საავტორო სტუდია

აქტუალური მუსიკის ფესტივალი

Afisha - Programa 68.5 x 48.3 copyთბილისი, 2015 წელი, ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი, ბაროკოს პირველი ფესტივალი, სინფონიეტა, იორდი სავალი, კრისტინა ბუში, სერჯიო აზოლინი, კორნელია ფონ კერსენბროკი, პაველ კოტლა, ალინა რატკოვსკა, ადრიან სუჩუ, დანიელ თიელე, ვატარუ მუკაი, ეტიენ გალეტიე, დანიელ გარაი მორაგესი, ანა ცარციძე, თინათინ მამულაშვილი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, თბილისის კონსერვატორიის მაგისტრატურის გუნდი, გიორგი ქობულაშვილი.
ყოველი კონცერტი წარუშლელ მოვლენად დარჩა, როგორც შემსრულებლებისთვის, ასევე მსმენელისთვის.
ჩვენ ადრეც დავწერეთ, რომ “საავტორო სტუდია” ყველა კონცერტის ჩაწერას ახორციელებდა და მცირე ხანში საზოგადოება შეძლებს ამ ჩანაწერების მოსმენას.

ფესტივალზე შესრულდა ფრანგი, პოლონელი, გერმანელი, იტალიელი ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორთა ნაწარმოებები, იმ პერიოდისათვის არსებული საკრავებით, რამაც სრულიად ახლებურად წარმოაჩინა ის მუსიკა, რასაც მეტნაკლებად იცნობს მსმენელი. მიუხედავად კომპოზიციათა პერიოდიკისა, ფესტივალი საკმაოდ აქტუალური მუსიკის გამოვიდა, რაც განაპირობა საშემსრულებლო დონის უმაღლესმა კლასმა. თუკი ზოგადად დავახასიათებთ ფესტივალის ყოველ მონაწილეს, შესაძლოა თამამად აღინიშნოს საქმის მიმართ მათი დიდი პასუხისმგებლობა, ენერგიის ექსტრემალური ხარჯვა, უმაღლესი საშემსრულებლო განათლება, ავანგარდული მიდგომა ტემბრალურ, მოტივურ თუ დრამატურგიულ ასპექტებთან. შედეგი კი გახლავთ აღფრთოვანებული მსმენელი, ჩამოსული სოლისტები და თავად შემსრულებლები.

4r3tj142wgmc4o0s4ფესტივალში ლომის წილი სახელმწიფო კამერულ ორკესტრს “სინფონიეტას” მიუძღვის. სწორედ მათი უშუალო მონდომებით და მონაწილეობით შედგა ფესტივალი.  ჩვენ გავესაუბრეთ მევიოლინეს, ორკესტრის დირექტორს – ბატონ კონსტანტინე კასრაძეს.

* * *

ნ.ჯ. ვთვლი, რომ ქართველები იღბლიანი ხალხი ვართ. ასე ცამოწმედნილზე, ქვეყანაში ორკესტრმა გადაწყვიტა, მოინდომა, იმუშავა და გააკეთა პირველი ბაროკოს ფერსტივალი. ჩატარდა უკვე ექვსი კონცერტი, ორი კიდევ წინაა. როგორია თქვენი განცდა თქვენს მიერვე მოწყობილი ფესტივალის ოქროს კვეთზე?

კ.კ. მართლაც ძალიან გაგვიმართლა ასეთი ღონისძიება რომ შედგა. სიამოვნებით დაგეთანხმებით, რომ გაგვიმართლა არა მარტო სინფონიეტელებს, არამედ ჩვენს ქვეყანას, რადგან ამ ფესტივალს აუცილებლად მოყვება საერთაშორისო გამოხმაურება ამ სფეროს წარმომადგენლებში, გამომდინარე იქიდან, რომ ფესტივალს სტუმრობდნენ შესანიშნავი და ძალიან წარმატებული მუსიკოსები ესპანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, რუსეთიდან და იაპონიიდან. ამასთანავე ძალიან გაგვიმართლა, რომ კულტურის სამინისტრო დაინტერესდა ამ პროექტით და გვერდში დაგვიდგა. მოგეხსენებათ, მხოლოდ ენთუზიაზმით და დიდი მონდომებით ასეთი ფესტივალის ჩატარება შეუძლებელია, თუ არ არის ფინანსური მხარდაჭერა.

ნ.ჯ. რა იყოს იმის საფუძველი, რომ გადაწყვიტეთ ასე აქტიურად შეგესრულებინათ ბაროკოს ეპოქის მუსიკა?

კ.კ. მოგეხსენებათ 2012 წლიდან ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ბაროკოს პერიოდის მუსიკა შევასრულოთ აუთენტური ინსტრუმენტებით და აუთენტური მანერით. რამდენიმე წელში დაგროვილმა ცოდნამ და გამოცდილებამ გაგვაბედინა ასეთი რთული პროექტისთვის მოგვეკიდა ხელი. ვფიქრობ, გავამართლეთ საკუთარი და ჩვენი მეგობრების იმედები და ორკესტრმა ღირსეულად გაართვა თავი ურთულეს ამოცანებს, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერ მუსიკოსებთან ერთად ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და განსხვავებული მუსიკა შეესრულებინათ სოლისტების შესაბამისად.

ნ.ჯ. ყოველ კონცერტზე ორკესტრის წარმომადგენლები აჯილდოვებთ სხვადასხვა ადამიანებს ორკესტრ „სინფონიეტას“ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. რა დამსახურება მიუძღვით მათ თქვენი ორკესტრის წინაშე?

კ.კ. როგორც აღნიშნეთ ყოველ კონცერტზე ხდებოდა დაჯილდოვება, ზოგ კონცერტზე ორჯერაც კი. საბედნიეროდ ორკესტრს გაცილებით მეტი მეგობარი ჰყავს, მაგრამ განსაკუთრებული წვლილისთვის გადავწყვიტეთ დაგვეჯილდოვებინა ის ადამიანები, რომელთა გარეშეც შესაძლებელია სხვანაირად წარმართულიყო ჩვენი ორკესტრის განვითარება და ბედი. რა თქმა უნდა ძალიან განსხვავებული წვლილი მიუძღვის ყველა მათგანს და ამაზე დაწვრილებით საუბარი შორს წაგვიყვანს.

ნ.ჯ. როგორია თქვენი ორკესტრის სამუშაო გრაფიკი? კონცერტების დაგეგმარება რამდენად რაციონალურია, ერთი წლის განრიგი თუ გაქვთ წინასწარ?

კ.კ. მოგეხსენებათ, ნებისმიერი ორკესტრის სამუშაო გრაფიკი დამოკიდებულია კონცერტების რაოდენობაზე. ჩვენს ორკესტრს, ბოლო რამდენიმე წელია აქვს წელიწადში დაახლოებით 50 კონცერტი. აქედან დაახლოებით მესამედი უცხოეთში. ეს რაოდენობა კამერული ორკესტრისთვის საკმაოდ ბევრია და აქედან გამომდინარე ორკესტრის სამუშაო გრაფიკიც, საკმაოდ ხშირად, ძალზედ გადატვირთულია. მაგალითად ბაროკოს მუსიკის ფესტივალისთვის სამზადისის პერიოდში და მისი მიმდინარეობისას ორკესტრი თვეზე მეტი მუშაობდა შეუსვენებლად და თითქმის ყოველ დღე ორ-ორი რეპეტიცია ტარდებოდა. ეს იმიტომ, რომ კონცერტები ტარდებოდა სამი-ოთხი დღის შუალედით და ყველა კონცერტზე ახალ-ახალი პროგრამა სრულდებოდა, თან ისეთ შესანიშნავ სოლისტებთან და დირიჟორებთან, რომ ვერავინ მისცემდა საკუთარ თავს უფლებას ბოლომდე არ დახარჯულიყო.
რაც შეეხება წელიწადის დაგეგმვას, სამწუხაროდ 2016 წელი ჯერ სრულად დაგეგმილი არ გვაქვს. როგორც ყოველთვის კონცერტების აბსოლუტურ უმრავლესობას ორკესტრი ატარებს როგორც მიწვეული ორკესტრი სხვადასხვა ფესტივალებზე, საქართელოში თუ მის ფარგლებს გარეთ. არის გარკვეული მონახაზები მთელი წლის განმავლობაში ჩასატარებელი კონცერტების, მაგრამ შეუძლებელია დამოუკიდებლად დავგეგმოთ ყოველი კონცერტი.

ნ.ჯ. თუ აპირებთ, რომ მომავალში დაუკრათ „სინფონიეტაში“?

კ.კ. ჩემდა სამწუხაროდ ადმინისტრაციული საქმეებს იმდენი დრო მიაქვს, რომ როგორც წესი ეს შეუძლებელია ხოლმე. თუმცა ხანდახან არის კონცერტები როდესაც მიწევს რომელიმე ორკესტრანტის შეცვლა და ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ. არაფერი სჯობს ისეთ კამერულ ორკესტრში დაკვრას, როგორიც სინფონიეტაა.

ნ.ჯ. ვიცით, რომ გემავთ “Sinfonieta stage”- ს ზემოთ ააშენოთ საკონცერტო დარბაზი. რა ეტაპზეა საკონცერტო დარბაზის მშენებლობა, როდის გეგმავთ მის დასრულებას?

ssკ.კ. დიდი ხანია არსებობს ასეთი იდეა, ესკიზიც შეიქმნა როგორი შეიძლება იყოს ჩვენი მომავალი დარბაზი. ყველა ჩვენს სტუმარს, სოლისტებს თუ დირიჟორებს, მხატვრებს თუ არქიტექტორებს, როგორც საქართველოდან ასევე უცხოეთიდან, ძალიან მოსწონთ ეს იდეა. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ნებართვის მოპოვება შევძელით, რაც ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა. ყველას დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში მოვახერხებთ და დავაინტერესებთ ხელისუფლებას ან კერძო ინვესტორებს ამ დარბაზის მშენებლობით და თბილისში გაჩნდება ყველა სხვა საკონცერტო დარბაზისგან აბსოლუტურად განსხვავებული დარბაზი, საიდანაც მსმენელს კონცერტის მოსმენისას ხელისგულზე გადაეშლება თბილისი ყველა ღირსშესანიშაობით და მთელი თავისი სილამაზით.

ნ.ჯ. თუ აპირებთ საგანმანათლებლო პროექტების გაკეთებას, ვგულისხმობ მოსწავლეების მოწვევას, ან მათთან სკოლებში მისვლას დაკვრას, მათ ინტეგრირებას იმ მუსიკის სივრცეში, რასაც „სინფონიეტა“ ასრულებთ?

კ.კ. ჩვენ გვქონდა შესანიშნავი ღონისძიება „ჭიათურის მუსიკის აკადემია“ რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ყოველწლიურად ვატარებდით. ჩვენი ორკესტრი, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი და ჭიათურის მუნიციპალიტეტი ერთობლივი ძალებით ვმართავდით ამ ღონისძიებას. ჭიათურაში ჩაგვყავდა სტუდენტი და მოსწავლე ახალგაზრდობა თბილისის, ქუთაისის, გორის, თელავის და სხვა ქალალქების მუსიკალური სასწავლებლებიდან და მათ მასტერკლასებს უტარებდნენ შესანიშავი მუსიკოსები, როგორც საქართველოდან ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან. მასტერკლასებთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყოველ დღე იმართებოდა კონცერტები. რა თქმა უნდა, უმეტესობა მათგანში სინფონიეტა იღებდა მონაწილეობას. ასევე იმართებოდა პედაგოგების ანსამბლების კონცერტები, პედაგოგების და სტუდენტების შერეული ანსამბლების კონცერტები, გამორჩეული სტუდენტები უკრავდნენ შემაჯამებელ კონცერტზე, რომელიც როგორც წესი, ნიჭიერი სტუდენტების სიმრავლის გამო, ყოველთვის ძალიან გრძელი გამოდიოდა. სამწუხაროდ ბოლო ასეთი ღონისძიება 2013 წელს გაიმართა.
სხვა ღონისძიებებშიც სიხარულით ვღებულობთ ხოლმე მონაწილეობას, როდესაც ლაპარაკი მომავალი თაობისთვის ხელის შეწყობას და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას ეხება. საჯარო სკოლებისთვისაც გვაქვს მოფიქრებული საკმაოდ საინტერესო პროექტი და იმედი მაქვს მალე მოვახერხებთ მის განხორციელებას.

ნ.ჯ. რა არის საჭირო იმისთვის, რომ საორკესტრო კოლექტივი წარმატებული იყოს?

კ.კ. ეს ალბათ ისეთი შეკითხვაა, რომელსაც ყველა ერთნაირად უპასუხებს: საქმისადმი სიყვარული, დაუღალავი შრომა, პროფესიული პატიოსნება და ა. შ.

ნ.ჯ. თქვენი ორკესტრი ბევრს მოგზაურობს როგორც უცხოეთში ასევე ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, საინტერესოა რითი განსხვავდება უცხოეთში და საქართველო ჩატარებული კონცერტები, საორგანიზაციო, პუბლიკის, ანაზღაურების, რეზონანსის კუთხით.

კ.კ. საქართველოს რეგიონებში და უცხოეთში ჩატარებულ კონცერტებს თუ შევადარებთ სამწუხაროდ, ყველა ამ ასპექტში ძალიან დიდი სხვაობაა. საორგანიზაციო კუთხით, როგორც წესი უცხოეთში (ვგულისხმობ ევროპის ქვეყნებს) ყველაფერი დალაგებულია და საშემსრულებლო პრობლემების გარდა არაფერზე არ გიწევს ფიქრი, მაშინ, როცა საქართველოს რეგიონალური კონცერტების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინო ძალიან ბევრი რამ. მაგალითად სცენა მყარია თუ არა, განათება იქნება თუ შენ უნდა უზრუნველყო, როიალი არის თუ არა დარბაზში, თუნდაც ეს იყოს რაიონული ცენტრი, ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოს რეგიონებში დარბაზის გათბობა, რის გამოც წელიწადის ცივ დროს შეუძლებელია გასვლითი კონცერტების დაგეგმვა და სხვა მრავალი წვრილმანი პრობლემები, რომელიც ერთიანობაში ხშირად შეუძლებელს ხდის კონცერტების დაგეგმვას.
პუბლიკა ჩვენი ქვეყნის რეგიონებში ძალიან განსხვავებულია. ყოფილა შემთხვევებბი, რომ ერთი და იგივე ქალაქში დაგვიკრავს კონცერტები სხვადასხვა დროს და პუბლიკა იყო რადიკალურად განსხვავებული. ეს იმაზეა დამოკიდებული თუ ვინ უზრუნველყოფს საზოგადოების მოწვევას. სამწუხაროდ ხშირად არის შემთხვევები, რომ კლასიკური მუსიკის კონცერტს ესწრებიან ისეთი ხალხი, რომლებსაც უბრალოდ ღონისძიებახე დასწრება ენატრებათ და სულ არ არინტერესებთ რა ხდება ამ დროს სცენაზე, მოსული არიან თანამოქალაქეების ან თანასოფლელების სანახავად და არც გაუგიათ, რომ კონცერტზე ტელეფონი უნდა გამორთო, ლაპარაკი და დარბაზში მოძრაობა არ არის კარგი საქციელი და ა. შ. ისეთ რეგიონში, სადაც იშვიათად იმართება კალსიკური მუსიკის კონცერტები სამწუხაროდ გვიწევს ხოლმე გავაცნოთ საზოგადოებას კონცერტზე ქცევის წესები. რა თქმა უნდა ჩვენ ამის გამო არ ვაპირებთ ფარხმალის დაყრას და მაინც ვგეგმავთ კონცერტების საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, რადგან უამრავი ადამიანია, ვისაც ენატრება ცოცხლად შესრულებული კლასიკური მუსიკის მოსმენა. როგორც წესი ძალიან ბევრი ბავშვი ესწრება რეგიონებში გამართულ კონცერტებს და ზოგიერთი მათგანი პირველად ხვდება ამ სფეროს. უკიდურესად მნიშვნელოვანია მათთვის კონცერტების გამართვა რათა მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია რომელიც მათ დაეხმარება ზოგად განვითარებაში. გარდა ამისა, თბილისის ორკესტრების ძალიან ბევრი წარმომადგენელი სწორედ რეგიონებიდან არის ჩამოსული. ორკესტრანტების გარდა, ძალიან ბევრი წარმატებული სოლისტია ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან.
ანაზღაურების კუთხით, ალბათ როგორც სხვა სფეროებში, კლასიკური მუსიკის სფეროშიც გაცილებით უკეთსი პირობებია უცხოეთში (ისევ ავროპას ვგულისხმობ), თუმცა ტრანსპორტის და სასტუმრო მომსახურების ხარჯები იმდენად აძვირებს ორკესტრის მოგზაურბას, რომ ძალიან ძნელია საზღვარგარეთ გასტროლის დაგეგმვა.

ნ.ჯ. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საორკესტრო კოლექტივი, რომ ის მიღებული იყოს ევროპის საკონცერტო სცენაზე?

მოთხოვნები წესით ყველა სცენაზე ერთი და იგივე უნდა იყოს, მაგრამ, ალბათ კონკურენციის სიმცირის გამო, თუ ნაკლებად ინფორმირებულობის გამო, ჩვენთან გაცილებით ნაკლები მოთხოვნები აქვს მსმენელს. კრიტერიუმები საერთოა: ინტონაცია, ანსამბლურობა, ემოციური შესრულება, საინტერესო ინტერპრეტაცია, რეპერტუარიდან გამომდინარე სტილის შენარჩუნება და ა. შ. გარდა მუსიკალური მხარისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კოლექტივის დისციპლინას და საორგანიზაციო მომენტებს.

ნ.ჯ. რას ფიქრობთ საჭიროა მუსიკალური კრიტიკა ყოველი კონცერტის შემდეგ?

კ.კ. ობიექტური კრიტიკა აუცილებელია. ჩვენთან, თუ იწერება, იწერება მხოლოდ საქებარი სტატიები. არავინ არასდროს არ წერს კრიტიკას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან იშვიათია, თუ შეუძლებელი არა, უნაკლო შესრულება. ეს თავად შემსრულებლებსაც ძალიან ჭირდებათ. საკუთარი თავის ობიექტურად შეფასება შეუძლებელია. გარდა ამისა, იმ ქვეყნებში სადაც არის კლასიკურის მუსიკის კრიტიკის გამოცდილება შემსრულებლებს უფრო მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა ეუფლებათ და ალბათ ამიტომაც, მეტად ზრუნავენ ხარისხზე.

ნ.ჯ. რეპერტუარის არჩევისას რომელ ნაწარმოებებს აძლევთ უპირატესობას და რა პრინციპით ადგენთ საკონცერტო პროგრამებს?

კ.კ. როგორც მოგეხსენებათ ჩვენი ორკესტრის რეპერტუარი ძალიან მრავალფეროვანია. ვასრულებთ როგორც ძველ მუსიკას ასევე თანამედროვე კომპოზიტორებს. განსაკუთრებული ჩვენს რეპერტუარში ის არის, რომ შეგვიძლია ბაროკოს ეპოქის კომპოზიტორების მუსიკა შევასრულოთ აუთენტურ ინსტრუმენტებზე და თანამედროვე ნაწარმოებები შევასრულოდ თანამედროვე ინსტრუმენტებზე.
რადგან ჩვენი ორკესტრი მხოლოდ სიმებიანი ინსტრუმენტებისგან შედგება, თანამედროვე რეპერტუარში ცატა შეზღუდული ვართ. თუმცა არაერთხელ გაგვიმართავს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები სიმფონიური შემადგენლობით. ჩვენი ორკესტრი მჭიდროდ თანამშრომლობს თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალთან და ამ თანამშრომლობის შედეგად გამართული ერთ–ერთი კონცერტი გადაიღო ფრანგულმა ტელეარხმა ეს ჩანაწერი საკმაოდ აქტიურად გადიოდა და დროდადრო ეხლაც გადის აღნიშნულ არხზე. ასევე ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით საქართველოს სინფონიეტას კონცერტი გაიმართა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დარბაზში, ამსტერდამის კონცერტგებაუში.
კონკრეტული ნაწარმოებების შერჩევას და საკონცერტო პროგრამის შედგენას რაც შეეხება ეს ძირითადად ეხება ჩვენი ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ქერელაშვილს. რა თქმა უნდა გიორგი ითვალისწინებს ორკესტრის მუსიკოსების სურვილებს და რჩევებს ამა თუ იმ პროგრამის დაგეგმვისას. პროგრამის შედგენისას მნიშვნელოვანია ნაწარმოებების აზრობრივი და სტილისტური კავშირი ერთმანეთთან. სასურველია კონცერტის პროგრამა გარკვეულ კონცეფციაზე იყოს აგებული. თუმცა ისეთი კონცერტებიც ხშირად იმართება, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული პერიოდის, ფორმის და ხასიათის ნაწარმოებები სრულდება. ეს როგორც წესი გამოწვეული არის ხოლმე კონცერტში მონაწილე სოლისტების რეპერტუარიდან.

ნ.ჯ. რა სიახლეები გექნებათ ქართველი მსმენელისათვის 2016 წელს?

კ.კ. 2016 წელსაც ვგეგმავთ ძალიან ბევრ სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობას, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ჩვენ ვციდილობთ სულ ახალ-ახალი პროგრამა შევთავაზოთ მსმენელს, ასე რომ მართლაც ბევრი სიახლე იქნება ჩვენს რეპერტუარში.

ნ.ჯ. როგორია თქვენი თავისუფალი დრო? რა საქმიანობას უთმობთ მას?

სამწუხაროდ თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. განსაკუთრებით ჩვენი ფესტივალის გამო, უკვე იმდენად გამჯდარია ჩემში მუშაობის ეს რიტმი, რომ უსაქმოდ ყოფნისას დისკომფორტს ვგრძნობ. თავისუფალი დრო ჩემთვის ნიშნავს დასვენებას, რაც ძალიან მენატრება 🙂
თუ ეს კითხვა იმას გულისხმობს თუ რისი კეთება მიყვარს დაკვრის გარდა – ძალიან მიყვარს ცურვა და ძალიან მიყვარს ფეხბურთის თამაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი კარგად არ გამომდის.

ესაუბრა ნინო ჯანჯღავა

2015 წ.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”