საავტორო სტუდია

Mac Vs PC და აუდიო

არც თუ ისე დიდი ხნის წინ Mac უპირობო ლიდერი იყო აუდიო  ჩაწერის ინსდუსტრიაში. წინამდებარე სტატიაში შევეცდებით გავარკვიოთ რამდენად შენარჩუნებულია ეს ლიდერობა. შევეცადოთ შევადაროთ ეს ორი პლატფორმა და თავად მკითხველმა გადაწყვიტოს რომელი მათგანი იქნება მისი არჩევანი.

უპირველეს ყოვლისა, სანამ რომელიმე პლატფორმის უპირატესობაზე დავიწყებდეთ საუბარს, უნდა გავარკვიოთ, რომელი აუდიო ინტერფეისით ვაპირებთ მუშაობას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მათი დაკავშირება კომპიუტერებთან სხვადასხვა სახის პროტოკოლით ხორციელდება. შეიძლება ეს იყოს USB (2. 3), Thunderbolt, Dante, USB C, Madi, Ravenna და ა.შ. შემდგომ ამისა, გავარკვიოთ რა სახის კომპიუტერზეა საუბარი – იდგება თუ არა ის სტაციონალურად სტუდიაში, თუ პორტატული სტუდიის შემადგენელი ნაწილი იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია საუბარი ინტერფეისის დიზაინზე, კომფორტზე, სტაბილურობაზე და ა.შ.

დღეს მოწინავე მწარმოებვლები აუდიო სიგნალის ქსელით გადაცემის პროტოკოლზე და Thunderbolt – ზე აკეთებენ აქცენტს, რადგან მხოლოდ ასეთი ტიპი იძლევა მინიმალურ “ლეითენსისა” და ინფორმაციის დიდი ნაკადების სწრაფად გადაცემის საშუალებას.

 მოდით, მცირე ხნით დავივიწყოთ დაუსრულებელი ომი Mac და Windows PC “ფანებს” შორის. ასეთ დროს შეუძლებელია ობიექტურობის დაცვა და მხოლოდ მშრალი ფაქტებით, ციფრებით და არგუმენტირებით განვიხილოთ ორივე მხარე. გემოვნებაზე არ დავობენო, ამბობენ და როცა რაიმე ძალიან მოსწონს ადამიანს, მის უარყოფით მხარეებსაც უგულებელყოფს ხოლმე. დადებითი და უარყოფითი მხარეები კი ორივე პლატფორმას გააჩნია.       

უმთავრესი საკთხი, ცხადია, ბიუჯეტია. “მაკი” საგრძნობლად ძვირია “პისიზე”.

თუ ადამიანს აქვს დახარჯვის საშუალება, მაშინ გადაწყვეტილების მიღება მარტივია – ვყიდულობთ ორივე პლატფორმის კომპიუტერს და ვიყენებთ ორივე მათგანის მხოლოდ დადებით მხარეებს. თუკი ეს შეუძლებელია, მაშინ მოგვიწევს არჩევანის გაკეთება. ჩვენთვის ცნობილია, რომ Windows PC -ს “ჰარდი” შესაძლებელია მუდმივად განახლდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუკი ჩვენი კომპიუტერის “ქეისის” დიდი ზომისაა, შეგვიძლია იოლად ვცვალოთ და ვამატოთ როგორც ოპერატიული მეხსიერება, ასევე ხისტი დისკები, ამოვიღოთ და შევცვალოთ ვიდეო ბარათი და სხვა სახის პერიფერიული მოწყობილობები. ასეთი მეთოდით გავზარდოთ ჩვენი “ვინდოუსის” სიცოცხლისუნარიანობა და რამდენიმე წელზეც კი გავწელოთ. “პისის” კომპიუტერის აწყობისას ხშირად თავს იჩენს კომპონენტების თავსებადობის პრობლემა. სავსებით შესაძლებელია რომელიმე დეტალის გამო კომპიუტერმა გაუმართავად იმუშაოს და მისი აღმოფხვრა არც თუ ისე მარტივი საქმე აღმოჩნდეს.

“მაკი” შედარებით დახურული პლატფორმაა. არც ისე იოლია მასში არსებული შემადგენელი ნაწილების ცვლა, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამის საჭიროება არც არსებობს. თუ არ ჩავთვლით დამატებითი პერიფერიულ მოწყობილობების და სხვადასხვა სახის ადაპტერების დამატებას. სამწუხაროდ, ეს კიდევ უფრო ზრდის მის საფასურს. ზოგადად, თუკი თქვენ “მაკის” პლატფორმაზე დაიწყებთ სტუდიის აწყობას, მოამზადეთ თქვენი საფულეები…

ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც “მაკის” სასარგებლოდ უნდა ითქვას, არის აუდიო წყაროს შიდა მარშრუტიზაცია – ე.წ. Сore Audio “ვინდოუსის Asio დრაივერის წინააღდეგ. “მაკის” Core Audio – ს სტაბილურობა, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ ის საგანგებოდ ამ პლატფორმისთვის იქმნებოდა, რომელიც მაქსიმალურად ინტეგრირებული იქნებოდა მთელს სისტემაში. Asio კი სრულად სხვა, დამოუკიდებელი კომპანიის Steinberg – ის მიერ შეიქმნა, რადგან “ვონდოუსის” ორიგინალური ხმის დრაივერის მეშვეობით პრაქტიკულად შეუძლებელი იყო როგორც აუდიო ჩაწერა, ასევე დამოუკიდებელი აუდიო სიგნალების ერთდროულად მოსმენა და სინქრონიზაცია. ალბათ ხვდებით, როდესაც ოპერაციული სისტემა ცალკე კომპანიისა, ხოლო მისი აუდიო ძრავი კი სხვისი, შეუძლებელია იდეალური თანხვედრის მიღწევა. ამიტომაცაა “მაკის” Сore Audio გაცილებით სტაბილური. ამას ემატება Audio Unit – ის ფაქტორიც, რომელიც საგანგებოდ მაკისთვისაა შექმნილი და პასუხისმგებელია ხმის დამუშავებაზე და სინთეზზე მთელ ოპერაციულ სისტემაში, დაწყებული Quick Time იდან დამთავრებული Logic მდე.

პერსონალური კომპიუტერი გაცილებით ხმაურიანია, ვიდრე “მაკი”, მისი ქულერების გამო. შესაძლებელია ნაკლებ ხმაურიანი ქულერების დაყენებაც, მაგრამ ეს უკვე მცირედით ზრდის ბიუჯეტს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ PC -ს “მუდმივი აფგრეიდი” არც თუ ისე იაფი შეიძლება დაჯდეს. მაგალითისათვის, თუკი ჩვენ შევცვლით მეხსიერების ბარათებს, ეს შესაძლოა 100 დან 800 დოლარამდე დაჯდეს. SSD დისკის შეცვლა – 100 დან 700 დოლარამდე. რომ არაფერი ვთქვათ Thundebolt 3 პორტზე ან ახალ პროცესორზე, რომელიც შესაძლოა საკმაოდ დიდი თანხა დაჯდეს. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ ყოველი ასეთი “აფგრეიდი” თავსებადობის პოტენციური პრობლემა შეიძლება აღმოჩდეს, არც თუ ისე იაფი და მიმზიდველი აღმოჩნდება, როგორც ეს გვეგონა.

რაც შეეხება “მაკს”, თვქენ ხსნით ყუთს, აერთებთ თქვენს აუდიო ინტერფეისს და იწყებთ ჩაწერას! ეს მართლაც ასეა. “მაკი” შექმნილია იმისთვის, რომ აუდიო ჩაწერებზე გამოვიყენოთ. მისი ოპტიმალური კონფიგურაცია იძლევა გარანტირებულ სტაბილურობას და განსხვავებით “ვინდოუსისა”, სულაც არ საჭიროებს აიტი სპეციალისტობას.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მსოფლიო მოწინავე სტუდიების უდიდესი ნაწილი სწორედ “მაკის” პლატფორმაზე მუშაობს. აქვე, არ დაგვავიწყდეს მისი უსაფრთხოება და მედეგობა ვირუსების წინაშე. ვინდოუსის არასტაბილურობა კი OSX ისგან განსხვავებით, სულაც არ არის მითი.

თუმცა, არის შემთხვევებიც, როდესაც სტუდიები პირდაპირი მნიშვნელობით იძულებეულები არიან გამოიყენონ PC. მაგალითად, აუდიო პროგრამა Piramix (რომელიც ძალიან ხშირად გამოიყენება კლასიკური მუსიკის ჩაწერისას) არ მუშაობს “მაკზე”. ამგვარი ჩაწერებისთვის საჭირო კომპიუტერის აწყობა არც თუ ისე მარტივია. თქვენ მოგიწევთ ძალიან დეტალურად შეისწავლოთ ყოველი კომპონენტის თავსებადობა და საბოლოო ჯამში მისი ფასი შესაძლოა მაკზე უფრო მაღალიც აღმოჩნდეს.

საბოლოო ჯამში შესაძლოა ითქვას, რომ “მაკი”, სტანდარტულ შემთხვევაში, უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე “პისი”, მაგრამ ამ საფასურის სანაცვლოთ თქვენ იღებთ სტაბილურად მომუშავე მანქანას გრძელვადიანი პერსპექტივით.

თუ გავითვალისწინებთ მონიტორსაც, “Windows desctop PC” მაინც უფრო იაფი გამოდის, ვიდრე “მაკი”, მაგრამ თუ ადამიანს აქვს საშუალება გადაფაროს ეს სხვაობა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ “მაკი” გაცილებით სტაბილური და წარმადი იქნება, ვიდრე “პისი”.

ორივე პლატფორმას გააჩნია თავისი პლუსები, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილების მიღება მაინც დამოკიდებული იქნება თქვენს აუდიო ინტერფეისზე, ბიუჯეტზე, აუდიო პროგრამაზე (DAW), კომფორტის სურვილზე და გემოვნებაზე.   

 

მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”