საავტორო სტუდია

კომუნიკაბელურობა ხმის რეჟისორის პროფესიაში

Soundengineerკომუნიკაბელურობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა, რომელიც ყველა ადამიანს ესაჭიროება თანამედროვე სამყაროში მიზნის მისაღწევად [1]. ხმის რეჟისორისთვის საერთო ენის გამონახვა, ქცევის მიმართულების მყისიერი ცვლა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ერთ ტალღაზე გაწყობა,  პროფესიონალიზმის დამახასიათებელი თვისებებია. უმეტეს შემთხვევებში ხმის რეჟისორს განსხვავებული პროფესიის ადამიანებთან უწევს ურთიერთობა, ამიტომ მას იმგვარი თვისებები უნდა ახასიათებდეს, როგორებიცაა კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი და საკუთარი შემოქმედებითი იდეების დათმობა საერთო რეჟისორული ჩანაფიქრის განსახორციელებლად.  

ხმის რეჟისორებთან საუბრისას შეიძლება გაიგონოთ სიტყვები იმის შესახებ, რომ ტექნიკა და ტექნოლოგია მხოლოდ საქმის 50%-ს წარმოადგენს, დანარჩენი კი “ფსიქოთერაპიას” ეთმობა.

სინამდვილეში როგორ ხდება სტუდიაში ჩაწერა, როგორია ხმის რეჟისორისა და მუსიკოსის შემოქმედებითი და ადამიანური კონტაქტი? ერთნი უკრავენ, სხვანი კი თითებს ღილაკებს აჭერენ? არის კიდევ რაღაც, რომელიც იწყება მაშინ, როდესაც ყველა მიკროფონი გასწორებულია, ხმა დაყენებული, პულტზე ჩნდება პარტიტურა, ხმის რეჟისორი იღებს ხელში ფანქარს და იწყებს რაღაცეების ჩანიშვნას.

ის რაც ხდება შემდგომ, იმდენად ფაქიზი რამ არის, იმდენად ინტიმური პროცესია, რომ ნაკლებ სავარაუდოა ვინმე განიხილავდეს ამ საკითხს ხმამაღლა. ეს მსგავსია პირადი ცხოვრებისა, რომელიც მხოლოდ ამა თუ იმ პროექტის საკუთრებაა და ყოველ ჯერზე ინდივიდუალურია. შემდგომაც, როდესაც დასრულებულია სამუშაო, სამუდამოდ რჩება რაღაც, ხმის რეჟისორსა და შემსრულებელს შორის, როგორც ახლობლური კავშირი, როგორც ერთად განცდილის გახსნება და სიმაღლის დალაშქვრა ერთობილივი ძალებით. ამგვარი გრძნობების გამოხატვა სრულებით წარმოუდგენელია სიტყვებით და პრინციპში, არც არის საჭირო.  თუმცა, არსებობს ამგვარი შემოქმედებითი ურთიერთობების კონკრეტული განსაკუთრებულობები და კანონზომიერებები, ხერხები, რომელიც ეხმარება ხმის რეჟისორს, მაქსიმალურად კომფორტული პირობები შეუქმნას შემსრულებელს. უპირველეს ყოვლისა იმისთვის, რომ შემსრულებელმა მხატვრული ჩანაწერის ჩაწერა მაქსიმალური შთაგონებით შეძლოს. მეორე მხრივ, გადაალახინოს არც თუ ისე იშვიათი თავშეკავების, მორცხვობის, თავდაჯერების ნაკლებობისა თუ მიკროფონის შიშის მომენტი. ტექნიკის შესახებ საუბრისას ჩვენ ხანდახან ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ ამ 50% – ს, ყველაზე მისტიურ და იდუმალ პროცესს, როდესაც იბადება თვალისთვის შეუმჩნეველი მხატვრული სახეები.

ხმის რეჟისორისა და შემსრულებლის ურთიერთობა ჩაწერის დროს განსხვავდება ჩვეული ურთიერთობისგან, სადაც მრავალ მოულოდნელ გაუთვალისწინებელ სირთულეს შეიძლება წავაწყდეთ. რადგანაც მათ წინაშე სრულიად განსხვავებული ამოცანაა დასახული. ერთ-ერთ მათგანს სურს საკუთარი შემოქმედების დაფიქსირება, თან, ცხადია, ეს მსოფლიო შედევრების სტანდარტით უნდა მოხდეს, მეორე კი ამის განხორციელებაში ეხმარება, თან ისე, რომ მისგან მაქსიმუმი გამოწუროს. ეს გამოწურვა არც ისე იოლია, რადგან ხშირ შემთხვევაში შემსრულებელი ვერ ფლობს საკუთარ თავს საჭირო დონეზე. შემსრულებელი კი ხმის რეჟისორისგან მაინც შედევრს ითხოვს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა თავად მზად ამისთვის. სოლისტთა არასათანადოდ შესწავლილი ტექსტი, სახელდახელოთ შექმნილი ანსამბლები, შეცდომებით მომღერალი გუნდი – რეების ჩაწერა არ გვიწევს?! როგორ შევქმნათ სტუდიის იმიჯი, რათა შემსრულებლები მხოლოდ ჩვენთან მოდიოდნენ, მიუხედავად დახარჯული თანხებისა? ეს არ უნდა დარჩეს ხმის რეჟისორის ყურადღების მიღმა.

რათა მივიღოთ პასუხები ამ კითხვებზე, უნდა ვიცოდეთ როგორ ეწყობა ხმის რეჟისორისა და შემსრულებლის ურთიერთობა, ჩავწდეთ ამ ურთიერთობის ფსიქოლოგიას. ამგვარი ურთიერთობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა კომუნიკაბელურობას ენიჭება. კომუნიკაბელურობის ქვეშ იგულისხმება კონსტრუქციული ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა სხვა ადამიანებთან. კომუნიკაბელურობა ითვლება წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თვისებად, რომელიც ეხება როგორც პროფესიონალურ, ისე პირად ურთიერთობებს.

ხმის რეჟისორს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს თუ რა სახის პრობლემები შეიძლება გააჩნდეს სტუდიაში მოსულ შემსრულებელს. შესაძლოა ყველა ადამიანს აკლდეს თავდაჯერებულობა. ხშირ შემთხვევაში, ამგვარი რამ საახლხო გამოსვლების მომენტში იჩენს ხოლმე თავს. მაგრამ თუკი წარუმატებელი გამოსვლა მალე ავიწდებათ, ჩანაწერი სამუდამოდ რჩება ისტორიას. სწორედ ამიტომ, მრავალი შემსრულებელი უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება სტუდიურ ჩაწერას, ვიდრე კონცერტს. სწორედ ეს არის მიზეზი შიშებისა და თავდაჯერების ნაკლებობისა. შემსრულებელი მოდის ჩვენთან თავისი იდეებით, მრავალდღიანი და ხანრძლივი მეცადინეობებით, ფიქრით, ამბიციებით, იმედებით და ელის ჩვენგან გაგებას, ფაქიზ მოპყრობას და მხარდაჭერას.

ყველაფერი გაცილებით იოლად ეწყობა, თუკი ხმის რეჟისორს მოსწონს შემსრულებელი. ასეთ დროს კონტაქტი იოლად შეიძლება შედგეს, ემთხვევა ორივე მხარის ემოციები და ჩაწერაც იოლად მიდის. მაგრამ რა ვქნათ თუკი ხმის რეჟისორისთვის უცხოა შემსრულებლის კონცეფცია და არ მოსწონს რასაც ის აკეთებს?  შევაჩეროთ ჩაწერა? ვაიძულოთ შემსრულებელი შეასრულოს ისე, როგორც მას სურს, თუ შევეგუოთ და ვითმინოთ? ყველამ თავად უნდა გასცეს ამ კითვებზე პასუხები, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე.

არსებობს შემსრულებელთა სხვადასხვა კლასიფიკაცია [2]

შემსრულებელთა პირველი ჯგუფი შეიძლება დაიყოს ასე – ისინი ვინც შეიძლება “ვლანძღოთ” და მეორე – ვინც შეიძლება “ვაქოთ”. “ლანძღვაში” შესრულების დროს დაშვებული ნაკლის პირდაპირი მხილება იგულისხმება. ასეთი შემსრულებლები იოლად იღებენ კრიტიკას, მათ აინტერესებთ არა ის, რაც გამოუვიდათ, არამედ ის, რაზეც ჯერ კიდევ სამუშაო აქვთ. ის ვინც უნდა “ვაქოთ” ნაკლებად არიან დარწმუნებულნი საკუთარ თავში. კრიტიკამ შესაძლოა საერთოდ ამოაგდოს ლიანდაგებიდან. თუ ჩვენ მივუთითებთ მათ მეტნაკლებად წარმატებულად ჩაწერილ ადგილებს, ისინი თავად მიხვდებიან რა იქნება დასამუშავებელი და გასასწორებელი. თან ამასთან ერთად ქებაც გარკვეულ სიამოვნებას მიანიჭებთ. ფსიქოლოგები ამგვარ დამოკიდებულებას “პოზიტიურ მოტივაციას” უწდებენ და ძალიან კარგად მუშაობს ნერვიულ და ემოციურ ადამიანებთან მიმართებაში.

კლასიფიკაციის შემდეგი ჯგუფი საკმაოდ პირობითია. თუკი ტიპების მიხედვით დავყობთ მათ, ასეთ სურათს მივითებთ: 1. “მაესტრო” და 2. “უკაცრავად რომ მოვედი”. მათი წარმოდგენა შესაძლოა ზედმეტად მაღალი და ზედმეტად დაბალი თვითშეფასების მქონე პიროვნებებად. ორივე მახასიათებელი ნაკლებად არის დაკავშირებული საშემსრულებლო შესაძლებლობებთან. ეს უფრო ფსიქოლოგიის მხარეა ვიდრე მუსიკისა.

“მაესტრო”, როგორც წესი, თავის თავში დარწმუნებული ადამიანია, რომელმაც იცის, რასაც აკეთებს. სტუდიაში, ისევე როგორც საკონცერტო დარბაზში ის იკავებს “მისთვის კუთვნილ ადგილს”, რომელსაც იმსახურებს, მის გარშემო მყოფნი კი ბედნიერები უნდა იყვნენ მარტო იმითაც კი, რომ ამ პროცესში იღებენ მონაწილეობას.

“მაესტრო”, რომლის “ლანძღვაც” არის შესაძლებელი ალბათ ყველაზე სტაბილური შემსრულებლის ტიპად შეიძლება ჩაითვალოს. ის ხედავს ხმის რეჟისორში ტექნიკოსს და ალბათ გაუკვირდებოდა, თუკი ხმის რეჟისორი ისეთ რჩევების მიცემას დაიწყებდა, როგორებიცაა მაგალითად – “ხომ არ მიგაჩნიათ, რომ კულმინაციაზე გადასვლა არასაკმარისად დაძაბული იყო, ხოლო მეორადი ხაზი კი ზედმეტად ექსპრესიული?” თუმცა, თუკი ამგვარი “მაესტრო” პროფესიონალ მუსიკოს-ხმის რეჟისორს აწყდება, ის რბილად გადადის მეორე კატეგორიაში. თუკი ეს არ მოხდება, ალბათ არც იქნება საინტერესო ამაზე ზედმეტი ყურადღების გამახვილება. მასეთ შემსრულებელთან ისედაც ყველაფერი გასაგებია…

“უკაცრავად რომ მოვედი” არანაკლებ ამბიციურ კატეგორიას წარმოადგენს, მაგრამ ის ნაკლებად არის დარწმუნებული თავის თავში. შესაძლოა ორიოდე დღის წინ წარუმატებელი კონცერტი ჰქონდა, მეორე დღეს სიცხეც აეწია, ხელიც გადაეძაბა, წუხელ საერთოდაც არ ეძინა, დღესაც ინსტუმენტი რაღაც ვერ ჟღერს ისე, როგორც საჭიროა, იოლი ფრაზები არ გამოსდის, თითები არ ემორჩილება, რაღაც არ მიდის ისე საქმე, როგორც საჭიროა… ამას ემატება თავდაუჯერებლობაც… ამგვარი შემსრულებლები განსაუთრებულ ყურადღებას და ჩართულობას საჭიროებენ ხმის რეჟისორებისგან, რათა მათგან მხარდაჭერა იგრძნონ.

“უკაცრავად, რომ მოვედის”, რომლის “ლანძღვაც” არის შესაძლებელი თვითგვემა ახასიათებთ. ისინი ძალიან მომთხოვნები არიან საკუთარი თავისადმი. შესანიშნავად ესმით, რომ არ გამოსდით და ელიან ხმის რეჟოსორისგან მაქსიმალურ კონტროლს ყოველ გამოტოვებულ ბგერაზე. ელიან მისგან დახმარებას, რათა მოახერხონ ისეთი ადგილების ჩაწერა, რაც არ გამოსდით. ისინი ყოველთვის სთხოვენ ხმის რეჟისორს მისცენ შენიშვნები: “გთხოვთ რომ მითხრათ ყველაფერი, ცუდიც რომ იყოს”… ასეთი შემსრულებლები იმდენად უსმენენ და ემორჩილებიან ხმის რეჟისორებს, რომ იოლად შეიძლება გადავარდნა “პედაგოგიკაში”. სავარაუდოდ, ნებისმიერი შენიშვნის დაჯერება და გათვალისწინება შესაძლოა იყოს ძიება არა “პედაგოგისა”, არამედ შემოქმედებითი კონტაქტისა და თუკი ჩვენ მივცემთ ნებას რომ მის “პედაგოგად” ვიქცეთ, რეზულტატი არ მოგვეწონება არც ჩვენ და არც მას.

თუკი “უკაცრავად რომ მოვედი” “ქებას” საჭიროებს, ის იმდენად დაურწმუნებელია თავის თავში, რომ ხმის რეჟისორს მართებს მაქსიმალურად აკონტროლოს თავისი ყოველი სიტყვა. აქ უკვე არასრულფასოვნების კომპლექსზეც კი შეიძლება საუბარი. მე მქონდა ერთი ასეთი შემთხვევა, რომლის დროსაც იძულებული ვიყავი შემეწყვიტა ჩაწერა. ჩაწერის ორი მცდელობის შემდეგ შემსრულებელმა მკითხა, ხომ არ ვთვლიდი, რომ შესაძლებელი იყო ამ ფუგის ტემპის შეცვლა. როდესაც დავეთანხმე, ის დაახლოებით ორმოცი წუთი იჯდა კონსერვატორიის დარბაზის მაყურებელთა სკამზე და ვეღარ შეძლო ვერც ერთი ნოტის ჩაწერაც კი. ის თვლიდა, რომ წინამდებარე კონცეფცია მცდარი იყო, ახალ ტემპში კი ყველაფერი სხვაგვარად ჟღერდა და არ გამოუვა. როდესაც შემსრულებელი ასეთი ჩიხში შედის, მისი რეანიმაცია ძალიან ძნელია და ხმის რეჟისორს დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ გადაარჩინოს ჩასაწერი სესია. ასეთ შემსრულებელთან საჭიროა ძალიან ფაქიზი დამოკიდებულება – კრიტიკა ძალიან ფრთხილად, ქება ძალიან ფაქიზად, ჩურჩულით. თუკი ხმის რეჟისორი შეძლებს იპოვოს სასურველი “გასაღები”, მაშინ ყველაფერი თავის ჩვეულ რიტმში ჩადგება და საქმეც დაიძრება.

არსებობს მომენტი, როდესაც სუსტია შემსრულებელი და “ფსიქოთერაპია” არ შველის. ასეთ შემთხვევაში ხმის რეჟისორი დაცარიელებული ბრუნდება შინ იმის იმედად, რომ მონტაჟის ტექნიკით შეძლებს სასწაულის მოხდენას და ჩანაწერის გადარჩენას.

შემდეგი დაყოფა ხდება შემდეგნაირად. არიან ტიპები რომლები უკრავენ პირველივე ჯერზე და არიან ისეთები, ვინც წერს საბოლოო ცდით. ის, ვინც პირველივე ჯერზე იწერს, მთელ თავის ენერგიას ამ შესრულებაში დებს და შესაძლოა არც კი გაცადოთ ხმის სათანადოდ გასწორება.  ეს ერთგვარი საკონცერტო შესრულებაა, თავისი ფორმით, ტექნიკითა და ემოციით – ერთი ამოსუნთქვით ჩაწერილი. ასე კარგად მეორედ აღარ გამოვა. ყოველი შემდგომი ცდა უფრო და უფრო უარესია. არიან ხმის რეჟისორები, რომლებიც არ აქცევენ ყურადღებას პირველ ცდას, საცდელი ჰგონიათ, სინამდვილეში კი სწორედ ის შეიძლება აღმოჩნდეს ყველაზე კარგი. შედეგად შეიძება მივიღოთ კარგი შესრულება ცუდი ბალანსითა და ხმის ხარისხით.

“უკანასკნელი ვარიანტის” შემსრულებელთა შემთხვევაში, ხმის რეჟისორი შესაძლოა მეტად მოსაწყენ სიტუაციაში აღმოჩნდეს, როდესაც შემსრულებელი უკრავს პირველ რთულ ადგილამდე, შემდეგ ეშლება, შემდეგ აგრძელებს მანამდე სანამ მორიგ შეცდომას არ დაუშვებს და ასე ნაწარმოების ბოლომდე. და აი, როდესაც ბოლო აკორდის დრო დგება და ბედნიერი შემსრულებელი ოფლის წვეთებს მოიწმენდს შუბლიდან, გაისმის ხმის რეჟისორის ხმა – “ეხლა კი ყველაფერი თავიდან ბოლომდე”. რამდენ საგინებელ სიტყვას გაიგონებდა იგი, ფიქრების კითხვა რომ შესძლებოდა?! მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ეს ბოლო ვარიანტი აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე შედეგიანი. როგორც ჩანს, ასეთი ტიპის შემსრულებლები რთულად ეგუებიან მიკროფონებს, ხოლო დიდხნიანი წვალების შემდეგ, როდესაც ნაწარმოები პრაქტიკულად ჩაწერილია, ეშვებიან და სწორედ ამ დროს გამოსდით კიდეც ყველაზე წარმატებული ჩანაწერი. საბოლოოდ, გამოდის, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება – ზოგიერთს პირველ ცდაზე ჩაწერილის შემდგომ უწევს დამატებითი ფრაზების ჩაწერა, ზოგი კი ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ფრაზა-ფრაზა იწერს და საბოლოო შესრულება აღმოჩნდება ხოლმე ყველაზე შედეგიანი. ყოველივე ეს შემსრულებლის ინდივიდუალურ ხასიათზეა დამოკიდებული, რომლის დანახვაც ხმის რეჟისორისთვის აუცილებელი უნდა იყოს.

კარგი იქნება, თუკი მცირე დროს დავუთმობთ განსხვავებას სოლისტებსა და კამერულ ანსაბლებს შორის. თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ხმის რეჟისორს ასეთ შემთხვევებში [3].

არ აქვს მნიშვნელობა რამდენ შემსრულებელთან აქვს ურთიერთობა ხმის რეჟისორს ჩაწერის მომენტში. ანსამბლის ყოველი წევრი ინდივიდუალი პიროვნებაა და მათ მიმართ მიდგომაც ისეთივე უნდა იყოს, როგორც თვითეული სოლისტისადმი. ისინი ერთნაირად ზემოქმედებენ შედეგზე  და ერთნაირად არიან დაინტერესებულნი რეზულტატით. თვითეულ მათგანთან არის შესაძლებელი როგორც ცალკეული პარტიის, ასევე მთელიანი ნაწარმოების შესახებ მსჯელობა.

ორკესტრისა თუ გუნდის ჩაწერისას ჩვენ გვიწევს ურთიერთობა ერთი დიდ “მუსიკალურ ინსტრუმენტთან”, რომელსაც ერთი ადამიანი ხელმძღვანელობს.  როგოროც წესი, საგუნდო თუ საორკესტრო კოლექტივის წევრები ნაკლებად არიან ხოლმე დაინტერესებულნი ჩანაწერის შედეგში. ისინი ხშირად აკვირდებიან საათს და მკაცრად აკონტროლებენ შესვენებამდე დარჩენილ დროს. უკმაყოფილონი არიან, როდესაც სთხოვენ კიდევ ერთხელ ან მეტჯერ შეასრულონ ერთი და იგივე ადგილი.  თუკი რეჟისორი, დირიჟორი ან ხმის რეჟისორი მზად არიან გადააცილონ საჭირო დროს, რათა სასურველი შედეგი მიიღონ, ორკესტრანტებისთვის ნაკლებად საინტერესოა რაღატომ უნდა დაუკრან დამატებითი ვარიანტი და იწყებენ ცმუკვას და უკმაყოფილო ჩურჩულს.

გუნდისა და ორკესტრის შემსრულებელთა ფსიქოლოგიაში ჩადებულია აზრი იმის შესახებ, რომ მათი “მონური” და ნაკლებ ანაზღაურებადი შრომის სანაცვლოდ, მდიდრდებიან დირიჟორები და პროდიუსერები. და მხოლოდ იმიტომ, რომ  ისინი მზად არიან გაიღონ მსხვერპლი ხელოვნებისათავის, აძლევენ მათ ექსპულატაციის უფლებას. მაგრამ ნუ მოსთხოვთ მათ დამატებით სამუშაოს შესრულებას! გარდა ამისა, ხმის რეჟისორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამგვარ კოლექტივებში უკვე არსებობს შიდა ურთიერთობები, არც თუ ისე იშვიათად კონფლიქტებიც კი და თავისი საქციელით შესაძლოა ცუდი ზემოქმედება მოახდინოს ორკესტრზე. სწორედ ამიტომ, ხმის რეჟისორებში მიუღებელია კონკრეტული შემსრულებლისთვის შენიშვნის მიცემა. მისაღებია ამ შენიშვნის დირიჟორისთვის თქმა. მაგალითისათვის თუკი ვალტორნების წყობა არ არის დამაკმაყოფილებელი, ხის ჯგუფი არ შედის საჭირო ადგილას ერთად, ტენორებს ხრინწი აქვთ და ა.შ. დირიჟორებს ყოველთვის აქვს მუსიკოსებთან ურთიერთობის თავისებური მეთოდები. კარგად გრძნობენ ორკესტრის ემოციურ მუხტს და უკეთ იციან ყველა მუსიკოსის შესაძლებლობა. შეცდომების გამოსწორების ხერხებსაც შედარებით იოლად პოულობენ.

დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც მახსენდება კონკრეტული შემსრულებლები, ვისთანაც ოდესმე მომიწია მუშაობა, ვხვდები რამდენად მნიშვნელოვანი იყო მათი ინდივუდუალიზმის გათვალისწინება.

ჩაწერის პროცესში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს – როდესაც შემსრულებელი იღლება, ნერვები დაძაბულია და ძალებიც აღარ არის საკმარისი, შესაძლოა პატარა დაპირისპირებამაც კი მოახდინოს სიტუაციის განმუხტვა, მოდუნება და განაპირობოს ჩაწერის წარმატება. ხანდახან კი არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ არ გამოდის საქმე და შუაზეც რომ გასკდე, შედეგს ვერ მიიღებ.  გუშინ გამოდიოდა, დღეს კი, როცა ეს ასე მნიშვნელოვანია, არაფერი გამოდის.

მიუხევად ყოველი კონკრეტული შემთხვის ინდივიდულურობისა, ხმის რეჟისორმა აუცილებლად უნდა იცოდეს ზემოთ მოყვანილი კლასიფიკაციის შესახებ, რადგან არავინ იცის როგორი ტიპის შემსრულებელთან შეიძლება მოუხდეს მუშაობა. და თუკი ვიცით მუშაობის ფსიქოლოგიური ასპექტი და კონკრეტული დამოკიდებულება შემსრულებელთან, შესაძლოა მრავალი პრობლემის თავიდან არიდება და კარგი ურთიერთობების დამყარება. ეს კი აუცილებლად გადაიზრდება მჭიდრო საქმიან ურთიერთობებში.

ავტორი: ა. ქოჩაბაშიანი

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა დავით ხოსიტაშვილმა

გამოყენებული ლიტერატურა:

1. დიდი ენციკლოპედიური ლექსიკონი M. 2009

2. მ. სობოლევი – “ხმის რეჟისორის თვალით დანახული შემსრულებელი” – ჟურნალი “Звукорежиссер”. 2002 No 2

3. ი. კოზიურენკო “ხმის რეჟისურის საფუძვლები თეატრში” M. 1984.

4. ა. ზაგუმენნოვი “ხმის ჩაწერა და რედაქტირება” M. 2004.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”