საავტორო სტუდია

საშინაო სტუდიის აღჭურვისათვის საჭირო აპარატურა

How-Choosing-the-Right-Microphone-Makes-a-Difference-Home-Music-Productionმცირე ხნის წინ ჩვენს საიტზე განთავსდა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ მოვიშოროთ თავიდან ხმაური, საშინაო სტუდიის პირობებში. სტატიამ საკმაო მოწონება დაიმსახურა, მაგრამ ჩვენმა ერთ-ერთმა მკითხველმა სამართლიანად აღნიშნა, რომ ხმაურის მოცილებამდე, სასურველი იქნებოდა ჯერ საშინაო სტუდიის აწყობაზე მესაუბრა. ვითვალისწინებ ამ თხოვნას და გთავაზობთ სტატიას, სადაც საუბარი იქნება მცირებიუჯეტიანი სტუდიის აწყობაზე საშინაო პირობებში. რა მინიმალური მოთხოვნებია საჭირო იმისათვის, რომ სახლის პირობებში ჩავიწეროთ მაღალი ხარისხის ხმა?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ პროფესიონალური ჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია პროფესიონალური აპარატურისა და საგანგებო აკუსტიკური პირობების გარეშე. მიუხედავად ამისა, მცირე ბიუჯეტითაც არის შესაძლებელი მივიღოთ ისეთი შედეგი, რომელიც არ იქნება შორს პროფესიონალური ჩანაწერისაგან.

როდესაც საუბარია აუდიო ჩაწერაზე, პირველ რიგში ალბათ ყველას მიკროფონი ან კომპიუტერი წარმოუდგება თვალწინ, მაგრამ აუცილებელია ვიცოდეთ რომ ხმის ჩაწერა იწყება იმ სივრციდან, სადაც ვაპირებთ აუდიო ჩანაწერის გაკეთებას. ფართი, სადაც ვაპირებთ მოვაწყოთ ჩვენი საშინაო სტუდია უნდა იყოს იზოლირებული და დახშული, იმდენად, რომ მასში არ შემოდიოდეს გარე ხმები და დახშული იმგვარად, რომ კედლებიდან არეკლილი ხმა არ ბრუნდებოდეს უკანვე მიკროფონში. სტუდიის აკუსტიკური მოწყობა ცალკე მეცნიერებაა და მას საგნის ღრმა ცოდნა და საგანგებო აღჭურვილობა სჭირდება, თუმცა მცირე თეორიული ცოდნა საკმარისი იქნებოდა სასურველი შედეგის მისაღებად. უბრალოდ, სცადეთ კედლებზე ჩამოკიდოთ იმგვარი მასალები, რაც ხმას არ აირეკლავს. მაგალითისათვის, ფარდები, პენოპლასტი, ე.წ. კვერცხის კარდონის ჩასადებები (ე.წ. “ლატოკები”), ღრუბლის მასალა, რბილი იატაკი და ა.შ.

შემდეგი, რაც თქვენ დაგჭირდებათ არის მიკროფონი, კომპიუტერი, ყურსასმენები, სტუდიური მონიტორები, კაბელი, აუდიო ინტერფეისი და ჩამწერი პროგრამა. განვიხილოთ თვითეული მათგანი ცალ-ცალკე:

მიკროფონი

დღეს მუსიკალურ მაღაზიებში ორი ძირითადი სახის მიკროფონის შეძენაა შესაძლებელი – დინამიურის და კონდენსატორულის. ამ ორი ტიპის მიკროფონებს შორის საკმაოდ დიდი სხვაობაა. როგორც წესი, დინამიური მიკროფონები სცენაზე, საკონცერტო საქმიანობისთვისაა განკუთვნილი. სტუდიაში ხმის ჩასაწერად კი, კონდენსატორული მიკროფონები გამოიყენება. ამგვარი მიკროფონები უფრო მგრძნობიარეა, ვიდრე დინამიური. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთი საშინაო სტუდია სწორედ დინამიურ მიკროფონს ირჩევს, რადგან ისინი ნაკლებად იღებენ გარეშე ხმაურებს. ასევე არ საჭიროებენ ფანტომურ კვებას (48 ვოლტს) რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გაგვაჩნდეს, თუკი ჩვენს ხმის დაფას გააჩნია წინა გაძლიერება და ფანტომური კვება. თუკი ჩვენი სტუდია კარგად არის იზოლირებული, მაშინ უკეთესი არჩევანი კონდენსატორული მიკროფონი იქნება რადგან მისი ჟღერადობა უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე დინამიურის. გარდა ამისა, კონდენსატორული მიკროფონი ხმას იღებს როგორც ახლო დისტანციიდან, ასევე შორიდანაც. დინამიური მიკროფონი კი აუცილებლად ახლოს უნდა მდებარეობდეს ხმის წყაროსთან.

shure_sm58_side

რა სახის მიკროფონია საჭირო იმისათვის, რომ პროფესიონალურთან მაქსიმალურად მიახლოებული ჟღერადობა მივიღოთ?

თქვენს წინაშეა Shure SM58. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიკროფონი. მიუხედავად მისი მცირე ფასისა, ის დღემდე ირიცხება ყველაზე ხშირად გამოყენებულ მიკროფონთა სიაში. ცხადია, არსებობს მასზე გაცილებით იაფიანი მიკროფონებიც, მაგრამ სასურველი ხარისხის მისაღებად ამაზე დაბალი ხარისხის მიკროფონის გამოყენებას არ გირჩევდით.

ეს დინამიური მიკროფონია, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არ საჭიროებს 48 ვოლტიან ფანტომურ კვებას, ხმის ჩაწერისას კი  აუცილებელია ხმის წყარო მდებარეობდეს მაქსიმალურად ახლო დისტანციაზე.

იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ გადაწყვეტთ სხვა მიკროფონის შეძენას, უნდა დააკვირდეთ, რომ მიკროფონს გააჩნდეს XLR ტიპის შესაერთებელი “კონექტორი”.

basic-equipment-connection

რაც შეეხება კონდენსატორულ მიკროფონებს, როგორც წესი, მათ დამხმარე 48 ვოლტიანი “ფანტომური” კვება ესაჭიროებათ. ეს მიკროფონები უფრო მგრძნობიარენი არიან დინამიურ მიკროფონებთან შედარებით, შესაბამისად, უფრო მეტად იღებენ გარეშე ხმაურებსაც. ამიტომ, სანამ გადაწყვეტთ რომელი ტიპის მიკროფონი შეიძინოთ, უნდა დარწმუნდეთ რომ თქვენს ჩამწერ სტუდიაში მინიმუმამდეა დაყვანილი გარეშე ხმაურები. ცხადია, სტუდიაში უმჯობესია ზომიერი ხარისხის კონდენსატორული მიკროფონი, თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ მათი ფასი საკმაოდ მაღალია და დამატებითი აქსესუარებიც ესაჭიროებათ. მაგალითად, მიკროფონის სპეციალური ანტივიბრაციული დამჭერი ან ქარსაცავი. ეს უკანასკნელი მხოლოდ ადამიანის ხმის ჩაწერისას გამოიყენება. კონდენსატორული მიკროფონი იმდენად მგრძნობიარეა, რომ  ადამიანის ხმის ზოგიერთ ბგერას (ბ, ფ, თ და ა.შ.) გადამატებული ძალით იღებს. ქარსაცავი აკავებს ამგვარ გადამეტებულ სიგნალს.

ინტერნეტ მაღაზიებში ბევრია იაფფასიანი კონდენსატორული მიკროფონები, მაგრამ ყველას ხარისხი სანდო არ არის, ამიტომ უმჯობესი იქნება თუკი მათ შეძენამდე გაივლით საგანგებო კონსულტაციას სპეციალისტებთან.P9250008

მიკროფონის კაბელი

უკვე აღვნიშნეთ, რომ მიკროფონს უნდა გააჩნდეს XLR კონექტორი. სწორედ ასეთი კაბელია საჭირო მაღალი ხარისხის აუდიო სიგნალის ჩასაწერად.

xlr

აუდიო ინტერფეისი (ხმის დაფა)

ყველა კომპიუტერს გააჩნია ინტეგრირებული ხმის ინტერფეისი, მაგრამ მათი უმრავლესობა არ გამოდგება ხმის ჩასაწერად. აუდიო ინტერფეისს უნდა გააჩნდეს შემდეგი მახასიათებლები:

 – მიკროფონის 2 ცალი XLR კონექტორი

 – ფანტომური კვება

მიზეზი, რის გამოც საჭიროა ორი მიკროფონის შესაერთებელი, არის სტერეო ჩაწერის შესაძლებლობა. ცხადია, ერთი მიკროფონით სტერეო ჩაწერა შეუძლებელია, მაგრამ ორი ერთნაირი მიროფონების შემთხევში ამგვარი ჩაწერა შესაძლებელი იქნება მომავალში. თანაც, ყველაზე გავრცელებულ აუდიო ინტერფეისებს სწორედ ორი ერთნაირი შესაერთებელი გააჩნია და ერთარხიანი ხმის ინტერფეისები ძალიან იშვიათად გვხვდება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Shure SM58 დინამიური მიკროფონია და მას ფანტომური კვება არ ესაჭიროება, მაგრამ თუკი თქვენი არჩევანი კონდენსატორულ მიკროფონზე შეჩერდება, აუდიო ინტერფეისს აუცილებლად უნდა გააჩნდეს 48 ვოლტიანი კვება.

აუდიო ინტერფეისების ყველაზე გავრცელებული და ხელმისაწვდომი მოდელებია:

Tascam US 144MKII, Focusrite Scarlett 212, M-audio M-track და ა.შ. ამგვარი ინტერფეისებით საკმაოდ კარგი შედეგების მიღება არის შესაძლებელი.

m-audio

ჩემი რჩევა იქნება, თუკი თქვენი არჩევანი M-audio M-track ზე შეჩერდება. მიუხედავად თავისი დაბალი ფასისა, ამ ინტერფეისით საკმაოდ მაღალი ხარისხის ჩანაწერის გაკეთება არის შესაძლებელი. და რაც ყველაზე ნიშვნელოვანია, მისი დაყენება ყველაზე იოლია, უბრალოდ მიუერთეთ კომპიუტერს და ის თავად დააყენებს საჭირო დრაივერებს (განსხვავებით სხვა ინტერფეისებისგან, რომლებსაც საგანგებო ინსტალაცია ესაჭიროებათ).

ამ ინტერფეისში შესაძლებელია ორი დამოუკიდებელი მიკროფონისა და MIDI კლავიატურის შეერთება.

აუდიო ინტერფეისის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ რა მეთოდით ხდება მისი დაკავშირება კომპიუტერთან. დააკვირდით, რომ ხმის დაფას, რომლის შეძენასაც დააპირებთ გააჩნდეს USB შეერთების საშუალება. არსებობს სხვა – Firewire ხმის ინტერფეისებიც, რომელთა სიგნალის მიღება ზოგიერთი სახის კომოიუტერისთვის არ არის შესაძლებელი.

კომპიუტერი

თავდაპირველად საჭიროა არჩვევანი გავაკეთოთ ორ ვარიანტს შორის  – ლეპტოპი თუ მძლავრი პერსონალური კომპიუტერი?

აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს ჩვენს არჩევანს – თუკი ჩვენი სტუდია იქნება ორ ოთახიანი, ანუ საოპერატორო და ჩასაწერი ოთახი, მაშინ უპრიანი იქნება თუკი ჩვენ ჩვეულებრივ პერსონალურ კომპიუტერს ავარჩევთ, რადგან ფასითაც და სიმძლავრითაც ის უკეთესი იქნება ლეპტოპზე, მაგრამ თუკი ჩვენ იმ ოთახში ვაპირებთ ჩაწერის გაკეთებას, სადაც კომპიუტერი იდგება, მაშინ ლეპტოპი აუცილებელი იქნება, რადგან ჩვეულებრივი კომპიუტერის გამაგრილებელი მოწყობილობა იმდენად ხმაურიანია, ხარისხიანი ჩაწერა წარმოუდგენელი იქნება. არის სხვა გამოსავალიც, თუკი პერსონალური კომპიუტერის პროცესორი განთავსდება ცალკე სათავსოში. ასეთ შემთხვევაში უნდა იყოს გათვალისწინებული ისიც რომ პროცესორს ესაჭიროება გაგრილება და ის არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღმოჩნდეს დახშულ, მცირე ზომის სათავსოში. ჰაერის ცირკულაცია კი საჰაერო სისტემას ითვალისწინებს, რაც  დამატებით ხმაურის წყაროდ შეიძლება იქცეს.

რა თქმა უნდა, თუკი გვაქვს ამის შესაძლებლობა, იდეალური ვარიანტი იქნებოდა მაკინტოშის კომპიუტერი (როგორც ლეპტოპი ასევე ჩვეულებრივი კომპიუტერი). ის ხარისხიანია და მისი ოპერაციული სისტემა MAC OS X საგრძნობლად სანდო და სტაბილურია და არც ინტერნეტიდან შემოღწეული ვირუსები ადარდებს.

კომპიუტერი უნდა იყოს საკმაოდ მძლავრი, დიდი ოპერატიული მეხსიერებითა და პროცესორის სიჩქარით, ტევადი ხისტი დისკით (თუკი არ ვაპირებთ გარე ხისტი დისკის შეძენას). თუ ეს იქნება ჩვეულებრივი „დესქტოპ“ კომპიუტერი, აუცილებელია გვქონდეს უწყვეტი დენის წყარო, რათა თავიდან ავირიდოთ კომპიუტერის უცაბედი გათიშვა, რომელიც არა მარტო დაგვაკარგინებს ჩანაწერს, არამედ დააზიანებს ხისტ დისკსაც.

ხმის ჩამწერი პროგრამა

ჩვენს საიტზე განთავებულ ერთ-ერთ სტატიაში საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ “გატეხილი” აუდიო პროგრამების შესახებ და მინდა კვლავაც გავიმეორო, მიუხედავ იმისა, რომ დღეს საკმაოდ იოლია გატეხილი აუდიო პროგრამის გადმოწერა, ჩემი რჩევა იქნება, შეეცადოთ მოიხმაროთ მხოლოდ უფასო ან ლიცენზირებული აუდიო პროგრამები. გარწმუნებთ, მრავლად არის ისეთი პროგრამა, რომელიც მოგცემთ საშუალებას ხარისხიანად ჩაიწეროთ ხმა და არც იმის საშიშროება იქნება, რომ შუა ჩაწერისას გაგეთიშოთ პროგრამა, რადგან, როგორც წესი, გატეხილი პროგრამები ხშირად იჭედება.

მინდა გაგაცნოთ პროგრამა Reaper. ეს პროფესიონალური ხარისხის მრავალარხანი ჩამწერი სისტემაა, რომელიც ძალიან იაფი ღირს, მისი საცდელი მოხმარება კი შესაძლებელია განუსაზღვრელი ვადით. ფუნქციონალურად ის მსგავსი სხვა სტანდარტული პროგრამებისა. მისი მოხმარების შესწავლა კი შესაძლებელია ვიდო გაკვეთილების საშუალებით, რომლებიც მრავლადაა youtube ზე.

აუდიო მონიტორები

ხარისხიანი მუსიკის ჩასაწერად აუცილებელია იმგვარი მონიტორები, რომლებიც მაქსიმალური სიზუსტით გადმოსცემს აუდიო სიგნალს. სტუდიური მონიტორები განსხვავდება იმგგვარი აკუსტიკური სისტემებისგან, რომელშიც ხდება უკვე მზა და დამუშავებულუ მუსიკის მოსმენა. მცირე ბიუჯეტიანი სტუდიები გამოსავალს კომპიუტერის დინამიკებში ან სტანდარტული მუსიკალური ცენტრის დინამიკებში ხედავს, თუმცა, მათი ხარისხი საგრძნობლად განსხვავდება იმ მონიტორებისგან, რომლებიც საგანგებოდ ხმის დამუშავებისთვისაა შექმნილი.

უნდა ვიცოდეთ, რომ ხმის ჩაწერა სტუდიური მონიტორების გარეშეც არის შესაძლებელი (მხოლოდ ყურსასმენების გამოყენებით), მაგრამ ასეთი მეთოდით სასურველი შედეგის მიღწევა ძალიან ძნელი იქნება.

ყურსასმენები

ანოლოგიურად სტუდიური მონიტორებისა, ყურსაცვამებიც არსებობს, როგორც მუსიკის მოსასმენი, ასევე სამონტაჟო დანიშნულების. ერთი რამ არის საყურადღებო ყურსაცვამების შეძენისას. არსებობს სამი ტიპის ყურსასმენი – დახურული, ნახევრად ღია (ან ნახევრად დახურული) და ღია. დახურულ ყურსაცვამებს ჩაწერისას ვარგებთ თავად მუსიკოსს, რომელსაც ვწერთ, რათა არ მოხდეს ამ ყურსაცვამებიდან წამოსული სიგნალის შეპარვა მიკროფონში. ხშირად საკმაოდ ხმამაღლა არის ხოლმე საჭირო მეტრონომის ან დასარტყამი ინსტრუმენტების ჩართვა, რათა მუსიკოსმა უფრო გარკვევით დაიჭიროს რითმი, ასეთ დროს კი არის საშიშროება, რომ ეს ხმა შევიდეს მიკროფონში ჩასაწერ ისნტრუმენტთან ერთად. დახურული ყურსაცვამები არ არის აუცილებელი იყოს ძვირადღირებული და განსაკუთრებული ხარისხის. სამონტაჟო ყურსაცვამები კი შეიძლება იყოს ღია ან ნახევრად ღია. მისი მთავარი ღირსება ხმის სისუფთავე და ბგერის ზუსტად გადმოცემაა, ასევე მნიშვნელოვანია მისი კომფორტულობა, რადგან ხმის რეჟისორს, შეიძლება საათობით დასჭირდეს მასში მუშაობა.

ზემოთ ჩამოთვლილი აღჭურვილობით, თქვენ შეძლებთ სახლის პირობებისათვის მაქსიმალური ხარისხის მიღებას. ეს ის მინიმუმია, რომლის დაბლაც ხარისხი მიღება ძალზედ რთული იქნება.

ცხადია, ძალიან დიდია არჩევანი მიკროფონებს, აუდიო ინტერფეისებსა თუ კომპიუტერებს შორის, თუმცა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მომმართოთ კონსულტაციისთვის და მე დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით. მომწერეთ მისამართზე saavtorostudia@gmail.com

დავით ხოსიტაშვილი

2014 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”