საავტორო სტუდია

კლასიკური მუსიკა სკოლებში

kids-concerts-southeast-michiganსიხარულით გვინდა გაცნობოთ, რომ “საავტორო სტუდია” ახალ პროექტს იწყებს, რომელიც სკოლებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას საგრძნობლად შეუწყობს  ხელს.

2016 წლის ივლისში „საავტორო სტუდიამ“ მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თხოვნით, საჯარო სკოლებში კლასიკური მუსიკის კონცერტ-გაკვეთილების ჩატარების შესახებ, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

ძალიან დასაფასებელია, რომ განათლების სამინისტრო დადებითად გამოეხმაურა ჩვენს ინიციატივას. ასევე გასახარია, რომ საჯარო სკოლების დირექტორთა გარკვეული ნაწილი სიხარულით და აღფრთოვანებით შეხვდა ჩვენს წინადადებას, ისინი მზად არიან ჩაერთონ ჩვენს პროექტში.

ეს უკვე საკმარისი საფუძველია იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საფუძველი ჩაეყაროს კლასიკური მუსიკის მოსმენის, აღქმისა და შემეცნების დაწყების პროცესს.

კონცერტ-გაკვეთილებზე სკოლის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ ცოცხლად მოისმინონ ხის და ლითონის ჩასაბერი, ხემიანი და დასარტყამი საკრავები. კლასიკური ფორმის ნაწარმოებებებს – როგორც შუა საუკუნეების, ასევე თანამედროვე  პროფესიონალი შემსრულებლები შეასრულებენ. კონცერტის მსვლელობისას მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ახსნა-განმარტებითი ინტერაქტიული სახის ლექციაც, სადაც მათ კითხვების დასმის საშუალებაც ექნებათ.

წინ კიდევ უფრო რთული გზა გვაქვს გასავლელი – სპონსორების მოძიების ეტაპი. „საავტორო სტუდიის“ მთელს შემოქმედებით კოლექტივს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ ასეთივე სიხარულით და აღტაცებით მიიღებენ ჩვენს ინიციატივას ქალაქ თბილისი მერია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კერძო მეწარმეები, სხვადასხვა კომპანიები, ისინი, რომლებსაც გული შესტკივათ საქართველოს ძლიერი კულტურული მომავლისათვის.

უკვე არაერთმა სკოლამ გამოთქვა სურვილი მიიღოს მონაწილეობა ჩვენს პროექტში. ჩვენ სიხარულით ვითანამშრომლებთ ყველა სკოლასთან, რომელიც გამოთქვამს მონაწილეობის სურვილს. პროექტში ჩართვისთვის საჭიროა მხოლოდ ჩვენს სტუდიასთან დაკავშირება ტელეფონზე 2183347 ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე saavtorostudia@gmail.com

“საავტორო სტუდიის” ხელმძღვანელი – ნინო ჯანჯღავა

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”