საავტორო სტუდია

მიმდინარეობს Georgian Brass ალბომის ჩაწერა

brassმიხარია გაცნობოთ, რომ ერთადერთი ლითონის სასულე ანსამბლის “Georgian Brass” დისკის ჩაწერას “საავტრო სტუდია” ახორციელებს. ჩაწერები ქართული ფილმის სტუდიაში მიმდინარეობს.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მიუხევად იმისა, რომ სასულე ინსტრუმენტები უკვე საუკუნეა არსებობს ჩვენს ქვეყანაში, მუსიკალური ალბომი ჯერ არავის გამოუცია. უფრო მეტიც, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ცნობილია, რომ ქართული ორკესტრები ცნობილნი იყვნენ თავისი უხარისხო შესრულებით და ეს სახელი უმეტესწილად სწორედ სასულე ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა “დამსახურებით” დამკვიდრდა.

ყველაფერი შეცვალა “Georgian Brass” ის და კლარნეტისტ ლევან ცხადაძის მუსიკალურ ასპარეზზე გამოსვლამ. სანამ ანსამბლზე ვიტყოდეთ რამეს, აუცილებლად უნდა ითქვას ლევან ცხადაძის და მის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალის შესახებ. ამ ფესტივალის დაფუძნებამ და არსებობამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ქვეყანაში სასულე საკრავების განვითარებაში. 20o9 წლიდან დღემდე მრავალი სახელოვანი შემსრულებლის ჩამოყვანა მოხერხდა ფესტივალის ფარგლებში. ჩატარდა უამრავი მასტერკლასი, რასაც, უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს ჩვენს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს საკმაოდ დახვეწილი, პროფესიონალი და გემოვნებიანი მუსიკოსები ამშვენებენ. “საავტორო სტუდია” მხარში უდგას ფესტივალს და თავისი მცირე წვლილი შეაქვს სასულე ინსტრუმენტების განვითარების დარგში.

არ უნდა დავუკარგოთ ღვაწლი არც ნიკოლოზ რაჭველს, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყნის ყველაზე პერსპექტიულ და მშრომელ ახალგაზრდა შემსრულებლებს ერთ გუნდად გაერთიანებულიყვნენ.

“საავტორო სტუდიას” “Georgian Brass” თან უკვე ჰქონია ურთიერთობა. ჩაწერილია არაერთი ნაწარმოები:

თუმცა, ერთ ალბომად გაერთიანების იდეა მხოლოდ ეხლა გადაწყდა. მნიშვნელოვანია ანსამბლის ურთიერთობა ნიჭიერ და შრომისმოყვარე დირიჟორებთან: რევაზ ჯავახიშვილთან და კობა მერმანიშვილთან. დირიჟორი კობა მერმანიშვილი ხელმძღვანელობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრს, რომლის რიგებშიც “Georgian Brass” ის რამდენიმე წევრიც ირიცხება.

სწორედ ამ ანსამბლის წევრების და დირიჟორ კობა მერმანიშვილის უდიდესი დამსახურებაა ის ფაქტი, რომ ცნობილ პიანისტებთან ლექსო თორაძეს და ედიშერ სავიცკისთან ერთად არც თუ ისე დიდი ხნის წინ შედგა კონცერტების სერია, სადაც შესრულდა გერშვინის და პროკოფიევის ნაწარმოებები, ადაპტირებული ფორტეპიანოსა და სასულე ორკესტრისათვის (კობა მერმანიშვილის გაორკესტრებით). რუსთაველის თეატრში ჩატარებული კონცერტი სრულად ჩაიწერა “საავტორო სტუდიამ”.

სოლისტი ედიშერ სავიცკი, დირიჟორი კობა მერმანიშვილი (ჩაწერილია “საავტორო სტუდიის მიერ)

სოლისტი ლექსო თორაძე, დირიჟორი კობა მერმანიშვილი (ჩაწერილია “საავტორო სტუდიის მიერ)

“Georgian Brass”ის ალბომს საკმაოდ მალე იხილავს მსმენელი, რომელიც მოიცავს როგორც ძველ მუსიკას (ჰენდელი, ბახი) ასევე თანამედროვე კომპოზიტორების ნამუშევრებსაც (ყანჩელი, ჯანჯღავა, მახოშვილი). იქნება ჯაზური კომპოზიციებიც.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მუსიკალურ რეალობაში ახალი ფურცელი იწერება და ჩვენი სტუდია მეტად ამაყია იმის გამო, რომ ამ ისტორიის თანამონაწილეა – საქართველოში გამოდის პირველი დისკი მხოლოდ ლითონის სასულე ინსტრუმენტების შესრულებით.

იხილეთ რუსთავი 2 ის სიუჟეტი

დავით ხოსიტაშვილი

თბილისი 2015 წლის 13 მარტი.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”