საავტორო სტუდია

ამბავი 16 ბიტისა

vu-meter-downsizedყველა ადამიანისთვის, ვისაც ოდნავ მაინც აქვს შეხება არა მარტო ჩამწერ, არამედ ნებისმიერი ტიპის აპარატურასთან, კარგად არიც ცნობილი, რომ აპარატურა მუდმივად პროგრესირებს. ოდესღაც მელომანები მუსიკას მოხრიალე პატეფონიდან ისმენდნენ, დღეს ბოლო ტექნოლოგიის “Hi End” სისტემებში აჟღერებენ. რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც არ აღიარებენ ციფრული ტექნოლოგიის მიღწევებს და ისევ იმ ძველ, მოხრიალე, მოშიშინე, მაგრამ “თბილ” “ვინილისა” თუ “ბაბინის” საკრავებს ანიჭებენ უპირატესობას. ეს გასაგებია და მისაღები, მაგრამ ცოტა გაუგებარია იმგვარი ხალხის დამოკიდებულება ტექნოლოგიური მიღწევების მიმართ, ვინც აუდიო ინჟინერის პროფესიითაა დასაქმებული ტელევიზიაში და, წესით, უნდა უხაროდეს ტექნოლოგიური მიღწევების. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ მცირე ხნის წინ საკმაოდ უცნაურ ფაქტს წავაწყდი:

სამწუხაროდ, ჩვენს ტელევიზიებს არ გააჩნიათ საკმარისი რესურსი, რათა კლასიკური მუსიკის მაღალკვალიფიციური ჩაწერა განახორციელონ და ამის გასაკეთებლად კონცერტების ორგანიზატორები “საავტორო სტუდიის” მომსახურებას მიმართავენ. ამის გამო საკმაოდ ხშირად მიწევს ურთიერთობა ტელეკომპანიების ხმის რეჟისორებთან, რომლებიც “იბარებენ” მიღებულ ჩანაწერს და მემონტაჟეებს აწვდიან. ჩვენს ტელევიზიებში 24 ბიტიან და 48 კილოჰერციან ფორმატს მოიხმარენ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგი ტელევიზია ჯერაც მონო ფორმატში მაუწყებლობს, ზემოხსენებული ფორმატი მაინც ერთგვარ კლიშეს წარმოადგენს.

სანამ გავაგრძელებდე ჩემს თხრობას, მინდა ორიოდე სიტყვა 16 ბიტიან, 24 და უფრო მაღალ დისკრეტიზაციაზე ვთქვა. მართალია, 24 ბიტიანი ჩანაწერი თითქმის 50% ით მეტი მოცულობისაა, მაგრამ მისი დინამიური დიაპაზონი 256 ჯერ მეტია, ვიდრე 16 ბიტიანი ჩანაწერისა. ვფიქრობ უკვე საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ ჩვენი ჩანაწერები 24 ან უფრო მეტი დისკრეტიზაციით ჩავწეროთ. თუკი შემავალი სიგნალის დონე საშუალოდ მინუს 18 DBFS იქნება, ჩანაწერი იჟღერებს “მსუყედ” და “სავსედ”. მოდით ცოტათი მეტად ჩავურმავდეთ საკითხს: ციფრული აუდიო სიგნალის ყოველი ბიტი 6dB ს უდრის, გამომდინარე აქედან, 16 ბიტიანი სიგნალის დინამიური დიაპაზონი 96 dB იქნება. 24 ბიტიანი აუდიო სიგნალის დინამიური დიაპაზონი – 144 dB. ჩვენთვის ცნობილია, რომ თეორიულად სიგნალ/ხმაურის მაქსიმალური შეფარდება ანალოგურ სისტემებში 130 dBს უდრის. ცხადად ჩანს, რომ ეს გაცილებით ნაკლებია, ვიდრე 24 ბიტიანი აუდიოს დინამიური დიაპაზონი. პრაქტიკულად საუკეთესო  AD კონვერტერები ძნელად თუ აღწევენ 120 დეციბელიან ზღვარს, 144 dB ზე ხომ საუბარიც ზედმეტია. რამდენი dB გვექნება, თუკი ჩვენ ჩანაწერს მინუს 18 DBFS დონეზე ჩავწერთ? 24 ბიტს მინუს 3 (როგორც ვთქვით თითო ბიტი 6 dB ს უდრის), ანუ ჩვენ გვრჩება 21 ბიტი. რამხელა იქნება დინამიური დიაპაზონი 21 ბიტის შემთხვევაში? – 126 dB. თანამედროვე კონვერტერის შესაძლებლობა დაახლოებით 120 dB ია. ანუ, უფრო ნაკლები, ვიდრე 20 ბიტი. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, თუკი ჩვენ ჩანაწერს 24 ბიტით და მინუს 18 DBFS განვახორციელებთ, მინიმუმ 1 ბიტი კიდევ დაგვრჩება მარაგში. ერთი სიტყვით, ყველაზე გაუთვითცნობიერებული ადამიანიც კი მარტივად მიხვდება, რომ დღეს 16 ბიტიან ჩანაწერის დრო წავიდა და არა თუ 24 ბიტიანი რეზოლუციით, არამედ 32 ითაც კი ხდება ჩაწერა. ეს ტექნოლოგია იძლევა საშუალებას მივიღოთ იმვარი დინამიური დიაპაზონის ჟღერადობა, რომელსაც ვერასოდეს მივიღებდით 16 ბიტიანი აუდიოს ჩაწერის შემთხვევაში. არაპროფესიონალური ენით, უხეშად რომ ვთქვათ ამგვარი ჩანაწერი იქნება უფრო ხმამაღალი, მსუყე, სავსე და უფრო ნეკლებად დაექვემდებარება გადატვირთვას, თან ამავე დროს სისტემის ხმაურის დონე იქნება ძალიან დაბალი. თავად გაიხსენეთ რა მოსდის სიგნალს, როდესაც ვცდილობთ ავუწიოთ ხმას – იმატებს არა მარტო ხმის დონე, არამედ სისტემური ხმაურიც. მაღალი დისკრედიტაცია ხმაურის მინიმალური დონით მაქსიმალური ჟღერადობის მიღების საშუალებას იძლევა. ცხადია, ერთ რამ არ უნდა დაგვავიწყდეს, თუკი რომელიმე აპარატს არ აქვს შესაძლებლობა აღიქვას მაღალი დისკრეტიზაციის აუდიო ფორმატი, შესაძლოა პირიქით ცუდიც კი იყოს მისი ასეთ ფორმაში გაშვება. იმისთვის რომ ეს ავირიდოთ არსებობს Dither. თუმცა, ჩაწერა მაინც მაღალი რეზოლუციით უნდა მოხდეს, თუკი გვინდა დიდი დინამიური დიაპაზონის ქონა. შემდეგ კი შესაძლებელია სასურველ ფორმატში გადაყვანა. (შესაძლოა Dithering ს მოგვიანებით ცალკე თემაც დავუთმოთ)…

ხოდა, რატომ მოვყევი ეს ყველაფერი… მინდა დავუბრუნდე ჩემს თხრობას… ერთ-ერთი ჩაწერის დროს გადმომცეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ხმის რეჟისორის (მო)თხოვნა, ჩანაწერი 16 ბიტში განმეხორციელებინა. ალბათ შორს წაგვიყვანს საუბარი იმაზე, რაც ხდება სხვადასხვა არხების სატელევიზიო ეთერებში. მითუმეტეს, რომ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი (ხმის პრობლემა ქართულ ტელეარხებზე). ყოველივე ამის ფონზე, მსგავსი მოთხოვნა ჩემთვის ამოუცნობ გამოცანად რჩება.

P.S.

რა თქმა უნდა, იმ ხმის რეჟისორმა მიიღო 16 ბიტიანი ჩანაწერი. ოღონდ ამ ჩანაწერის ორიგინალი 32 ბიტიანი დისკრეტიზაციითაა ჩაწერილი  🙂

დავით ხოსიტაშვილი

2015 წელი

წამოგვყევით ფეისბუქზე
პუბლიკაციების გამოწერა

“სტუმარი”