საავტორო სტუდია

გემოვნებაზე არ დაობენ (?)

სანამ რამეს დავწერდე, რამდენიმე მაგალითი მინდა მოვიყვანო:

ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ ძნელია აღნიშნულ ნაგებობებს ლამაზი ვუწოდოთ და თუკი თქვენ მაინც მოგწონთ, ესე იგი გემოვნება არ გქონიათ. ბევრისგან გვსმენია – “გემოვნების ამბავია” ან “გემოვნებაზე არ დაობენ”, თუმცა, ეს მხოლოდ უგემოვნებობის ლეგალიზების მცდელობაა. უგემოვნებობა კი, სამწუხაროდ, ნამდვილად არსებობს, როგორც არსებობს ცუდი მუსიკა, ცუდი ლიტერატურა, ცუდი ნახატი, ცუდი შენობა და ა.შ. არის აქ ვინმე, ვისაც მოსწონს ეს? შეიძლება ვუწოდოთ ამ ნიმუშებს გემოვნებიანი?

რთულია ამაში კონკრეტული ადამიანების დადანაშაულება. კარგი გემოვნების ფორმირება საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია.

 

 

მუსიკისგან, ფერწერისგან ან პროზისგან განსხვავებით, მახინჯმა არქიტექტურამ ძალიან დიდი ზიანი შეიძლება მოაყენოს ჩვენს ქალაქსა თუ ქვეყანას. დროის გარკვეული პერიოდის შემდეგ უგემოვნებო მუსიკა, მოთხრობა თუ ფერწერული ნამუშევარი დავიწყებას მიეცემა, მაგრამ შენობა შეიძლება ასობით წელი იდგეს და ამახინჯებდეს ხედს. მარტივი მაგალითი, თუნდაც, ავადსახსენებელი “ხრუშჩოვკებია”. არ მოგწონს ფილმი? ნუ უყურებ! არ მოგწონს მუსიკა? ნუ მოისმენთ, სხვა რამე ჩართეთ, მაგრამ რა ვუყოთ იმ სიმახინჯეს, რომელიც ყოველ წუთს გვეჩხირება თვალებში? ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუკი რამე აშენდა, მისი დანგრევა ასე იოლად ვერ მოხერხდება.     

გემოვნება, ანუ, როგორც კანტი იტყოდა: “მშვენიერების შეფასების უნარი”, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ბევრს არ გააჩნია. მეტსაც ვიტყოდი, დახვეწილი გემოვნების მქონე ხალხის ნახვა უფრო და უფრო ძვირად სანახავი ხდება. განსაკუთრებით კი, ისეთი ხალხის, რომლებსაც დახვეწილი გემოვნება ხელოვნების რამდენიმე დარგში გააჩნიათ. ჩვენ შესაძლოა შევხვდეთ კარგ მუსიკოსს, რომელსაც საშინლად უგემოვნებოდ აცვია ან კარგ მხატვარს, რომელსაც მუსიკალურ გემოვნებაში “უჭირს”.

იქნებ ამიხსნას ვინმემ, რატომ ვიხდით ამდენს ჩვენი შვილების განათლებაში?! ვქირაობთ რეპეტიტორებს, ვატარებთ დამატებით კურსებზე, იმისთვის, რომ მათ (შვილებმა) პრესიტიჟულ უნივერსიტეტში შესძლონ ჩაბარება და განათლების მიღება, მაგრამ არასოდეს ვაპროტესტებთ იმას, თუ რა გარემოში უხდებათ მათ ცხოვრება და სწავლა. მახინჯ გარემოში ცხოვრება მოზარდს გემოვნებას უნგრევს.

უნდა აღინიშნოს, რომ არქიტექტურული ნაგებობები იშვიათად შენდება გართობისა და სანახაობის მიზნით, მსგავსად მუსიკისა. უმეტეს შემთხვევაში მათ კონკრეტული დანიშნულება აქვთ. არქიტექტურა არ არის მასობრივი და მისი დამკვეთიც უნიკალურია. როგორ უნდა გამოიყურებოდეს ესა თუ ის ნაგებობა მხოლოდ დამკვეთზეა დამოკიდებული. არ აქვს მნიშვნელობა ეს კერძო ინვესტორია, თუ სახელმწიფო მოხელე – ჩვენ (“უბრალო მოკვდავებს”) არვინ გვეკითხება მოგვწონს თუ არა პროექტი, არავინ უთანხმებს მეზობლებს, მოსწონთ თუ არა მათ ცხვირწინ წამომართული სიმახინჯე. შესაძლოა პროექტი, მართლაც არ იყოს ცუდი, მაგრამ ადგილი, სადაც მის ჩადგმას აპირებენ სრულებით არ შეეფერებოდეს ადგილსამყოფელს. ეს არ ადარდებს მას, ვისაც გემოვნების პრობლემა აქვს. უგემოვნებო დამკვეთი საუკუნეების მანძილზე სწირავს საკუთარ ქვეყანას, ხდის გასაკიცხსა და დასაცინს საერთაშორისო მასშტაბით.

საბოლოო ჯამში, დამკვეთის გემოვნება (თუ უგემოვნებობა) გადაწყვეტს როგორ გარემოში ვიცხოვრებთ ჩვენ და ჩვენი მომავალი თაობები. ისმის კითხვა – საიდან მოვიტანოთ გემოვნება? დღევანდელობაში დამკვეთები, ხშირ შემთხვევაში, ნაკლებ განათლებული ადამიანები არიან, რომლებიც არ გამოირჩევიან დახვეწილი გემოვნებით. მათ უმრავლესობამ შავბნელ 90 იანებში იშოვეს ფული. საიდან უნდა გააჩნდეთ ასეთებს განათლება და გემოვნება?! როგორ უნდა მოვთხოვოთ მათ მაღალი ხელოვნების დაფასება?! არიან თუ არა ნამყოფი მუზეუმებში, თეატრებში, გამოფენებზე? იცნობენ თუ არა ძველბერძნულ არქიტექტურას? გადაუშლიათ თუ არა პალადიოსის ნამუშევრები? უსეირნიათ თუ არა რომის, ბარსელონას, პარიზის ქუჩებში, არა შოპინგის, არამედ მათი დათვალიერების მიზნით? სწორედ ცუდად განათლებული, უგემოვნებო ბიზნესმენებისა თუ ჩინოვნიკების ხელისუფლებაში მოსვლამ გამოიწვია ის, რაც ხდება დღეს ჩვენი ქალაქების ქუჩებში. ჩვენ აღარ გვაქვს კარგი არქიტექტურა. ოდესღაც საამაყო ტაძართმშენებლობაც უგემოვნებო სასულიერო პირებისა და მათი გაუნათლებელი მრევლის ხელშია ჩავარდნილი.

ცხადია, არსებობს გამონათებებიც, მსგავსი კიკეთის წმ. ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ტაძრისა, ან რეზო გაბრიაძის თეატრის კოშკისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ზღვაში წვეთია იმ უამრავ უგემოვნებო ნაგებობებს შორის, რომლებიც გარს გვარტყამს.

ისმის კითხვა: რა ვქნათ? სამწუხაროდ, ვერც ვერაფერს ვიზამთ – კარგი გემოვნების ჩამოსაყალიბებლად გემრიელი საჭმელი უნდა მივირთვათ და არა ქუჩაში შეძენილი უგემური “ფასტ ფუდი”.

 

დავით ხოსიტაშვილი

წამოგვყევით ფეისბუქზე