საავტორო სტუდია

აუდიო “ინტერფეისის” შერჩევისას

საკმაოდ ხშირად ჩნდება კითხვა, არა მარტო დამწყებთა, არამედ პროფესიონალთა შორის, თუ რომელი აუდიო “ინტერფეისი” უნდა შევიძინოთ ჩვენი სტუდიისთვის. რატომღაც ზოგიერთს მიაჩნია, რომ რაც უფრო ძვირიანია აპარატი ან რაც მეტი მიკროფონის შეერთების შესაძლებლობა აქვს, სწორედ ის არის საუკეთესო. ცხადია, ეს ასე არ არის. მოდით ჩამოვწეროთ ის რამდენიმე პუნქტი, რის მიხედვითაც სწორად უნდა შევარჩიოთ სტუდიის მთავარი ჩამწერი მოწყობილობა.

1. მიზანი და ამოცანა

როდესაც მეკითხებიან რჩევას რომელი ინტერფეისი შეიძინონ, პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს: რა ამოცანა აქვს დასახული; რის ჩაწერას აპირებს ამ მოწყობილობით. იქნება ეს სტერეო პორტატული ჩაწერა, მუსიკალური ბედნის მულტიარხული ჩაწერა, გიტარისა და ხმის ჩაწერა, საკომპოზიტორო საქმიანობა ვირტუალური ინსტრუმენტებით, დემო ჩანაწერების გაკეთება თუ სხვა რამ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული ამოცანა, რის გარშემოც უნდა ავაგოთ ჩვენი ხმის ჩამწერი სტუდიის აპარატურის ჯაჭვი. ასევე მნიშვნელოვანია წინასწარ ვიცოდეთ ინტერფეისი სტაციონალურად იქნება დამონტაჟებული სტუდიაში, თუ პორტატულ სტუდიაში უნდა ვამუშავოთ. რომელი კომპიუტერული პლატფორმა უნდა გამოვიყენოთ და ა.შ.

2. შეერთების ფორმატის შერჩევა

აუდიო ინტერფეისის შეერთების სხვადასხვა სახის პროტოკოლი არსებობს: USB, FireWire, Thunderbolt, Dante, Ravenna, Madi და სხვა. არსებობს კომბინირებული აპარატებიც, რომლებსაც 2 სხვადასხვა პროტოკოლი გააჩნია. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ USB1.0, USB2.0 ან FireWire შეერთების მეთოდი საკმაოდ მოძველებულია და თითქმის აღარ გამოიყენება. ამის მიზეზი ის არის, რომ თანამედროვეობაში დიდი რაოდენობით ციფრული ინფორმაციის სწრაფად გადატანისთვის შედარებით ახალი ტექნოლოგიაა გამოგონებული. მაგალითად USB3.0, Thaunderbolt 2 ან 3 და ა.შ.

დღევანდელ დღეს, ჩაწერებისას სულ უფრო ხშირად ვხვდებით ინტერფეისისა და მიკროფონების დიდ მანძილზე დაშორებას. როგორც ვიცით, შორ მანძილზე ანალოგური სიგნალისას გადაწოდებისას, მითუმეტეს, თუკი არხების რაოდენობა ბევრია, იზრდება აუდიო სიგნალის დანაკარგიც.  ასეთ დროს ხშირად მიმართავენ ქსელურ კავშირს. მაგ:  Dante, Ravenna, Madi… თუკი ჩვენი ამოცანა 16, 24 ან მეტი არხის (მაღალი რეზოლუციით) ჩაწერაა, მაშინ აუცილებლად გასათვალისწინებელია ისეთი შეერთების ტიპის არჩევა, რომელიც დაუბრკოლებლად გადაიტანს დიდი რაოდენობით ციფრულ ინფორმაციას. გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ ასეთი სახის აპარატები საკმაოდ ძვირია. ამიტომ, თუკი ჩვენ მხოლოდ ორიოდე არხის ერთდროულად ჩაწერა გვესაჭიროება, აზრი არ აქვს დიდი თანხების ხარჯვას ქსელურ ინტერფეისში.

3. ერთდროულად რამდენი არხის ჩაწერა გვსურს. რამდენი გამომავალი ხაზი დაგვჭირდება?   

ცხადია, თუკი თქვენი ამოცანა მხოლოდ ფონოგრამებზე პლიუსის დადება, ან გიტარის ჩაწერაა, მრავალარხიანი ჩამწერის შეძენას არანაირი აზრი არ აქვს. მაგალითად ჩვენი სურვილია გიტარისა და ვოკალის ერთდროულად ჩაწერა. ჩვენ დაგვჭირდება ინტერფეისი, რომელსაც 2 მიკროფონის შესასვლელი აქვს და, რა თქმა უნდა წინაგამაძლიერებელი (“პრეამპი” და 48 ვოლტიანი ფანტომური კვება). თუკი ჩვენი ამოცანა დასატყამის, სრული ბენდის ან ორკესტრის  ჩაწერაა, მაშინ 16 არხიც შესაძლოა არ გვეყოს.

აქვე გასათვალისწინებელია ერთდროულად რამდენი მონიტორის დაკავშირება გვსურს ინტერფეისთან. ბევრ მათგანს მხოლოდ 1 სტერეო გამომავალი ხაზი აქვს და მასზე მხოლოდ 1 წყილი მონიტორის დაერთების საშუალება იქნება. დავუშვათ ჩვენ მივდივართ ჩაწერაზე, სადაც ერთდროულად 2 ტელევიზიას უნდა მივაწოდოთ ხმა, ასეთ შემთხვევაში ჩვენს ხმის ინტერფეიის 4 და მეტი ანალოგური გამომავალი ხაზი უნდა გააჩნდეს.

ასევე, უნდა ვიცოდეთ, თუკი მომავალში დაგვჭირდება გარე ეფექტ პროცესორების დაერთება. ინტერფეისის არჩევისას უნდა ჩამოვწეროთ ყოველი შემავალი თუ გამომავალი ხაზის რაოდენობა. ასევე რა სახის კონექტორები ექნება, რათა შესაბამისი კაბელები მოვარგოთ. არსებობს ისეთი სისტემებიც, რომლებიც “აფგრეიდის” საშუალებას იძლევიან. მაგალითად შევიძინეთ აპარატი 8 ანალოგური არხით, მაგრამ მომავალში დაგვჭირდა არხების გაზრდა 24 მდე ან მეტად, ასეთ დროს მარტივად შეიძლება იგივე აპარატის შეძენა და ჯაჭვურად ჩართვა ან მასში დაფის ჩამატებით არხების რაოდების გაზრდა. მსგავსი რამ შეუძლებელია USB ან Thunderbolt პროტოკოლის შემთხვევაში (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ADAT ფუნქცია გააჩნია აპარატს). მსგავსი რამ ქსელური ტიპის ინტერფეისების პრეროგატივაა.    

4. ხმის ხარისხი

ლოგიკური იქნება ვიფიქროთ, რომ რაც უფრო ძვირფასია აპარატი, მით უკეთესია მისი ხარისხი. თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორად გამოყენების შემთხვევაში შედარებით მცირებიუჯეტიანი აპარატითაც შესაძლებელია კარგი ხარისხის მიღება. ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია წინაგამაძლიერებლებზე, ე.წ. “პრეამპებზე”.  რაც უფრო მაღალი ხარისხის პრეამპი უყენია ინტერფეისს, მით უფრო დიდია შანსი იმისა, რომ მაღალი ხარისხის ჩანაწერი გამოვიდეს.  აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კარგი ხარისხს მხოლოდ ინტერფეისი ვერ მოგვცემს. აუცილებელია კარგი მიკროფონები, ინსტრუმენტები, პროფესიონალი შემსრულებლები და კარგი აკუსტიკური გარემო.

5. დამატებითი I/O (შემავალი და გამომავლი ხაზები)

ინტერფეისის შეძენამდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ დაგვჭირდება თუ არა ისეთი პროტოკოლის გამოყენება როგორიცაა MIDI, AES, ADAT და ა.შ.

6. ინტეგრირებული ეფექტ-პროფესორი (DSP)

ზოგიერთი მწარმოებელი მომხმარებელს ინტეგრირებულ ეფექტებს სთავაზობს. რა თქმა უნდა, ეს დამატებითი ბონუსი ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი არის ამის საჭიროება.

7. ფასი

სწორედ ზემოდ ჩამოთვლილი პუნქტები განაპირობებს რამდენად ძვირი შეიძლება დაგიჯდეთ თქვენი ინტერფეისი. ცხადია, არსებობს კლასობრივი განსხვავება ინტერფეისებს შორის. მაგალითად არის ისეთი 2 არხიანი ინტერფეისები, რომელთა ფასი გაცილებით აღემატება 16 არხიან ჩამწერებს. ჩემი რჩევა იქნება, ნუ დაწევთ ნიშნულს ძალიან დაბლა და თუკი დიდ სხვაობაზე არ იქნება საუბარი, მოითინოთ, დაამატოთ თანხა და უკეთესი ვარიანტი შეიძინოთ. აუდიო ინტერფეისი შეიძლება 100 დოლარიც ღირდეს და 10 000 იც. ნურავინ იფიქრებს, რო, 100 დოლარიანი ან თუნდაც 500 დოლარიანი ინტერფეისი სრულყოფილად შეასრულებს იმ საქმეს, რასაც მაღალი კლასის ძვირადღირებული აპარატს ძალუძს.

8. გამძლეობა

არსებობენ ინტერფეისები, რომელთა ფასი არც თუ ისე დაბალია, მაგრამ საკმარისია აქტიურად გამოვიყენოთ რაღაც პერიოდი, რომ მის ღილაკებს რაღაც ფხიკინი ემართებათ. მათი დრაივერები თუ სხვა სახის პროგრამული უზრუნველყოფა განახლებას აღარ ექვემდებარება და საბოლოო ჯამში გვიბიძგებს, რომ გავყიდოთ და ახალი შევიძინოთ. სამწუხაროდ ასეთი აპარატებიც არსებობს. იმ ფონზე, როდესაც ჩვენს ქვეყანაში სულ ორიოდე მაღაზიაა, სადაც შესაძლებელია მსგავსი აპარატურის ყიდვა და იქაც შეუძლებელია შეძენამდე ტესტირება, ძალიან ძნელია გამძლე და ხარისხიანი პროდუქტის  შერჩევა. ასეთ დროს ყოველთვის ქმედითია მომხმარებლის აზრის წაკითხვა. ინტერნეტში უამრავი მასალაა აპარატურის შესახებ. მათი მომხმარებლები ხშირად წერენ რა სახის პრობლემები ექმნებათ, ღირს თუ არა კონკრეტული მოდელის შეძენა და ა.შ.

საკმაოდ მნიშვნელოვანია ამ დროს იმის გათვალისწინება, თუ რა გარემოში მოუწევს აპარატს მუშაობა. პორტატულ სტუდიას განსაკუთრებით გამძლე აპარატი ესაჭიროება, რადგან მას გამუდმებით ათრევენ წინ და უკან…

9.  მწარმოებლისა და მომხმარებლის ურთიერთობა (ე.წ. “ქასთომერ სერვისი”)

ძალიან მნიშვნელოვანია აპარატურის შეძენა ისეთი კომპანიებისგან, ვისაც ფეხებზე არ ჰკიდია მისი მომხმარებელი. სწრაფად რეაგირებს, როდესაც ვინმეს დახმარება ესაჭიროება, ან საგარანტიო მომსახურებაა მოსაგვარებელი .ხშირად მინახავს სხვადასხვა ფორუმებზე, როგორ ცდილობენ მწარმოებელთან დაკავშირებას გამწარებული მომხმარებლები და თვეობით ელიან პასუხს. ხშირია შემთხვევა, როდესაც ყველაზე სახელოვანი კომპანიები უფრო მცირე დროს უთმობენ თავიანთ მომხმარებლებს, ვიდრე მცირე ზომის საწარმოები, რომლებიც სახელით იცნობენ ყოველ კლიენტს.

დასკვნა

აუდიო ინტერფეისის შეძენა ინდივიდიალურ მიდგომას საჭიროებს. ყველაფერი დამოკიდებულია პირველ რიგში მიზანზე და ამოცანაზე და, რა თქმა უნდა ბიუჯეტზე.

წარმატებულ ჩაწერებს გისურვებთ!

 

დავით ხოსიტაშვილი

16.06.19

წამოგვყევით ფეისბუქზე