო საკრავებით ვცდილობდით მუსიკის შესრულებას. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ წლის ბოლოს ყველა მშობელს, რომელთა შვილებიც იყვნენ მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებულები ვაძლევდი რეკომენდაციას, რომ ისინი შეეყვანათ სამუსიკო სკოლებში სასწავლებლად.

ერთ-ერთი მათგანი იყო გიორგი შავთვალიშვილი, რომელსაც გააჩნდა ძალიან კარგი რიტმის გრძნობა, სმენა, მუსიკის მოსმენის და გაგების სურვილი. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როდესაც გიორგის დედა და მამა (ბელა ძმანაშვილი, თეიმურაზ შავთვალიშვილი) მოვიდნენ სკოლაში და წყვეტდნენ, რომელ სამუსიკო სკოლაში მიეყვანათ გიორგი.

აი, რას იხსენებს ქალბატონი ბელა:

„როდესაც გიორგი იყო პირველ კლასში, მისმა მუსიკის მასწავლებელმა, ქალბატონმა ნინო ჯანჯღავამ მთხოვა სკოლაში მივსულიყავი. მან მითხრა, რომ გიორგიმ მის თვალწინ ააწყო ბეთჰოვენის სიმფონია ზარებით, რომლებიც ბავშვებს ეკავათ. ქალბატონმა ნინომ მირჩია, რომ ასეთი სმენის მქონე ბავშვს აუცილებლად უნდა მიეღო მუსიკალური განათლება. ამის შემდეგ გიორგი ზ. ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა ათწლედში შევიყვანეთ და ახლაც იქ სწავლობს“.

გიორგი დღეს „ნიჭიერთა ათწლედის“ საფორტეპიანო განყოფილების მოსწავლეა. აი, რას მწერს მუსიკის, სკოლის და თავისი არაჩვეულებრივი პედაგოგის, ქალბატონ მანანა ბარათაშვილის შესახებ:

„მუსიკის მოსმენა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და უფრო მეტად მსიამოვნებს საყვარელი მუსიკის შესრულება. ფორტეპიანოზე დაკვრას მასწავლის მანანა ბარათაშვილი. ის მასწავლის შესრულებისას მხატვრული ხერხების გამოყენებას, რაც მთავარია მანანამ მიმახვედრა თუ რა სიამოვნებაა დაკვრა ჩემთვის და ჩემი მსმენელისთვის. მივხვდი რომ მუსიკა ჯადოქრობაა. ძალიან მიყვარს ნაცნობი და გაგონილი მელოდიების ინსტრუმენტზე აწყობა. დავდივარ მუსიკალურ სკოლაში, რომელსაც ჰქვია ნიჭიერთა ათწლედი. იქ სხვა ატმოსფეროა და არა მარტო ვსწავლობ ბევრ რამეს, არამედ ბევრი მეგობარიც მყავს და ჩემთვის იქ ყოფნა და სწავლა სახალისოცაა. ერთ-ერთი სიამოვნებაა და განსხვავებული გარემო იქმნება, როცა სცენაზე უკრავ. ეს ხდება როცა დახურულ, ღია ან საჩვენებელ კონცერტზე ვუკრავ. ეს საკმაოდ ხშირად ხდება. ვუკრავ საჩვენებელ კონცერტებზე, რომელიც ტარდება კონსერვატორიაში, საჯარო ბიბლიოთეკაში, კულტურის სამინისტროში“.

ეს გიორგის ერთ-ერთი გამოსვლაა

ახლა საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასასრულია, ხოლო ხელოვნების სკოლებში მისაღები გამოცდები.

საუკეთესო ნაბიჯი იქნებოდა განათლების სამინისტროს მხრიდან, კოორდინაციის გაწევა საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგებისთვის, რათა პედაგოგებმა გასცენ რეკომენდაციები მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისათვის. მუსიკალური განათლების მიღება კი შესაძლებელია სპეციალურ მუსიკალურ სკოლაში.

თბილისის ყველა უბანში არის ხელოვნების სკოლები, ასევე საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში. ამაში მერიის კულტურის სამსახურიც შეიძლება, რომ ჩაებას, ვინაიდან ისინი კურირებენ ხელოვნების სკოლებს, როგორც დედაქალაქში ასევე ჩვენი ქვეყნის სხვა ქალაქებსა და რეგიონებში.

მივცეთ ჩვენი ქვეყნის მომავალს აკადემიური განათლება, ეს ძლიერი ქვეყნის საწინდარია.

დაიმენდებული

ნინო ჯანჯღავა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”