საავტორო სტუდია

დასრულდა კლასიკური გიტარის კონკური

goodall5357-3დასრულდა “საავტორო სტუდიის” მიერ ორგანიზებული კლასიკური გიტარის რიგით მე-4 კონკურსი.  წლევანდელ წელს კონკურსის ორგანიზატორებმა სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლეებს მისცა შანსი მიეღოთ მონაწილეობა. სულ 13-მა შემსრულებელმა შემოიტანა განაცხადი. აქედან 5 სასომხეთიდან იყო ჩამოსული. კონკურსის ჟიური მეტად რთული ამოცანის წინაშე აღმოჩდა – მათ უნდა შეეფასებინათ სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის მოსწავლეები. ზოგი მათგანი წლების განმავლობაში ემზადებოდა გიტარაზე დაკვრის ხელოვნებაში, რამდენიმე მონაწილეს კი მხოლოდ ორიოდე წლის წინ ჰქონდა დაწყებული მეცადინეობა. ამის გამო ჟიურიმ მიიღო გადაწყვეტილება მონაწილეები სამ ასაკობრივ კატეგორიად დაეყო და ფულადი პრემიები სწორედ ამ სამ კატეგორიაში მაღალი ქულების შესაბამისად გაეცა.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცა “საავტორო სტუდიის” მიერ მომზადებული სპეციალური დიპლომები. დიპლომები გადაეცთ ასევე პედაგოგებსაც. სპეციალური პრიზები დააწესა კონკურსის მუდმივმა სპონსორმა “მუსიკის სახლმა” და კონკურსის შარშანდელმა ლაურეატმა, პირველ ადგილზე გასულმა ჟორა სარგსიანმა. იგი წლევანდელ წელსაც ჩამოვიდა თბილიში, რათა საქართველოს სახელმწიფო კამერულ ორკესტრ “სინფონიეტასთან” ერთად შეესრულებინა გიტარის კონცერტი. ამ პრიზს ყოველწლიურად აწესებს კონკურის ერთგული პარტნიორი “საქართველოს სინფონიეტა”. მათ წლევანდელ წელსაც შეარჩიეს თავიანთი ფავორიტი, რომელთანაც ერთად შემდეგ წელს შეასრულებენ ერთ ნაწარმოებს.

ყველაზე მცირე ასაკის მოსწავლეებს შორის პრემია საბა წაქაძეს ერგო. საბა ვაჟა კალანდაძის მოსწავლეა და მხოლოდ 2 წლის წინ დაიწყო მომზადება. ჟორა სარგსიანის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზიც სწორედ მას ერგო. ის უსასყიდლოდ მიიწვიეს სასომხეთის გიტარის ფესტივალზე და მასტერკლასებზე.

მეორე ასაკობრივ კატეგორიაში გაიმარჯვა ვაჰან სარქისიანმა, ხოლო უფროსი ასაკის შემსრულებელთა შორის გამარჯვებული ჰენრიკ მელიქიანი აღმოჩნდა. “საქართველოს სინფონიეტას” არჩევანიც ჰენრიკ მელიქიანზე შეჩერდა. ისინი ერთობლივად შეასრულებენ ნაწარმოებს.

“საავტორო სტუდიამ” და კონკურსის დამფუძნებლებმა უკვე დაიწყეს მუშაობა რიგირთ მე – 5 კონკურსზე, სადაც სავარაუდოდ კვლავაც დაეთმობათ დრო მოსწავლეებს, მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც პროფესიონალ შემსრულებლებზე გაკეთდება.

“საავტორო სტუდია” მადლობას უხდის ყველას ვინც თანადგომა გაუწია კონკურსს – კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო კონსერვატორიას, “საქართველოს სინფონიეტას” და “სინფონიეტა სთეიჯს”, ჟორა სარგსიანს, მედია პროტალ კვირას, რომელიც გახლდათ კონკურსის მედია პარტნიორი, ასევე ყველა პედაგოგსა თუ უბრალოდ გულშემატკივარს და მსმენელს.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”