საავტორო სტუდია

დროა გავიზარდოთ და გადავეჩვიოთ გატეხილი პროგრამების გამოყენებას

software-pirateმანამდე, სანამ ამ საკითხზე მსჯელობას დავიწყებდეთ, მინდა ერთ-ერთი  სპეციალისტის Graham Cochrane ის სტატიიის ამონარიდი წარმოგიდგინოთ:

“ნება მომეცით მცირე ხნით მივიპყრო თქვენი ყურადღება, რათა რაღაც მნიშვნელოვანი რამ გითხრათ. მოგიწოდებთ ყოველ თქვენგანს – საკუთარი სტუდიების მფლობელებსა თუ უბრალოდ აუდიო პროგარმების მომხმარებლებს: შეწყვიტოთ “გატეხილი” (მოპარული) პროგრამების გამოყენება. დროა გაიზარდოთ და პატივი სცეთ საკუთარ თავს. ეს განცხადება, შესაძლოა, ზედმეტად ხისტია, მაგრამ დროა დაიწყოთ იმის გაცნობიერება, რა გიყენიათ კომპიუტერებში.

გატეხილი პროგრამების ჩამოტვირთვა დანაშაულია!

ამ წუთამდე მე არასოდეს ჩამომიტვირთავს და გამომიყენებია გატეხილი პროგრამები. რატომ? იმიტომ რომ არ ვარ დამნაშავე! გთხოვთ სწორად გამიგოთ, მე არ ვარ იმგვარი თავმომწონე ადამიანი, რომელსაც ცუდი არაფერი ჩაუდენია ცხოვრებაში. მაგრამ ჩემთვის პარვა არასწორი საქციელია. გატეხილი პროგრამის გადმოწერა და დაყენება დიდად არ განსხვავდება საფულის ან  მანქანის მოპარვისგან.

უფრო გლობალურად თუ ვიმსჯელებთ, ამგვარი საქციელით, თქვენ ზღუდავთ პროგრამების მწარმოებლებს, უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ კვლევაში და ტექნოლოგიის განვითარებაში. ანუ, თუ არ არის შემოსავალი, არც განვითარება შეიძლება არსებობდეს. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენს საქმესაც ვნებს:

გატეხილი პროგრამები აზიანებს ჩვენს საქმიანობას!

პირატული პროდუქციის გამოყენება სხცადასხვა სახით აზიანებს ჩვენს საქმიანობას. თუკი თქვენ არ გადაიხდით ფულს პროგრამებში, მწარმოებლები იძულებულები იქნებიან გაზარდონ ფასები და უფრო მეტი გადაახდევინონ მათ, ვინც პატიოსნად იხდის ფულს ციფრულ პროდუქციაში. ან სულაც გაკოტრდნენ და საერთოდაც შეწყვიტონ საქმიანობა. ეს საქმე, შესაძლოა ახარებს კიდეც იმგვარ ხალხს, ვისაც ფეხზე ჰკიდია მსხვილი კორპორაციები და სულაც არ ადარდებთ მათი გაკოტრებისა თუ სულაც გაქრობის საკითხი, მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს შედარებით მცირე ტიპის კომპანიები ზარალდებიან, რომელთა მხრებზეც გადადის ციფრული ინდუსტრიის უდიდესი წილი.

პროგრამების მპარავნი ხელს უშლიან ინოვაციას და პროგრესს! 

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ ჩემს ნაცნობს, რომელიც ციფრული აუდიო ეფექტების მწარმოებელი კომპანიის მფლობელია, ვკითხე, რა პროცესს გადის ეფექტი, სანამ გამოვა გაყიდვაში. აი, მისი პასუხი:

“მხოლოდ ერთი ციფრული ეფექტის შესაქმნელად და სრულყოფისათვის დაახლოებით ერთი წელია საჭირო. ეს საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, ხანდახან მტანჯველიც კი, მაგრამ ნამდვილად ღირს ამად. ჩვენი ეფექტების გატეხვა სრულებით ანგრევს ამ პროცესს და ხელს გვიშლის შევინარჩუნოთ მუშაობისათვის საჭირო რესურსი. მაგრამ რაც ყველაზე მტკივნეულია, ამგვარი შემთხვევები მოქმედებს მთელ სამუშაო გუნდზე და დემოტივაციის საფუძველი ხდება. პრაქტიკულად მათი შრომა წყალში იყრება”. [Steven Slate]

ხედავთ რა ხდება? ერთი წელია საჭირო იმისთვის, რომ ერთი ეფექტი შეიქმნას. რამდენი ფული, დრო და ენერგია არის დახარჯული ერთი პატარა პროგრამისთვის. და რისთვის? იმისთვის რომ სარგებელი ვერ ნახო?! ეს ხომ სიგიჟეა?! ამას ლოგიკური დასკვნა მოსდევს: სრულად ქრება მომუშავე გუნდის მოტივაცია. წარმოიდგინეთ, მთელ ძალას და ენერგიას რომ ჩააქსოვთ რაიმე საქმეში და უცებ ვინმე მოგპარავთ. როგორ იგრძნობდით თავს?!

კარგი იქნებოდა, არავისთვის მეწყენებინა ჩემი ამგვარი გამოსვლით, მაგრამ იძულებული ვარ ვაღიარო, რომ მიზეზი რასაც ასახელებენ გატეხილი პროგრამების მომხმარებლები, მეტად არასერიოზულია.

ციფრული პროდუქციის უპირატესობა კი ალბათ ბევრისთვის არის ცნობილი.

  1. ჩვენ ვცხოვრობთ თანამედროვე ეპოქაში, სადაც ციფრული აუდიო ეფექტი ზუსტად ისევე კარგად ჟღერს როგორც მისი ნატურალური ანალოგი, მაგრამ მისი ფასი გაცილებით დაბალია. თქვენ შეგიძლიათ 150 დოლარზე იაფად შეიძინოთ შესანიშნავი ემულაცია LA2A კომპრესორისა, რომლის რეალური ღირებულება 3500 დოლარზე მეტია. გამოდის რომ თქვენ 2000% ით იაფად ყიდულობთ ეფექტს.
  2. თუკი თქვენ შეიძენთ ციფრულ ეფექტს, იოლად შეძლებთ დასვათ ის თქვენი “მიქსის” ყველა არხზე ინდივიდუალურად. ნამდვილი აპარატის შემთხვევაში კი ათობით 150 დოლარის გადახდა მოგიწევდათ. ეს თითქმის უსამართლოც კი არის აპარატურის მწარმოებლების მიმართ.
  3. თქვენ შეგიძლიათ უფასოდაც კი გამოიყენოთ ესა თუ ის ეფექტი, სანამ შეიძენთ მას. არ გჭირდებათ ითხოვოთ ან ისესხოთ რათა დატესტოთ და მოირგოთ აპარატურა. თქვენ შეგიძლიათ წამებში მიხვდეთ რამდენად გჭირდებათ და რამდენად სასარგებლო იქნება თქვენთვის ესა თუ ის ეფექტი. 

აქვე მინდა დავამატო ის ფაქტი, რომ უმეტეს მრავალარხიან ჩამწერ პროგრამებს საკუთარი ეფექტები მოჰყვება, რომლებსაც შესანიშნავი ხარისხი და ჟღერადობა გააჩინიათ. ასევე გასათვალისწინებელია ის უფასო ეფექტები, რაც არც თუ ისე ცოტაა ინტერნეტ სივრცეში.

გატეხილი პროგრამების ჩამოტვირთვით, თქვენ გამოდიხართ ქურდები, რომლებსაც არ შეუძლიათ უფასო პროგრამებით კარგი ჟღერადობის მიღება. რაც გინდათ ის უწოდეთ ამას. როგორც ადამიანებს, ჩვენ გვახასიათებს ჩვენი ბრალეულობისა და პასუხისმგებლობის მინიმუმამდე დაყვანა. ჩვენ ყოველთვის ასე ვიქცევით.

უნდა იცოდეთ რომ იმ წუთში როდესაც თქვენ იწერთ “გატეხილ” პროგრამას, თქვენ შეჭრილები ხართ ამა თუ იმ მუსიკალურ მაღაზიაში და ძარცვავთ მას, იტაცებთ აპარატურას და მანქანაში აწყობთ წასაღებად. ვუწოდოთ ამას ის რაც ქვია: “გატეხილი” პროგრამების გადმოწერა და მოხმარება ქურდობაა.”

* * *

მართლაც, საკმაოდ პირდაპირი და ხისტი გამოსვლაა. მაგრამ ალბათ შეიძლება გავუგოთ დასავლელ ციფრული პროდუქციის მწარმოებლებს, რომლებიც ოფლად იღვრებიან, ხარჯავენ რესურსებს და სანაცვლოდ იღებენ “ტორენტიდან” გადმოსაწერ ბმულს, რომლის 5 კილობაიტიან ფაილში მთელი მათი ერთწლიანი ან ხანდახან მეტი ხნის შრომაც არის ჩატეული.

გატეხილ პროგრამას, ტექსტური ფაილის სახით (რომელსაც, როგორც წესი, გატეხილი პროგრამის “კრეკი”, “კეი გენერატორი” ან “პატჩი” ახლავს)  ხშირად ერთვის სინდისის შემამსუბუქებელი ფრაზა: Don’t make money with cracked software (ნუ “გააკეთებთ” ფულს “გატეხილი” პროგრამებით). ვითომ ფულს თუ არ გავაკეთებთ, ქურდობაში არ ჩაითვლება და ჩვენი სინდისიც შემსუბუქდება.

მაინც, რა სახის არგუმენტაცია გააჩნია ქართველ მომხმარებელს, როდესაც გატეხილ პროგრამას, ეფექტს ან ვირტუალურ ინსტრუმენტს აყენებს საკუთარ კომპიუტერში?

უპირველეს ყოვლისა, ეს ალბათ მაღალი ფასია. ძნელია არ დავეთანხმოთ, ცხადია, თუკი ჩვენს არჩევანს Waves Mercury ზე, Kontakt ზე Tc Electronic MD-3 ზე ან Spectrasonics – ის ვირტუალურ ინსტრუმენტებზე შევაჩერებთ.

მაგრამ, მოდით გულახდილად ვთქვათ, ვიყენებთ თუ არა ყველა ეფექტს ამ ეფექტებისა და ხმების ბლოკებიდან. ცხადია, ექსპერიმეტების მოყვარულთათვის ეფექტების დიდი არსენალი აუცილებელი პირობაა, მაგრამ რამდენად მისაღებია არალეგალური პროგრამის დაყენება ასეთ შემთხვევაში, ეს თავად მომხმარებელმა გადაწყვიტოს. შეუძლებელია  “ჯიბეგამოფხეკილი” მუსიკოსი, რომელიც საკუთარი დემო სიმღერის ჩაწერას ცდილობს, პროფესიონალურ სტუდიას შევადაროთ. სწორედ აქ არის საჭირო ხაზგასმა, რომ მუსიკოსს მრავალი უფასო პროგრამის საშუალებით შეუძლია საკუთარი მუსიკის შექმნა (სწორედ აქ შეიძლება გამოჩნდეს მისი კრეატიულობა და ნიჭი). პროფესიონალური სტუდიას კი, რომელიც “სმენაში” 150 ლარზე ნაკლებს არ იღებს, ალბათ არ გაუჭირდება საჭირო პროგრამებში ფულის გადახდა.

თუკი ადრე აუდიო პროგრამები და ეფექტები დეფიციტს წარმოადგენდა, დღეს ინტერნეტ სივრცეში მრავლად არის უფასო პროდუქციაც. მომხმარებელს საშუალება აქვს დატესტოს, მიეჩვიოს და გადაწყვიტოს რამდენად გამოადგება ესა თუ ის ეფექტი და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს შეიძენს თუ არა.

ამისთვის მხოლოდ ჯადოსნული სიტყვების Free audio plugins ჩაწერა არის საკმარისი google ის საძიებო ველში, რომ უფასო პროდუქციის საკმაოდ დიდ ასორტიმენტი აღმოჩნდეს.

მრავალი მწარმოებელი საკმაოდ დაბალ ფასს ადებს თავის პროდუქცს იმ საბაბით რომ მცირე საფასურმა მაინც გაუქროს ხალხს “გატეხილი” პროგრამების მოხმარების სურვილი. აი მაგალითისთვის ავიღოთ აუდიო პროგრამა Reaper -ის მწარმოებელი კომპანია Cockos, რომელიც მხოლოდ 60 ა.შ.შ. დოლარად გაძლევთ მათი პროდუქტის შეძენის საშუალებას და უფრო მეტიც, სანამ შეიძენთ, შეგიძლიათ გადმოწეროთ და დატესტოთ იგი უვადოდ (!)

ნურავინ იტყვის, რომ ჩვენი გიტარა ან ხმა ProTolls ში ან Cubase ში უფრო კარგად გაიჟღერებს, ვიდრე იაფფასიან Reaper ში.

დასასრულს, არ შეიძლება არ აღინიშნოს “გატეხილი” პროგრამების არასტაბილურობა და დეფექტები. ის “იჭედება”, არ უმუშავებს ზოგიერთი ფუნქცია და შესაძლოა ერთხელაც უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, როდესაც ათობით არხზე გაშლილი ჩასაწერი სესია დამახსოვრების გარეშე გაგეთიშებათ.

მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა

2013 წელი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”