საავტორო სტუდია

მიკროფონების შესახებ. როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი?

different-types-of-microphonesყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ მიკროფონი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია ხმის ჩაწერის პროცესში. არ აქვს მნიშვნელობა საუბარია სახლის, თუ პროფესიონალურ სტუდიაზე. ყველა შემთხვევაში, ხმის ხარისხი პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია მიკროფონთან, რომელსაც გამოიყენებთ ჩაწერისას.

დღევანდელ დღეს ჩვენს გარშემო უამრავი სახის მიკროფონის მოდელი არსებობს. გაბატონებული მოსაზრების თანახმად, რაც უფრო ძვირია მიკროფონი, მით უფრო ხარისხიანია. სინამდვილეში საკმაოდ ბევრია ისეთი დაბალბიუჯეტიანი მიკროფონი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებაა ცნობილი ბრენდების მიერ წარმოებულ ძვირადღირებულ მიკროფონებს. ამ სტატიაში ჩვენ შევეცდებით ვუპასუხოთ ყველაზე პოპულარულ და მნიშვნელოვან კითხვებს: “როგორი მიკროფონი ავარჩიოთ საშინაო სტუდიისთვის?”; “როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი მიკროფონი?”; “რა სხვაობაა ძვირფას და იაფფასიან მიკროფონს შორის?”; “რომელი მიკროფონი გამოვიყენოთ ვოკალის ჩასაწერად?”და ა.შ.

მიკროფონის დანიშნულება

ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ისეთი მიკროფონი შევარჩიოთ, რომელიც თქვენს საჭიროებას დააკმაყოფილებს – ვოკალისთვის გჭირდებათ მიკროფონი, თუ ინსტრუმენტის ჩასაწერად? საკონცერტოდ თუ სტუდიისთვის? ან, იქნებ ორივე შემთხვევისთვის გჭირდებათ? საკმაოდ ბევრია ისეთი მიკროფონი, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც სცენაზე, ასევე სტუდიაშიც. მაგალითად Sennheiser E945, პროფესიონალური მიკროფონი, გამოსადეგი როგორც სტუდიაში, ასევე სცენაზე. ძალიან მნიშვნელოვანია იმ გარემოს გათვალისწინება, სადაც

გამოიყენებთ მიკროფონს. არ აქვს აზრი დახარჯოთ ფული DPA ან Neumann – ის მიკროფონში, თუკი თქვენს საძინებელში გამოიყენებთ, სადაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე კარგი აკუსტიკაა. ასეთი შემთხვევისთვის უმჯობესი იქნება დაბალბიუჯეტიანი და შედარებით ნაკლებად მგრძნობიარე მიკროფონის შეძენა, მაგალითისთვის, სტუდიური მიკროფონი კომპანიისგან MXL ან Aston Microphones. მეორე მხრივ, სტუდიურ პირობებშიც კი საუკეთესო მიკროფონების ხარისხი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ წინაგამაძლიერებელში არის შეერთებული. და თუკი თქვენ არ გაქვთ ხარისხიანი წინაგამაძლიერებელი, ძვირადღირებული მიკროფონისგან მაქსიმალური შესაძლებლობა ვერ გამოიყენოთ.

შევისწავლოთ მიკროფონის მახასიათებლები

მიმართულების დიაგრამა

patternsმიმართულების დიაგრამა მიკროფონის მგრძნობიარობის ველის, ხმოვანი სიგნალის მიმართულების მიღებისა და ხმოვანი ტალღების იგნორირების მაჩვენებელს წარმოადგენს. ყველგანმიმართული მიკროფონი ხმოვან სიგნალს ყველა მხრიდან იღებს. რვიან-ფიგურული მიკროფონი მხოლოდ იმ ხმოვანი სიგნალის მიმართ არის მგრძნობიარე, რომელსაც “ჩრდილოთიდან” და “სამხრეთიდან” იღებს და არამგრძნობიარეა “დასავლეთიდან” და “აღმოსავლეთიდან” მიღებული ხმოვანი ტალღების მიმართ. ცალ მხარეს მიმართული მიკროფონი, მხოლოდ ერთი მხრიდან იღებს ხმას. ეს უკანასკნელი ყველაზე გავრცელებულია მიკროფონებს შორის და მას სამი კონფიგურაციით ვხვდებით: კარდიოიდული, სუპერკარდიოიდული და ჰიპერკარდიოიდული. სამივე კონფიგურაციის მოდელები უგულებელყოფენ ხმას, რომელიც მისი ღერძის უკანა მხიდან მოდის. კარდიოიდული მიკროფონის ხმოვანი სიგნალი გულის ფორმისაა. მისი დასახელებაც სწორედ აქედან მომდინარეობს. იგი მგრძნობიარეა იმ ხმების მიმართ, რომელიც წინიდან და გვერდებიდან მოდის და ნაკლებად მგრძნობიარეა საპირისპირო მხრიდან წამოსული ხმის მიმართ. სუპერკარდიოიდული მიკროფონები შედარებით ნაკლებად მგრძნობიარენი არიან გვერდებიდან წამოსული სიგნალის, ხოლო მეტად მგრძნობიარენი წინიდან (და ცოტათი უკანა მხრიდან) წამოსული ხმის მიმართ. ჰიპერკარდიოიდული მიკროფონები მეტ სიგნალს იღებენ წინა და უკანა მხრიდან (180 გრადუსიდან) და იდევ უფრო ნაკლებ მგრძნობიარენი იმ ხმების მიმართ, რომლებიც 90 და 270 გრადუსიდან მოდიან.

მსგავსი კონფიგურაციის მიკროფონები მეტად სასარგებლონი არიან ხმაურიან გარემოში. მაგალითად კონცერტებზე, სადაც ფიქსირდება მხოლოდ შემსრულებლის ხმა და იგნორირებულია გარეშე “ხმაურები”. მსგავსი კონფიგურაციის მიკროფონები ხშირად გვხვდება სტუდიებშიც, რადგან სტუდიური ჩანაწერი უნდა გამოირჩეოდეს კრისტალური სისუფთავით. აქ განსაკუთრებულ როლს სწორედ მიკროფონის მიმართულება თამაშობს.

გადასართველიანი მიკროფონები

m149tube_dზოგიერთ მიკროფონს დიაგრამის გადასართავი ღილაკი გააჩნია. ამ ღილაკით მათი დიაგრამის შეცვლაა შესაძლებელი. კარდიოიდულიდან, რვიანზე, სუპერკარდიოიდულზე და ა.შ.  მსგავსი ტიპის მიკროფონების გამოყენების არეალი საკმაოდ დიდია.

სიხშირული მახასიათებლები

ასე იწოდება სიხშირული დიაპაზონი, რომელზეც მიკროფონი რეაგირებს.  მაგალითისათვის დასარტყამი ინსტრუმენტის მუშა დოლი მიკროფონის დიაპაზონი შესაძლოა 50 ჰერციდან, ხოლო ბას-დოლის მიკროფონის ქვედა ზღვარი 30-40 ჰერციდან დაიწყოს. მაგალითისათვის, თუკი თქვენ გსურთ შეიძინოთ მიკროფონი ვიოლინოსათვის, არ არის აუცილებელი მისი სიხშირის ქვედა ზღვარი 20 ჰერციდან იწყებოდეს, სამაგიეროდ მგრძნობიარე უნდა იყოს მაღალი სიხშირეების მიმართ.

მგრძნობიარობა და SPL მახასიათებელი

მგრძნობიარობა, როგორც სპეციფიკაციის პარამეტრი, გვიჩვენებს რამდენად ჩუმი ბგერის მიღება შეუძლია მიკროფონს. რაც ნაკლებია ეს მაჩვენებელი, მით უფრო მგრძნობიარეა მიკროფონი. SPL ხმის წნევის დონეს ნიშნავს და იზომება დეციბელებში (DB). ეს მაჩვენებელი მიკროფონის მიერ აღქმად წნევის მაქსიმალურ ზომას აღნიშნავს. ანუ, მგრძნობიარობის საპირისპირო მაჩვენებელია. მეტად მნიშვნელოვანია მისი ცოდნა, თუკი მიკროფონს ხმამაღალი ინსტრუმენტის გასახმოვანებლად ან ჩასაწერად, მაგალითად დასარტყამი ინსტრუმენტისთვის ვარჩევთ. საშუალო მაჩვენებელი  SPL – 100 დეციბელია, 130 კი უკვე SPL- ის მაღალ მაჩვენებელს ნიშნავს. ყველა მიკროფონს ახლავს სპეციფიკაციის ჩამონათვალი, სადაც SPL პარამეტრი მითიტებულია ხოლმე.

მგრძნობიარობის მრუდის დიაგრამაmic_fr_avg

სიხშირული მახასიათებელი მიკროფონის ზოგად დიაპაზონს გვაჩვენებს. ტერმინი “მგრძნობიარობის მრუდე” კი სიხშირული დიაპაზონის კონკრეტულ ფორმის მაჩვენებელია. აღნიშნული მახასიათებელი მრუდის ფორმას გვიჩვენებს,  სადაც გრაფიკის საწყისი და ბოლო ვერტიკალური ზოლი ნულის ტოლია. დიაგრამაში გარკვეულ სიხშირეებზე ვხედავთ ჩავარდნებსა და პიკებს, რაც მიკროფონის კონკრეტული სპეციფიკაზე მეტყველებს. მაგალითისათვის, ვოკალის მიკროფონს საშუალო სიხშირის მაჩვენებელი შესაძლოა ჰქონდეს ზევით წამოწეული, რაც ვოკალს სირბილეს და სიმკვეთრეს აძლევს.

მიახლოების ეფექტი

ეს მონაცემი, როგორც წესი, არ ფიქსირდება მიკროფონის მახასიათებლებში, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი თვისებაა. ჩვეულებრივ კონკდენსატორულ მიკროფონებს უფრო დიდი მაჩვენებელი აქვთ, ვიდრე დინამიურებს. მიახლოების ეფექტი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო ვუახლოვდებით მიკროფონს, მით უფრო გარკვევით ისმის დაბალი სიხშირეები. ძლიერი მიახლოებითი ეფექტის მქონე მიკროფონებს ხშირად იყენებენ ისინი, ვისაც განსაკუთრებით სურს ინსტრუმენტის დაბალი სიხშირის გამოკვეთა.

რას ვერ გავიგებთ მიკროფონის სპეციფიკაციდან?

მიკროფონის შესწავლისას უნდა დააკვირდეთ არა მხოლოდ მითითებულ მახასიათებლებს, არამედ აწყობის მეთოდს, გამოყენებულ მეტალს, აწყობის სიზუსტეს. ყველაფერი ეს მოქმედებს აღქმის ხარისხზე. საკმაოდ ხშირად სწორედ ფასია ხოლმე მიკროფონის ხარისხის განმსაზღვრელი. სინამდვილეში კი, მიკროფონის შეფასების ყველაზე სწორი მეთოდი ტესტირებაა.

მიკროფონების ტიპები და გამოყენების არეალი

მიკროფონების უმრავლესობა ორ ძირითად ტიპად იყოფა: დინამიურად და კონდენსატორულად. ქვემოთ აღწერილია მუშაობის პრინციპი, პლუსები და მინუსები, ტიპები და გამოყენების არეალი.

shu-sm58lc-listდინამიური მიკროფონი

დინამიური მიკოროფონი დიაფრაგმასთან დაკავშირებულ ინდიქტიურ ხვიარასგან შედგება, რომელიც მუდმივი მაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშაა. დიაფრაგმის მოძრაობა გადაეცემა ხვიარას, რაც მისი ძაბვის ცვალებადობას იწვევს.

დინამიური მიკროფონები მარტივი კონსტრუქციით გამოირჩევიან. ხელით მოხმარებისათვის საკმაოდ კარგი ვიბროიზოლაცია და მიმართულების ისეთი დიაგრამა გააჩნიათ, რომ იგნორირებულია გარე ხმაურები. დამახასიათებელია ასევე ხმოვანი წნევის საკმაოდ მაღალი ზღვარი (SPL).   მათ ძირითადად ცოცხალ კონცერტების დროს ვოკალისა და ინსტრუმენტების გახმოვანება-ჩაწერისთვის იყენებენ, იშვიათად – სტუდიებშიც. მაგალითისთვის ავიღოთ მსოფლიოში სახელგანთქმული Shure SM 58, რომლითაც შესანიშნავად ხმოვანდება როგორც ვოკალი, ასევე ინსტრუმენტებიც. საერთო ჯამში, დინამიურ მიკროფონს გაცილებით ხელმწისაწვდომი ფასი აქვს.

დინამიური მიკროფონის უპირატესობები

დინამიური მიკროფონი მეტად სანდო და შედარებით ხელმისაწვდომია. ასეთი სახის მიკროფონები გამოიყენება ყველანაირ სიტუაციაში. განსაკუთებით კი ისეთ დროს, როდესაც ხმაურის დონე მაღალია. რთულ კლიმატურ თუ აკუსტიკურ პირობებში სწორედ ასეთ მიკროფონებს იყენებენ ყველაზე ხშირად. გარდა ამისა, დინამიური მიკროფონით მარტივია სცენაზე გადაადგილება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აკუსტიკურ სისტემასთან მიახლოებისას უკუკავშირის ანუ “ფიდბეკის” (მკროფონისათვის დამახასიათებელი “წივილი”) გამოწვევის შანსი გაცილებით მცირეა.

დინამიური მიკროფონის უარყოფითი მხარეები

უპირველეს ყოვლისა, უარყოფით მხარედ შესაძლოა ჩაითვალოს შეზღუდული სიხშირული დიაპაზონი, რის გამოც ამ მიკროფონებს ყველგან და ყველაფერში ვერ გამოვიყენებთ და თუკი ამას საკმაოდ დაბალ მგრძნობიარობასაც დავუმატებთ, მივხვდებით რატომაც არ გამოიყენება ასეთი ტიპის მიკროფონები სტუდიებში.

კონდენსატორული მიკროფონები

neumann-u87-2319კონდენსატორული მიკროფონი, დინამიურისგან განსხვავებით, მიკროფონის შედარებით სრულყოფილ ტიპს წარმოადგენს. მისი მუშაობის პრინციპი ორ გამტარ მემბრანას შორის მანძილის ცვლილების დროს ელექტრონული ძაბვის მოცულობის ცვლადობას ეფუძნება. ერთ-ერთი ფირფიტა მჭირდოდ არის დამონტაჟებული მიკროფონის კორპუსზე, ხოლო მეორე (უფრო თხელი) მემბრანის ფუნქციას ასრულებს. მემბრანა მოძრაობას ჰაერის ზემოქმედებით იწყებს და ორ მემბრანას შორის მოცულობის ზრდას ან შემცირებას იწვევს.

ასეთი ტიპის მიკროფონში განთავსებული ფირფიტების ასამოქმედებლად აუცილებელია ელექტრონული ძაბვის მიწოდება. ყველაზე ხშირ შემთხვევაში მიწოდებული ძაბვა 48 ვოლტია (არსებობს 12 ვოლტიანი ან 130 ვოლტიანი მიკროფონებიც), რომელსაც ფანტომურ კვებას უწოდებენ. ძაბვა მიკროფონს წინაგამაძლიერებლიდან ან ხმის დამანაწილებელი პულტიდან მიეწოდება. კონდენსატორული მიკროფონების წარმოება საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ მათი ფასი საგრძნობლად მეტია დინამიური მიკროფონებზე, თუმცა ჟღერადობის ხარისხიც გაცილებით მაღალია. კონდენსატორული მიკროფონის დიაფრაგმა რაც უფრო თხელია, მით უფრო მგრძნობიარეა, განსაკუთრებით მაღალი სიხშირის მისაღებად. გარდა ამისა, კონდენსატორულ მიკროფონებს პრაქტიკულად ყველა სახის მიმართლების დიაგრამა შეიძლება ჰქონდეთ. არსებობს ცვლად-კაფსულიანი მიკროფონებიც, რომელთა საშუალებითაც მიმართულების დიაგრამის ცვლაა შესაძლებელი.

კონდენსატორული მიკროფონი გამოიყენება ყველგან, სადაც ხმის მაღალი ხარისხის მოთხოვნა არსებობს. შედარებით დაბალი მედეგობის გამო ცოცხალ კონცერტებზე პრაქტიკულად არ გამოიყენება, მაგრამ სტუდიაში ასეთი ტიპის მიკროფონი შეუცვლელია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ხმის შემადგენელი ობერტონების გადმოცემის სისავსეზეა საუბარი.

კონდენსატორული მიკროფონის უპირატესობანი

ასეთი ტიპის მიკროფონების უპირატესობა, უპირველეს ყოვლისა, მგრძნობიარობაა. დააყენეთ ასეთი მიკროფონი მრავალსართულიანი შენობის შუაგულში და ჩაიწერეთ ის, რასაც თქვენ სიჩუმეს უწოდებთ და ჩანაწერში შესაძლებელია აღმოაჩინოთ მეზობლების საუბარი, მათი ტელევიზორის ხმა, ეზოდან შემოსულ ჩიტების ჭიკჭიკი, თქვენი კომპიუტერის გამაგრილებლის ხმა და თქვენი საკუთარი სუნთქვაც კი. ასეთი ტიპის მიკროფონებს ყველაზე ფართე სიხშირული დიაპაზონი გააჩნიათ (ზოგიერთი მოდელი ხმას 5 ჰერციდან 200 კილოჰერცამდეც კი აღიქვამს). ყოველივე ეს მეტყველებს იმაზე, რომ კონდენსატორული მიკროფონი ერთგვარად ელიტური მიკროფონია, რომელთა ადგილი ხმის ჩამწერი სტუდიაა. იქ, სადაც ხმის მაქსიმალური სიზუსტე და ხარისხია გადმოსაცემი. და ვინაიდან ასეთი მიკოფონები მეტად მგრძნობიარენი არიან, მათ ხშირად იყენებენ მასშტაბური გუნდებისა თუ ორკესტრების გასახმოვანებლადაც.

კონდენსატორული მიკროფონის უარყოფითი მხარეები

კონდენსატორული მიკროფონები მუდმივად საჭიროებენ ფანტომურ კვებას. კვების წყარო შესაძლოა იყოს წინაგამაძლიერებელი ან ხმის პულტი.

მიკროფონების მაღალი მგრძნობიარობის გამო შესაძლოა ჩანაწერში შემოვიდეს არასასურველი გარე ხმაურებიც. მაგალითად, გვერდითა ოთახიდან გამოსული მაცივრის ხმაური. ამიტომ ასეთი ტიპის მიკროფონები კარგ აკუსტიკურ იზოლაციას საჭიროებენ.

სათუთი კონსტრუქციის გამო, ერთხელ დავარდნამაც კი შესაძლოა მიკროფონი მწყობრიდან გამოიყვანოს, განსხვავებით დინამიური მიკროფონისგან, რომლის დავარდნის შედეგად გაფუჭება ნაკლებ სავარაუდოა. ესეც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ძალიან იშვიათად იყენებენ კონდენსატორულ მიკროფონებს ცოცხალ კონცერტებზე.

ასეთი  მიკროფონები ხშირად ჰაერის ფილტრს საჭიროებენ, რომელიც მგრძნობიარე ბგერების – ბ, ფ, თ და ა.შ. ხმოვანებას ახშობს.  შესაძლებელია მიკროფონის მემბრანის დაზიანება განსაკუთრებით ძლიერი ხმოვანი სიგნალის მიღებით.

414მგრნობიარობისა და დაბალი სიხშირის გასათიში ღილაკი

ასეთი სახის გადასართველი ღილაკები კონდენსატორულ მიკროფონებზე გვხვდება. მათი დანიშნულება მიკროფონის ჩასაწერ გარემოზე მაქსიმალურად მორგებაა. დაბალი სიხშირის გასათიში ღილაკი ცვლის სიხშირულ დიაპაზონს დაბალ სიხშირეში. ასეთ დროს მიკროფონი აღარ იღებს დაბალ სიხშირეს, რაც საგრნობლად ზრდის გამაძლიერებლის ეფექტურობას. ბევრი გამაძლიერებელი ცუდად გადმოსცემს დაბალ სიხშირეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მცდელობას არ აკლებენ. ბანების მოჭრა გამაძლიერებლის შემავალ ხაზზე ბანების შესვლისგან აგვარიდებს. გარდა ამისა, რიგი ინსტრუმენტებისა, რომელთა სიხშირული დიაპაზონი მაღალ სიხშირეებშია განთავსებული, სულაც არ საჭიროებენ დაბლებს  (მაგ ვიოლინო, ფლეიტა და ა.შ). მათ მიკროფონში კი შესაძლოა სხვა ინსტრუმენტის ხმა ან სხვა არასასურველი დაბალი სიხშირის ხმაური შევიდეს.

რაც შეეხება მგრძნობიარობის გადასართველ ღილაკს, ის მიკროფონის შემავალი სიგნალის მგრძნობიარობის დაწევის საშუალებას იძლევა.

s-l300ფართოდიაფრაგმიანი კონდენსატორული მიკროფონები

როგორც თავად სახელი მეტყველებს, ასეთი ტიპის მიკროფონებს საკამოდ დიდი ზომა და დიაფრაგმა გააჩნიათ (1,9-2,5 სმ). გამოირჩევიან მაღალი მგრძნობიარობით და ყოველთვის საჭიროებენ ფანტომურ კვებას. ასეთი მიკროფონებით ხშირად იწერენ ვოკალს. საუკეთესო მოდელები შესაძლოა ძალიან ძვირი ღირდეს, თუმცა, ბოლო პერიოდში შეიძლება შეგვხვდეს საკმაოდ მაღალი ხარისხის მიკროფონი შედარებით ხელმისაწვდომ ფასად.

fig-8-capsule-300კონდენსატორული მიკროფონი ორმაგი დიაფრაგმით

ერთი შეხედვით ეს ჩვეულებრივი კონდენსატორული მიკროფონია. მისი ორივე დიაფრაგმა მიკროფონში გვერდულადაა განთავსებული და ერთმანეთის საპირისპირო მხარესაა მიმართული. ასეთი მიკროფონები გამოიყენება ფართე ხმოვანი სიგნალის, დუეტის ან გარემო ხმის ჩასაწერად. მიკროფონის ასეთი მოდელი აიოლებს საქმეს, როდესაც ორ სხვადასხვა წყაროდან წამოსული სიგნალი ერთდროულად გვაქვს ჩასაწერი.

ფართედიაფრაგმიანი სტუდიური მიკროფონების რიგებს აუცილებლად უნდა მივაკუთვნოთ ვაკუუმ-მილაკის ტიპის მიკროფონები. ისინი ათწლეულობის მანძილზე გამოიყენებოდა ხმის ჩამწერ და ტელე-რადიო ინდუსტრიაში. ასეთი მიკროფონებისთვის განსაკუთრებულად “თბილი” ჟღერადობაა დამახასიათებელი. სწორედ ამის გამო, მათი წარმოება დღესაც მიმდინარეობს. ისინი სპეციალურ კვების ბლოკს საჭიროებენ.

dpa_st4011_1ვიწროდიაფრაგმიანი კონდენსატორული მიკროფონები

მიკროფონები, რომელთა დიაფრაგმა 1,2 სმ ზე მცირეა, საკმაოდ ხშირად გამოიყენება ცოცხალი კონცერტების გახმოვანებისას. ისინი კარგად აღიქვამენ მაღალ სიხშირეებს. კარგად იღებენ ხმას მაღალი დინამიური დიაპაზონის მქონე ხმოვანი წყაროებისგან. სწორედ ამიტომ, ასეთი ტიპის მიკროფონებს ხშირად იყენებენ “ოვერჰედებად”. მსგავსად სხვა კონდენსატორული მიკროფონებისა, ეს მიკროფონებიც საჭიროებენ ფანტომურ კვებას ან ელემენტს.

Shotgun (ე.წ. “პუშკა”) მიკროფონებიmkh416p48_hires

ასე იწოდება კონდენსატორული მიკროფონი, რომელსაც მეტად ვიწრო და გრძელი მიმართულების დიაგრამა გააჩნია. ხშირად გამოიყენება დოკუმენტალისტიკაში, ტელეინდუსტრიაში, სპორტული ღონისძიებების გახმოვანებისას. ამ მიკროფონების მეშვეობით შესაძლებელია შორ მანძილზე მყოფი ხმოვანი წყაროს ჩაწერა.

ჩვენს ბლოგზე მთელი ერთი სტატია გვაქვს მიძღვნილი ასეთი ტიპის მიკროფონისადმი.

ზედაპირის მიკროფონები

blm4060-boundary-layer-microphone-dscreet-miniature-microphones-dpa-microphones-lასეთი ტიპის მიკროფონების გამოყენების არეალი საკმაოდ ფართოა: პოდიუმები, კონფერენციები, სტუდიები, ცოცხალი კონცერტები. როგორც წესი, მათ ბრტყელ ზედაპირზე ათავსებენ. მაგალითად, მაგიდაზე განთავსებულ ასეთ მიკროფონს შეუძლია ხარისხიანად მიიღოს სიგნალი მაგიდის გარშემო მსხდომი ადამიანებისგან.

ლენტის ტიპის (Ribbon) მიკროფონები

ასეთი ტიპის მიკროფონის მემბრანა ალუმინის, დურალუმინის ან სხვა მსგავსი მასალის თხელ ფიფრფიტას წარმოადგენს, რომელიც მაგნიტის პოლუსებს შორის თავსდება და ძაბვას წარმოქმნის. ამგვარი მიკროფონები, როგორც წესი ორ მხარეს არიან მიმართულნი.

რადიომიკროფონები, ანუ დისტანციური მიკროფონები

აუდიო სიგნალის კაბელის გარეშე, ტალღების საშუალებით გადაცემა სიახლეს დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. დისტანციური მიკროფონები შედგება მიმღებისგან (ის, რაც იღებს აუდიო სიგნალს და შემდეგ აწვდის გამაძლიერებელს ან ჩამწერს), გადამცემისგან (რაშიც ერთდება მიკროფონი და გადასცემს სიგნალს მიმღებს) და თავად მიკროფონისგან. მიკროფონი შესაძლოა იყოს როგორც “ომნი”, ასევე კარდიოიდული. ასეთი ტიპის მიკროფონები გამოიყენება ტელეინდუსტრიაში, დოკუმენტალისტიკაში,  ცოცხალ კონცერტებზე.

დასკვნა

მიკროფონის არჩევისას ყველაზე ძველი და ნაცადი მეთოდი პირადი კვლევა და ტესტირებაა.

ხშირ შემთხვევაში მუსიკოსები და საშინაო სტუდიის მფლობელები ეძებენ ისეთ უნივერსალურ მიკროფონებს, რომლებიც ერთდროულად კარგად ჩაწერენ როგორც ვოკალს ასევე გიტარას ან სხვა ინსტრუმენტებსაც. რა თქმა უნდა, ასეთ მიკროფონები არსებობს და მათ არჩევანი საკმაოდ დიდია. მაგალითისათვის AKG C414, Neumann  TLM 103 და ა.შ.

მიკროფონის შეძენამდე აუცილებლად უნდა წავიკითხოთ მომხმარებელთა გამოხმაურებები, პროფესიონალთა მოსაზრებები და ა.შ. რჩევა მუსიკალურ მაღაზიებშიც შეიძლება მიიღოთ, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მაღაზიაში ყოველთვის შეეცდებიან გაყიდონ ის მიკროფონი, რომელი ბრენდის დილერებიც არიან, ან უბრალოდ ადგილზე ჰქონდეთ ესა თუ ის მიკროფონი. მიკროფონის შეძენისას არ უნდა იჩქაროთ, მითუმეტეს, რომ დღეს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შესაძლებელია მიკროფონის გამოწერა.

რჩევისთვის ყოველთვის შეგილიათ დაუკავშირდეთ ჩვენს სტუდიას მისამართზე stumari@gmail.com

ინტერნეტ მასალებზე დაყრდნობით მოამზადა დავით ხოსიტაშვილმა

2016 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”