საავტორო სტუდია

აკუსტიკური გიტარის ჩაწერისა და გახმოვანების პრობლემატიკა და მეთოდები

d_img

  • როგორ ჩავწეროთ და გავახმოვანოთ აკუსტიკური გიტარა?
  • რა სახის მოწყობილობები თუ მიკროფონებია საჭირო სასურველი ხარისხის მისაღებად?
  • რომელი მოდელი უნდა ავარჩიოთ ჩვენი ინსტრუმენტის გასახმოვანებლად?
  • რამდენი მიკროფონით უნდა ჩავწეროთ აკუსტიკური გიტარა?

ამ და სხვა მრავალ კითხვას ვუპასუხებთ წინამდებარე სტატიაში, მაგრამ სანამ კონკრეტულ მეთოდებსა და აპარატურის განხილვაზე გადავიდოდეთ, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ რამდენიმე საკვანძო საკითხი, რაც სრულად განაპირობებს ჩვენს მიერ ჩაწერილი თუ გახმოვანებული ინსტრუმენტის ბგერის ხარისხს.
უპირველეს ყოვლისა, უნდა განვასხვაოთ თავად აკუსტიკური გიტარის ვერსიები – ნეილონის სიმებიანი(კლასიკური გიტარა) და ლითონის სიმებიანი გიტარა.
არსებობს აკუსტიკური და ნახევრად აკუსტიკური გიტარების სხვა სახეობებიც, მაგრამ ამჯერად ჩვენ მხოლოდ კლასიკურ და ლითონის სიმებიან ე.წ. ვესტერნ გიტარაზე შევაჩერებთ ჩვენს ყურადღებას.
მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ორივე ინსტრუმენტი მსგავსია ერთმანეთისა, მათ შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა. განსხვავდება ამ ინსტრუმენტებზე შესრულების მეთოდებიც, რაც ასევე მოქმედებს ჩასაწერი მოწყობილობების შერჩევაზე.
უმთავრესი ამოცანა რომელიც უნდა დავისახოთ აკუსტიკური ინსტუმენტების ჩაწერისა თუ გახმოვანების დროს არის მისი აკუსტიკური თვისებების გათვალისწინება. ამ ინსტრუმენტების ჩაწერა გახმოვანებისთვის არაერთი მეთოდი არსებობს, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივია. ეს განპირობებულია თავად გიტარის აკუსტიკური მონაცემებით, აქვს თუ არა ინტეგრირებული გასახმოვანებელი სისტემა, რამდენად ძლიერი აკუსტიკური ჟღერადობა გააჩნია და ა.შ.

აკუსტიკური გიტარის ნატურალური ჟღერადობის მიღება ხარისხიანი მიკროფონის (1 ან მეტი) საშუალებით არის შესაძლებელი. ჩაწერისას ეს საკმარისია და მისაღები, მაგრამ გახმოვანებისას არსებობს ე.წ. “ფიდბეკის” პრობლემა, რის გამოც გამოსავალის ძიება სხვადასხვა სახის კონტაქტურ “პიკაპებში” გვიწევს. მათი ჟღერადობა, მიუხედავად ხარისხისა, სრულად ვერ გამოხატავს აკუსტიკური ინსტრუმენტის მდიდარ ჟღერადობას და ობერტონებს. აკუსტიკური გიტარის კორპუსი მთლიანად ვიბრირებს და ამ ვიბრაციის გადმოცემა პიკაპის შესაძლებლობებს აღემატება, თუმცა, ასეთ დროს შესაძლებელია მიკროფონისა და კონტაქტური პიკაპის კომბინაცია, რაც იდეალური იქნებოდა, მაგრამ ეს საგრძნობლად ზრდის აღჭურვილობის ღირებულებას.

დღეისათვის ჩვენ მრავლად გვხვდება აკუსტიკური გიტარები ინტეგრირებული გასახმოვანებელი სისტემით. როგორც წესი, საგანგებო “პიეზო ელემენტი” ჯორაკის ქვეშ აყენია, საიდანაც სიგნალი მიეწოდება ჯერ ინტეგრირებულ მცირე ზომის წინა გამაძლიერებელს, ხოლო შემდეგ გარდაქმნილი აუდიო სიგნალი ¼ “ჯეკის” (იშვიათად კი XLR (“ქენონის”) საშუალებით გადაეცემა გარე გასახმოვანებელ თუ ჩამწერ სისტემას.
აკუსტიკური გიტარა ერთიანი, შეკრული ორგანიზმია. მას რეზონატორების რთული სტრუქტურა გააჩნია და ყოველი მისი დეტალი ძალიან დიდი ხნის დაკვირვების, ექსპერიმენტებისა და კვლევისა შემდგომ არის მიღებული. ნებისმიერი სხვა გარე დეტალი, რომელიც ჩაიხრახნება თუ მიეწებება ინსტრუმენტს, აუცილებლად იმოქმედებს აკუსტიკურ ჟღერადობაზე.

მოდით ჩამოვთვალოთ რამდენი სახის მოწყობილობა არსებობს აკუსტიკური გიტარის ჩაწერა/გახმოვანებისათვის:

DV020_Jpg_Jumbo_580353_pickup_in_soundhole1. მაგნიტური ტიპის გიტარის ხმის რეზონატორში (ამოჭრილ რკალში) ჩასაყენებელი “პიკაპი”. ამ სახის მოწყობილობა ყველაზე იოლად შეიძლება მოვარგოთ ინსტრუმენტს. დასაყენებლად არ საჭიროებს საგანგებო ოსტატს, მისი დამონტაჟება მარტივია და აკუსტიკურ ჟღერადობასაც შედარებით კარგად იღებს. ამგვარი მოწყობილობა მხოლოდ ლითონის სიმებიანი ინსტრუმენტის გასახმოვანებლად გამოიყენება. “პიკაპის” შედარებით ცნობილი მწარმოებლები Seymour Duncan, Dean Markley, DiMarzio, Fishman, LR Baggs და სხვანი ამგვარ მოწყობილობებს სხვადასხვა ფასად გვთავაზობენ – დაწყებული 20 ა.შ.შ. დოლარიდან 200 დოლარამდე, ხანდახან კი უფრო ძვირადაც. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ეს “პიკაპი” პასიურია* და საჭიროებს გაძლიერებას. თუკი ჩვენ პირდაპირ პულტში ან ჩამწერ მოწყობილობაში შევაერთებთ მას, აუდიო სიგნალი იქნება სუსტი, ჩვენ ვერ შევძლებთ სიხშირეების შეცვლას საგანგებო ეკვალაიზერის გარეშე და ვერ დავარეგულირებთ ხმის სიმაღლესაც. ერთი სიტყვით, “პიკაპთან” ერთად დაგვჭირდება წინა გამაძლიერებლის ან “კომბის” შეძენა.

fishman

2. მეორე შედარებით პოპულარული “პიკაპი” ჯორაკის ქვეშ ჩამონტაჟებული “პიეზო ელემენტია”. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უკვე არსებობს ინსტრუმენტები, სადაც ქარხნულად არის ჩამონტაჟებული ამგვარი სისტემა, მაგრამ შესაძლებელია ამ “პიკაპის” ჩამონტაჟება სრულად აკუსტიკურ ინსტრუმენტებშიც. დამოუკიდებლად ამის გაკეთება ძალზე რთულია და აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის ჩარევას. ასეთ “პიკაპებს”  შედარებით ნაკლებად აშინებთ “ფიდბეკი” და ამიტომ კონცერტებზე მათ ყველაზე ხშირად იყენებენ. თუმცა, მათი ჟღერადობა ჩამოუვარდება მიკროფონით გახმოვანებული ინსტრუმენტის ჟღერადობას. ამგვარი პიკაპები არის როგორც პასიური (მხოლოდ “პიეზო ელემენტი”) და აქტიური (წინა გამაძლიერებლით). შედარებით ყველაზე ცნობილი მწარმოებელი Fishman ამგვარ აღჭურვილობას დაახლოებით 100-250 ა.შ.შ. დოლარის ფარგლებში გვთავაზობს. ცხადია, არსებობს უფრო ძვირადღირებული “პიკაპებიც”, თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ამგვარი პიკაპის ხარისხი არ განაპირობებს ინსტრუმენტის აკუსტიკური ჟღერადობის ხარისხს. ის კვლავაც მხოლოდ სიმების რხევას გადმოგვცემს და არ ძალულძს ინსტრუმენტის კორპუსის ვიბრაცია და აკუსტიკური თვისებები გააჟღეროს.  (არსებობს ამ სახის “პიკაპები”, რომლებსაც “პიეზო ელემენტის” გარდა დამატებით მიკროფონი აქვთ მიერთებული. ასეთი “პიკაპი” გაცილებით უკეთ იღებს ნატურალუ აკუსტიკურ  ხმოვანებას)

Piezoelectric_pickup1

3. აკუსტიკური გიტარის გახმოვანებისას კონტაქტური მინიატურული მისაწებებელი “პიეზო ელემენტიც” გამოიყენება. მისი მიმაგრება ხდება საგანგებო პლასტელინის მსგავსი ნივთიერებით, რომ მინიმუმამდე დავიდეს ინსტრუმენტის დეკის დაზიანება (არსებობს საგანგებო სამაგრიანი ვერსიებიც). ყოველი აკუსტიკური ინსტრუმენტის კორპუსზე არის იმგვარი ადგილი, საიდანაც შედარებით დაბალანსებული ხმა შეიძლება მივიღოთ. შედარებით ოპტიმალური ადგილი შესაძლებელია დეკის ქვედა მარჯვენა მხარე იყოს. ამგვარი სისტემის “პიეზო ელემენტები” შედარებით იაფი ღირს, არც განსაკუთრებული ხმოვანებით გამოირჩევა და მუსიკოსებიც შედარებით იშვიათად მიმართავენ გახმოვანების ამ მეთოდს.

phase05stereoguitmic_l

4. როგორც უკვე აღვნიშნე, აკუსტიკური გიტარის გახმოვანებისა და ჩაწერის ყველაზე სასურველი და ხარისხიანი მეთოდი მიკროფონია. მიკროფონ(ებ)ი აუცილებლად უნდა იყოს კონდენსატორული. სასურველია ჰიპერკარდიოიდული, ანუ მაქსიმალურად მიმართული, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი “ფიდბეკის” პრობლემა. საკმაოდ ხშირად, ჩაწერისთვის მიკროფონის წყვილი გამოიყენება, უკეთესი სტერეო სივრცის მისაღებად. მრავალი მწარმოებელი გვთავაზობს სპეციალურ ინსტრუმენტალურ მიკროფონებს, რომლების სხვადასხვა სახის აკუსტიკური ინსტრუმენტების გასახმოვანებლად და ჩასაწერად გამოიყენება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია DPA D:vote 4099G.

dvote

 ეს მიკროფონი აწყობილია სპეციალურად აკუსტიკური გიტარის გასახმოვანებლად. ის შექმნილია “ფიდბეკის” პრობლემის გათვალისწინებით, სპეციალური სამაგრი კი, რომლითაც შესაძლებელია მიკროფონის გიტარის კორპუსზე მიმაგრება, გაცილებით აიოლებს მის გამოყენებას. თუ გავითვალისწინება იმ ფაქტს, რომ ხარისხიანი მიკროფონები ძალიან ძვირი ღირს, DPA 4099G ს საფასური არც თუ ისე მაღალია – 599$.

აკუსტიკური გიტარის აუდიო სიგნალის გაძლიერება, ეკვალიზაცია და დინამიური დამუშავება.
წინა გამაძლიერებელი (Pre amp)
აკუსტიკური გიტარის ნებისმიერ სახის “პიკაპს”, “პიეზოს” თუ მიკროფონს, აუცილებლად ესაჭიროება წინა გამაძლიერებელი. მრავალ ინსტრუმენტს ქარხნულად აქვს ჩამონტაჟებული ამგვარი მოწყობილობა. ეს არის მცირე ზომის აპარატი, რომელიც ინსტრუმენტის კორპუსშია ჩამონტაჟებული და გააჩნია როგორც ხმის რეგულატორი, ასევე ეკვალაიზერი და სხვა საჭირო ფუნქციები (“ტუნერი”, ეფექტების ბლოკი, სხვადასხვა სახის ფილტრები და ა.შ.) ასეთი ინსტრუმენტი შესაძლებელია პირდაპირ პულტშიც შევაერთოდ და სასურველი ჟღერადობაც მივიღოთ, მაგრამ არის ინსტრუმენტები, რომლებსაც ამგვარი მოწყობილობა არ გააჩნიათ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია გარე, დამოუკიდებელი წინაგამაძლიერებლის მიერთება. რიგ შემთხვევებში ამგვარ ფუნქციას საგანგებო ეფექტ-პროცესორი ითავსებს, მაგრამ გაცილებით უკეთესი ხარისხის მიღება არის შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუკი წინა გამაძლიერებელი გაიმიჯნება ეფექტ პროცესორისგან. (გარე წინაგამაძლიერებელი შეიძლება იყოს როგორც პედლის, ასევე რეკში ჩასამონტაჟებელი სტანდარტული ზომის) თუკი მიკროფონებით გადავწყვეტთ ჩაწერა/გახმოვანებას, მაშინ მიკროფონებს აუცილებლად დასჭირდებათ 48 ვოლტიანი ფანტომური კვება. ასეთ შემთხვევაში 2 არხიანი მიკროფონის წინაგამაძლიერებელიც სრულიად საკმარისი იქნება რათა მივიღოთ აუდიო სიგნალი. წინაგამაძლიერებლების არჩევანი მეტად დიდია. მათი ფასი მერყეობს 200$ დან ზევით (ძვირადღირებული წინაგამაძლიერებელი შეიძლება 4000 ან 5000 დოლარიც ღირდეს), ხარისხის შესაბამისად. avalon
აკუსტიკური გიტარის გახმოვანებისას საკმაოდ ხშირად გამოიყენება DI Box. ეს მოწყობილობა განკუთვნილია იმისთვის, რომ აკუსტიკური გიტარის არაბალანსირებული სიგნალი გარდაიქმნას ბალანსირებულად და ასევე თავიდან ავიცილოთ დამიწების პრობლემა (ელექტრონული ფონი, ხმაური და ა.შ.). ასეთი აპარატი გვაძლევს საშუალებას გიტარა პირდაპირ ხმის პულტში შევაერთოთ (სპეციალური წინაგამაძლიერებლის გარეშეც)

ეკვალაიზერი
აკუსტიკური ინსტრუმენტის გახმოვანება ეკვალაიზერის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. ისევ და ისევ, თუკი ჩვენს ინსტრუმენტს არ გააჩნია ინტეგრირებული ეკლვალაიზერი, აუცილებელი იქნება გარე აპარატის მიერთება. ცხადია, შესაძლებელია ეს ეკვალაიზერი კომპიუტერული “ფლაგინიც” იყოს, თუმცა უკეთესი შედეგისთვის სასურველია სპეციალური ანალოგური აპარატის გამოყენება. ეკვალაიზერის პარამეტრების შერჩევისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ შესასრულებელი ნაწარმოების სტილი და ფუნქცია არანჟირების დროს. არპეჯიო სხვაგვარ პარამეტრებს მოითხოვს, მედიატორით შესრულებული მუსიკალური პარტია კი სხვაგვარს. გასათვალისწინებელია ასევე ნეილონისა და ლითონის სიმების განსხვავებაც. საკმაოდ ხშირად აკუსტიკური გიტარის გახმოვანებისას მომეტებულად დამახასიათებელია 400-450 ჰერცის სიხშირე (შესაძლოა სხვა სიხშირეც, რაც კონკრეტული გიტარის აკუსტიკურ თვისებებზეა დამოკიდებული), რაც საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის ხოლმე. ცხადია, ეს სიხშირეები უნდა დაეწიოს ეკვალაიზერის მეშვეობით, მაგრამ არა იმდენად, რომ სინტრუმენტს დაეკარგოს სისავსე და სითბო. ეკლვალაიზერის მეშვეობით უნდა მოიძებნოს ის სიხშირე რომელიც იწვევს “ფიდბეკს” ან უბრალოდ ამახინჯებს ინსტრუმენტის ტემბრს და ჩავუწიოთ.eq
High Pass Filter – მეტად მნიშვნელოვანია ინსტრუმენტის დიაპაზონის ცოდნა, რათა იოლად იოლად შევძლოთ ტემბრის გასწორება. გადამეტებულმა დაბალმა სიხშირემ შესაძლოა გამოიწვიოს გუგუნი და ჩანაწერშიც ზედემეტი “ჭუჭყი” შევიდეს. ამისთვის მრავალ წინა გამაძლიერებელზე, პულტსა თუ ეკვალაიზერზე გვხვდება ღილაკი High Pass Filter, რომელზე დაჭერითაც ჩვენ დაბალ სიხშირეს ერთგვარ ზღვარს დავუწესებთ. ხშირ შემთხვევაში ეს ზღვარი 100 ჰერცზე გადის, ხანდახან 120 ზე ან 80 ზე. ამგვარი ღილაკით ჩვენ ავტომატურად მოვჭრით არასასურველ დაბალ სიხშირეს და ამით უკეთ გამოვკვეთავთ გიტარას სხვა ინსტრუმენტებისგან. ბას გიტარაც შედარებით უკეთ გაიჟღერებს საერთო მიქსში. თუკი გიტარა რითმულ სექციას ასრულებს, შესაძლებელია დაბალი სიხშირე კიდევ უფრო მეტად მოიჭრას და ამოიწიოს საშუალო და მაღალი სიხშირე, რაც მოგვცემს ინსტრუმენტის “წკრიალა” და ღია ჟღერადობას.

კომპრესია
გიტარა როგორც სოლო/ჰარმონიული, ასევე რითმული ინსტრუმენტია. მისი რითმული ხაზი ავსებს მთლიან მიქსს და ხშირად აქცენტურად პერკუსიასთან და დასარტყამთან ერთად საერთოდ რითმულ სტრუქტურას ქმნის. ასეთ დროს სასურველია მაქსიმალურად კონკრეტულად და თანაბრად გაჟღერდეს აქცენტირებული ადგილები. სასურველია მოვედირიდოთ როგორც გადამეტებულ კომპრესიას, ასევე ზედმეტად მომატებულ “ქვედა ზღვარს”. რაც მეტი იქნება კომპრესიის დონე, მით ნაკლებად შევძლებთ ხელით ვარეგულიროთ დინამიკა. კომპრესორის პარამეტრების შერჩევისას სასურველია აირჩეს “Slow Attack”.

gnრევერბირაცია, დილეი და სხვა სახის ეფექტები
მას შემდეგ რაც ეკვალაიზერის მეშვეობით გავასწორებთ ტემბრს და კომპრესორსას სასურველ პარამეტრებს მოვარგებთ, ჩვენი ინსტრუმენტის ჟღერადობა შეგვიძლია ეფექტებითაც გავალამაზოთ. აკუსტიკური გიტარის ეფექტების პარამეტრები განსხვავდება ელექტრო გიტარის ეფექტებისგან და მხოლოდ სპეციალურად აკუსტიკური ინსტრუმენტისთვის შექმნილი მოწყობილობები უნდა გამოვიყენოთ.
მაგალითად, როგორიცაა TC electronics G-Natural. ეს აპარატი სპეციალურად აკუსტიკური გიტარის ხმის დასამუშავებლად არის შერქმნილი. (ამგვარ პროცესორებს გარდა სხვადასხვა სახის ეფექტებისა, გააჩნიათ ეკვალაიზერიც და კომპრესორიც)

img_8851sკლასიკური გიტარა

რადიკალურად განსხვავდება კლასიკური გიტარის ეკლვალიზაცია და დინამიური დამუშავება ლითონის სიმებიანი ინსტრუმენტისგან. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ აკუსტიკური და ნატურალური ჟღერადობის შენარჩუნებას. რაც უფრო ნაკლებად ჩავრევთ ეფექტებსა და ეკვალაიზერს, მით უკეთესი იქნება ნეილონის გიტარის ჟღერადობისათვის. კლასიკური გიტარის გახმოვანება/ჩაწერის დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აკუსტიკურ სივრცეს და თავად ინსტრუმენტის აკუსტიკურ მონაცემებს.

დასასრულს, მინდა გამოვთქვა გულისტკივილი აკუსტიკური გიტარის ოსტატების არყოფნასთან დაკავშირებით. მრავალ მუსიკოსს აქვს კარგი აკუსტიკური ინსტრუმენტი და აქვს სურვილი სპეციალისტს “პიკაპი” ან “პიაზო ელემენტი” ჩაამონტაჟებინოს, მაგრამ ვერ რისკავენ ანდონ ინსტრუმენტი  პიროვნებას, რომლის კომპეტენციაშიც არ არიან დაწმუნებულნი. შეასძლოა მე ვცდები და უბრალოდ არ მაქვს სათანადო ინფორმაცია ამგვარი ოსტატების არსებობის შესახებ.  თუ ასეთი სპეციალისტები არსებობენ, მე მხოლოდ გამიხარდება. მათ შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და ჩვენი საიტის მეშვეობით მრავალი მუსიკოსი შეიტყობს მათ შესახებ.

დავით ხოსიტაშვილი

2013 წ.

—————————————–

შენიშვნები:

* პასიური “პიკაპი” (Pick Up ინგ. – მაგნიტური მოწყობილობაა, რომელიც იღებს აკუსტიკური გიტარის სიმის რხევას და გადასცემს სიგნალს გამაძლიერებელს, რის შემდეგაც ხდება აუდიო სიგნალის გაძლიერება და დინამიკის რეგულაცია. განსხვავებით აქტიური პიკაპისგან, არ გააჩნია ინდივიდუალური კვების წყარო.

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”