საავტორო სტუდია

აუდიო ბალანსი და მასტერინგი

აღნიშნული სტატია განკუთვნილია იმ მუსიკოსებისთვის, ვინც საკუთარი ძალებით ცდილობს მუსიკის ჩაწერას. შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს დამწყები ხმის რეჟისორებისთვისაც.

აუდიო ბალანსი და მასტერინგი ისეთივე შემოქმედებითი პროცესია, როგორც მუსიკის დაწერა და შესრულება. ბალანსის მეშვეობით შესაძლებელია როგორც კარგად დაკრული მუსიკის “გაფუჭება”, ასევე ხარვეზებიანი ან უხარისხო ჩანაწერის გამოსწორება და კარგად აჟღერება.

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ საქმეში საზოგადოდ მიღებული კანონები არ არსებობს. ცხადია, არის რაღაც, რისი გაუთვალისწინებლობაც არ გამოვა, მაგრამ ზოგადად ყველა სპეციალისტი საუბრისას აღნიშნავს, რომ შემოქმედებითი და ექსპერიმენტული მიდგომა ყოველთვის მისასალმებელია. ის, რასაც ამ სტატიაში წაიკითხავთ არ წარმოადგენს ქრესტომატიულ ჭეშმარიტებას და კონკრეტული ხმის რეჟისორების ინდივიდუალური გემოვნებისა და გამოცდილების შედეგია.

ბევრისთვის შესაძლოა არც იყოს ცნობილი რა განსხვავებაა ბალანსსა და მასტერინგს შორის, ამიტომ სანამ პრაქტიკულ რჩევებზე გადავიდოდეთ, მცირე თეორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ.

ბალანსი და მასტერინგი – ზოგადი შედარება:

აუდიო ბალანსი ცალკეულად ჩაწერილი ინსტრუმენტების ერთმანეთთან მისადაგების პროცესია, ისე, რომ საბოლოო ჯამში ერთი ხმოვანი სტერეო არხი მივიღოთ. ამ პროცესისას ყურადღების განმახვილება ხდება ხმის სიმაღლეზე, პანორამირებაზე, ჟღერადობის სიმსუყეზე და ეფექტების მისადაგებაზე. რაც შეეხება მასტერინგს, აქ აზრი ორად იყოფა – პირველ შემთხვევაში მასტერინგი იწყება ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ნაწარმოების გადაწერა ერთ სტერეო არხზე მოხდება. მეორე შემთხვევაში კი ხდება უკვე ორ არხზე (ერთ სტერეო არხზე) გადაწერილი “ტრეკის” დამუშავება ეკვალაიზერითა და კომპრესიით იმგვარად, რომ შესაძლო აუდიო სიგნალის მაქსიმალურად მისაღები დონე და სასურველი ჟღერადობა მივიღოთ. ბალანსის პროცესი ორ ამოცანას ისახავს მიზნად: სხვადასხვა ინსტრუმენტული თუ ვოკალური არხის ერთიან ჟღერადობად გარდაქმნას და ე.წ. კომპიუტერული ხმოვანებისგან გათავისუფლებას, რათა ნაწარმოების ჟღერადობა იყოს მაქსიმალურად დინამიური და ლამაზი.

რამდენიმე რჩევა, სანამ ბალანსს დავიწყებდეთ:

  • ბალანსის დაწყებამდე ნუ დატვრთავთ თქვენს არხებს ისეთი ეფექტებით როგორებიცაა დილეი და მით უმეტეს კომპრესორი. 90% შემთხვევაში თქვენ მაინც მოგიწევთ მათი გადაკეთება. მხოლოდ იმ ეფექტების გამოყენებაა სასურველი, რომლებიც ხაზს უსვამენ ინსტრუმენტისა თუ ხმის ჟღერადობას. როგორებიცაა მაგალითად ფლენჟერი, ქორუსი, თუ სხვადასხვა სახის დისტორშენი (თუმცა სიფრთხილე და ზომიერება აქაც საჭიროა). მუსიკის ჩაწერისას აუცილებელიცაა ეფექტის გამოყენება, რათა მუსიკოსს არ მოუხდეს “მშრალი” ბგერით შესრულება (ეფექტი უნდა იყოს ჩართული “ინსერტში”, რაც იძლევა საშუალებას მოგვიანებით მოიხსნას ). მაგრამ ჩაწერის დასრულების შემდეგ სასურველია ეფექტი მოვხსნათ და მხოლოდ ბალანსის დაწყების შემდგომ ავამოქმედოთ.
  • მოერიდეთ პანორამირებას ბალანსის დაწყებამდე.
  • არ არის სასურველი ხმის სიმაღლის რეგულირება, სანამ არ დაიწყებთ ბალანსს. მაინც მოგიწევთ ცვლილებები.
  • დიდი აუცილებლობის საჭიროების გარეშე ნუ აქცევთ თქვენს სეკვენსერულ არხს ანალოგურად. ბალანსი ასეთ მდგომარეობაშიც შესაძლებელია მაღალი ხარისხით. მით უმეტეს, რომ შემდგომ ცვლილებებს ვეღარ განახორციელებთ. “დიდი აუცილებლობის” ქვეშ იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც გამოყენებული გაქვთ იმდენად “მძიმე” ინსტრუმენტები, რომელთა რეალურ დროში გადამუშავებაც უჭირს კომპიუტერს.    
  • გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ჟანრის მუსიკა შესაბმის ბალანსს ითხოვს და სანამ დაიწყებთ მუშაობას, მისმინეთ სხვათა ნამუშევრები.
  • მუსიკის შექმნა, ისევე როგორც სხვა სახის შემოქმედებითი პროცესი ძალიან იოლად შეიძლება გადაიზარდოს იდეალიზმსა და მაქსიმალიზმში. ეს კი განსაკუთრებულად მკვეთრად იჩენს თავს ბალანსირებისას. დაისახეთ მიზანი, შეიქმენით ერთგვარი ნიხრი, რომლის მიღწევის შემდეგაც გაჩერდებით და აღარ შეეცდებით უკეთესი შედეგის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის რისკი საბოლოო შედეგად მიიღოთ გადაპრანჭული და ნაწვალები ჩანაწერი. ანდა, სულად აბალანსოთ ერთი და იგივე ნაწარმოები მთელი ცხოვრების მანძილზე.
  • ბალანის დაწყებამდე მაქსიმალურად უნდა გავასუფთავოთ ყოველი არხი. მოვაცილოთ არასასურველი ხმაურები. უნდა გვახსოვდეს, რომ, ის რაც ჩვენ უმნიშვნელო წკაპად გვესმის, მაღალი ხარისხის აპარატურაში შესაძლოა ძალიან ხმამაღლა გაიჟღეროს.

ბალანსის დაწყებისთანავე ისმის კითხვა: რით დავიწყოთ? ეფექტებით, ხმის დონის გასწორებით, თუ პანორამირებით? როგორც ბევრი რამ ხმის რეჟისურაში, ეს საკითხიც ინდივიდუალურია. ამ ეტაპზე ერთ-ერთი კონკრეტული ხმის რეჟისორის გამოცდილებას დავეყრდნობით. ის ეფექტის მორგებით იწყებს ყველაფერს, უფრო კი რევერბირაციით. საქმე იმაშია, რომ მსგავსი ეფექტის გამოყენებისას ხმის დინამიკა იცვლება და თუკი თქვენ ხმის სიმაღლის გასწორებით დაიწყებთ, ხოლოდ შემდეგ მოარგებთ რევერბირაციას, მაინც მოგიწევთ წინა ნაბიჯზე დაბრუნება და ხმის სიმაღლის კორექცია. ასეთივე წარმატებით შეგიძლიათ ისარგებლოთ დილეით, რომელიც ასევე მოქმედებს ხმის სიმაღლეზე. ამა თუ იმ ინსტრუმენტისთვის მეტი “სიმსუყის” მისაცემათ შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპრესიაც, სასურველია მცირე დოზებით.

სასურველი ეფექტების დადების შემდგომ შეგიძლიათ გადახვიდეთ პანორამირებაზე. სწორედ პანორამირებაზე და არა ხმის სიმაღლეზე, რადგან პანორამის შემდგომ შესაძლოა ერთ სივრცეში აღმოჩნდნენ ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც ავტომატურად იმოქმედებენ ხმის სიძლიერეზე. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ გაასწოროთ ხმის სიმაღლე. აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ ერთგვარად ჟღერად ინსტრუმენტებზე, მაგ – ბას გიტარასა და ბას დოლზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ისინი ფარავდნენ ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ეკვალაიზერი, ასევე ე.წ. საიდჩეინ (sidechane) ეფექტი. თუმცა, ზოგიერთი ხმის რეჟისორი საიდჩეინის გამოყენებას გვირჩევს მასტერინგისას, რადგან ეკვალიზაციის შემდგომ შესაძლოა საიდჩეინის გამოყენების აუცილებლობა აღარ იყოს. ზოგადად უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი გარეგანი ჩარევა, რაშიც იგულისხმება როგორც ეფექტები, ასევე ეკვალაიზერი, იწვევს დინამიურ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ, აღნიშნული თანამიმდრევრულობა პირობითია.

ბალანსზე საუბრისას განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს ეკვალიზაციას. სიხშირული ცვლილებების გარეშე მუსიკის ბალანსი წარმოუდგენელია. ორი მსგავსი ჟღერადობის გიტარის ერთმანეთისგან გამორჩევა იოლად არის შესაძლებელი ეკვალაიზერის მეშვეობით. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ თავად ეფექტების ეკვალიზაციასაც. დღეს ფართოდ გამოიყენება ე.წ. კონვოლუციური რევერბირაცია, რომელიც ამა თუ იმ დარბაზის ჟღერადობას გვთავაზობს. მსგავსად ინსტრუმენტისა, მათაც ესაჭიროებათ იმ კონკრეტული სიხშირეების მოჭრა, რომლებიც შესაძლოა ზედმეტი იყოს სასურველი ჟღერადობის მიღებისას. ეს ვრცელდება არა მხოლოდ რევერბირაციაზე, არამედ სხვა სახის ეფექტებზეც.

პარალელურად ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ გეიტი, რაც “ოთახის ეფექტის” მოცილებაში დაგეხმარებათ. თუკი მაგალითად თქვენი დასარტყამი ჩაწერილია არც თუ ისე კარგ აკუსტიკურ პირობებში, შესაძლოა მას თან ახლდეს ოთახის კედლებიდან არეკლილი ხმები. გეიტი მოგცემთ საშუალებას ისინი მინიმუმამდე დაიყვანოთ. შედეგი უკეთესი იქნება, თუკი ამ საქმეს ეკვალაიზერსაც მიახმართ. შესაძლოა ამის შემდგომ დაგჭირდეთ რევერბირაციის მომატება, რათა მოხდეს ერთგვარი კომპენსაცია.

ბალანსისას ნუ დაიზარებთ ავტომატიზაციის გამოყენებას. ის ყოველთვის საჭიროა, როგორც ინსტრუმენტებისა და ხმის სიმაღლის კორექციის დროს, ასევე ეფექტების გამოყენებისას. რიგ შემთხვევებში, ინსტრუმენტის ან ვოკალის ხაზს შესაძლოა ჰქონდეს უცაბედი “ამოვარდნები”. ამ პრობლემას კომპრესორი აგვარებს, როგორც წესი, მაგრამ ავტომატიზაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ მხოლოდ იმ კონკრეტული ადგილების “ჩაგდებას” და მთლიანი ხმის დონის საგრძნობლად ამოწევას.     

როგორც აღვნიშნე, ბალანსირების პროცესის ზემოთ მითითებული ჩამონათვალი არ წარმოადგენს კანონს. ის შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ყოველთვის უნდა ვეცადოთ დავზოგოთ ჩენი დრო და შრომა.

ძალიან გაგიადვილდებათ ბალანსი, თუკი თქვენს აუდიო არხებს ცალკეულ AUX დამხმარე არხებზე გადაანაწილებთ. მაგ. დასარტყამებს ცალკე, ჰარმონიულ ინსტრუმენტებს ცალკე, ვოკალებს ცალკე და ა.შ. ასეთი მეთოდით თქვენ შეძლებთ საერთო ეფექტების მორგებას როგორც ინდივიდუალურ არხებზე, ასევე ცალკეულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ორი ან რამდენიმე მიკროფონითაა ჩაწერილი.

მასტერინგი

ოდესღაც, ჯერ კიდევ “ვინილების” ეპოქაში. მასტერინგად იწოდებოდა პროცესი, როდესაც ერთი ორიგინალური საბაზისო ჩანაწერიდან ხდებოდა ჩანაწერის გადამრავლება სხვა ფირფიტებზე. შემდგომ ამისა გაჩნდა კასეტები, კომპაქტ დისკები, თუმცა პროცესის არსი აღარ შეცვლილა. მრავალი წლის შემდეგ ამ ტერმინმა სხვა მნიშვნელობა შეიძინა და მას საბოლოო, ფინალური მიქსის შექმნის პროცესი უწოდეს.

მაშ ასე, თუკი თქვენი ნაწარმოების ბალანსი მზადაა, ანუ ყველა ინსტრუმენტი დაბალანსებულად ისმის, ადევს ეფქტებიც და პანორამაც გასწორებულია, შეიძლება მასტერინგის დაწყებაც. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ მასტერინგის პროცესი იწყება არა ერთ დასრულებულ სტერეო არხზე, არამედ მულტიტრეკზე.  როგორც უკვე აღვნიშნეთ ზევით, გავრცელებულია აზრი, რომ მასტერინგი უკვე მზა, დაბალანსებულ სტერეო არხზე ხდება და არც აქაა რაიმე სახის შეცდომა. უბრალოდ ზოგიერთისთვის მასტერინგის პროცესი უფრო ადრე იწყება, ვიდრე მოხდება ნაწარმოების ორ არხზე  გადაწერა. აქ იწყება პროცესი, რომელიც ყოველი არხის რამდენჯერმე გულისყურით მოსმენას გულისხმობს. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, მოსმენა ძალიან ბევრჯერ მოგვიწევს, ოღონდ სხვადასხვა ხერხებით – ყურსასმენებით, ხარისხიანი სტუდიური მონიტორებით, კომპიუტერის უხარისხო მონიტორებით და ა.შ. საქმე იმაშია, რომ თქვენი მუსიკა შესაძლოა მოისმინონ როგორც ხარისხიან, ასევე უბრალო აუდიო სისტემებში და ის ერთნაირად კარგად უნდა ჟღერდეს ყველგან. ამისთვის მოგვიწევს სხვადასხვა ინსტრუმენტებსა თუ ვოკალურ არხებზე სიხშირეების მოჭრა. შესაძლოა ზოგიერთი სიხშირის მოცილებით ცალკე მოსმენილი რომელიმე ინსტრუმენტი ცუდად ჟღერდეს, მაგრამ საერთო მიქსში ზუსტად ისე იჯდეს, როგორც საჭიროა.

მასტერინგისას მაღალბიუჯეტიანი სტუდიები იმგვარ აპარატურას იყენებენ, რომლებიც ძალიან ვიწრო სპექტრის დიაპაზონის ეკვალიზაციის და კომპრესიის საშუალებას იძლევიან. ანუ, ასეთ დროს შესაძლებელი ხდება რომელიმე კონკრეტული სიხშირის არა თუ აწევა ან დაწევა, არამედ კომპრესირებაც. თანამედროვე “პლაგინები” იძლევა იმის საშუალებას, რომ საშიანაო პირობებშიც მოვახდინოთ სიხშირეთა კომპრესია. ეს იძლევა საშუალებას უფრო მეტად “შევკრათ”, “გავხსნათ”, “დავარბილოთ” ნაწარმოების ჟღერადობა და დავარეგულიროთ დინამიური დიაპაზონი.

ჩვენი სტერეო მიქსის მასტერინგისას მრავალი დამწყები მუსიკოსი თუ ხმის რეჟისორი ე.წ. მზა “ფლაგინების პრესეტებს” იყენებს. ამაში ცუდი არაფერია. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ მზა “პრესეტი” მხოლოდ საწყისი ნაბიჯია. მისი მორგების შემდგომ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად მოვარგოთ ჩვენს კონკრეტულ მუსიკას.

მთელი მასტერინგის პროცესის მსვლელობისას აუცილებლად უნდა გვქონდეს გახსნილი ცალკე ფანჯარაში სპექტრული ანალიზატორი და ხმის სიმაღლის მაჩვენებელი სკალა. მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ შემავალი და გამომავალი სიგნალის დონე.

უნდა გვახსოვდეს, რომ მუსიკის ბალანსისა და მასტერინგის დროს ყველაზე სასარგებლო წესი ზომიერების დაცვაა. ყოველთვის უნდა ვერიდოთ ჩვენი ღილაკების გადაწევას 100% ით.

საკმაოდ ხშირია საბოლოო მიქსის ხმის სიმაღლის პრობლემა. თითქოს ყველაფერი სწორადაა გაკეთებული, მაგრამ მუსიკა მაინც ხმადაბლა ისმის, სხვა მუსიკასთან შედარებით და სისტემატიურად გვიწევს ხმის რეგულატორის აწევა. ბევრი ფიქრობს, რომ ამ პრობლემას მაქსიმაიზერი, კომპრესორ-ლიმიტერი და მსგავსი სამასტერინგო პროგრამების მეშვეობით მოაგვარებს, მაგრამ ეს პრობლემა გაცილებით უფრო კომპლექსურია და ის მუსიკის ჩაწერის, ბალანსის და მასტერინგის ყველა ეტაპს მოიცავს. თუკი თქვენი ინსტრუმენტები თავიდანვე ცუდადაა ჩაწერილი, ეს უკვე პრობლემის დასაწყისია. საერთო ბალანსის დროს უკვე უნდა ფიქრობდეთ მის საბოლოო ხმის სიმაღლეზე. დიახ, რა თქმა უნდა, მასტერინგის დროს შესაძლებელია ხმოვანების მომატებაც და ჟღერადობის გამდიდრებაც, მაგრამ თუკი თქვენი ჩანაწერი თავიდანვე უხარისხოა, მასტერინგი სასწაულს ვერ მოახდენს. თუნდაც მას სუპერპროფესინალი აკეთებდეს ები როუდის ან რომელიმე სხვა ტოპ კლასის სტუდიაში.       

ინტერნეტ მასალებზე დაყრდნობით სტატია მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”